Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა პანკისის პრობლემატიკის და ნატოს სწავლების შესახებ


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი პანკისის პრობლემატიკა, ნატოს სწავლება საქართველოში, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სტამბოლის სამიტი. - გესაუბრებით ამ საკითხების გარშემო წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილების შესახებ.



27 ივნისის “ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისმა უმალ მოახდინა რეაგირება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სიტყვებზე, რომელიც მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა: “რუსეთის დახმარების გარეშე საქართველო ვერ შეძლებს პანკისის პრობლემის გადაწყვეტასო.”
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც სტამბოლში, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, იმყოფებოდა, განაცხადა, რომ “დეტალურად შეისწავლის რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას, თუმცა ახლავე შეუძლია იმის თქმა, რომ ამ უკანასკნელის არაერთი გამონათქვამი საინტერესო და საყურადღებოა ქართული მხარისთვის”.

საქართველოს პარლამენტის წევრის, პოლიტიკური მოძრაობა “ერთობის” ლიდერის ჯუმბერ პატიაშვილის აზრით, პანკისის ხეობაში სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივი მოქმედებით არის შესაძლებელი. სრულიად საწინააღმდეგო აზრისაა საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ავთანდილ იოსელიანი, რომელმაც “ნეზავისიმაია გაზეტას” განუცხადა, რომ “პანკისში ნებისმიერი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის და, მით უმეტეს, ჯარის გამოყენება ფართომასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხეს უქმნის რეგიონს და, შესაძლოა, ამან საქართველო “მეორე ჩეჩნეთად” აქციოს. მეტიც, იოსელიანის თქმით, მოსკოვის მიერ შემოთავაზებული სცენარის რეალიზება მთელი ისლამური სამყაროს სამიზნედ აქცევს საქართველოს”.

28 ივნისის გაზეთ “ვრემია მნ-ის” წერილი ეძღვნება სამხედრო სწავლებას, რომელიც ნატოს ეგიდით გაიმართა საქართველოში. ერთ-ერთმა ექსპერტმა, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის გამჟღავნება, გაზეთს განუცხადა, რომ “ამჟამინდელ სწავლებას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სამხედრო თვალსაზრისით”. მისი აზრით, საქართველოს მონაწილეობა ნატოს პროგრამაში, საზოგადოდ, მხოლოდ პოლიტიკურ და დემონსტრაციულ ხასიათს ატარებს, სინამდვილეში კი, როგორც ექსპერტი ამბობს, “საქართველოს დიდად არ აწუხებს საკუთარი შეიარაღებული ძალების პროფესიული მომზადება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამა კი მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით იზიდავს”.

“ვრემია მნ-ის” თქმით, “აშშ და ნატოს სხვა წევრები ხომ საკმაოდ დიდ თანხებს გამოყოფენ საქართველოს სამხედრო ბაზების რეკონსტრუქციისათვის, გადაადგილების საშუალებათა შეძენისათვის, არმიის აღჭურვილობისათვის და ა.შ. ძალიან ხშირად ყოველივე ამას შავ ბაზარზე ყიდიან, ჯარისკაცები კი კვლავინდებურად ჩაუცმელები და მშიერ-მწყურვალნი არიან”.

გაზეთი წერს, რომ “ექსპერტმა გაიხსენა 1993 წლის მოვლენები, როდესაც, ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღების გაყოფის შედეგად, საქართველოს გადაეცა ჯავშანტექნიკის ასობით ერთეული და ათასობით სასროლი იარაღი, რომელიც შემდგომ დაიტაცეს ან მესამე ქვეყნებს მიჰყიდეს”.

27 ივნისის გაზეთი “ვრემია ნოვოსტეი” საუბრობს იმ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ სტამბოლის სამიტთან დაკავშირებით. ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა წინადადებით, - წერს გაზეთი, - რომ საქართველოში შეიქმნას გარემოს უსაფრთხოების ცენტრი. “ამ ცენტრმა უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა შავი ზღვის აუზის სატრანსპორტო, ეკონომიკური და ბუნებრივი რესურსების ასათვისებლად, აგრეთვე, დააწესოს მონიტორინგი უნიკალური კულტურულ-ეკოლოგიური არეალის შენარჩუნების მიზნით”.

გაზეთის აზრით, ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ ეკოლოგიურ წინადადებაში მოჩანს სუამის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის სურვილი, რომ ახალი ინსტრუმენტი მიიღონ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად. საქმე ის არის, რომ, როგორც სამიტზე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, ამა წლის მესამე კვარტალში უნდა დაიწყოს “ცისფერი ნაკადის” პროექტის განხორციელება. ამდენად, რუსეთის გაზის ტრანზიტი თურქეთში, სულ ცოტა, ორი წლით უსწრებს ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტის ამოქმედებას. ეს კი, გაზეთის თქმით, “საქართველოსა და მისი პარტნიორებისათვის იგივეა, რაც წითელი ჩვარი ხარისთვის”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა “ვრემია ნოვოსტეის” უთხრა, რომ “თბილისი დაჟინებით მოითხოვს “ცისფერი ნაკადის” პროექტის გულმოდგინე ეკოლოგიურ ექსპერტიზას უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით”. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანატოლი ზლენკოს კი, საერთოდ, ეჭვი შეაქვს რუსეთის პროექტის მიზანშეწონილობაში. მისი თქმით, “სხვა პროექტებიც არსებობს, ასე რომ, “ცისფერმა ნაკადმა” შეიძლება გაზის გადაჭარბებით მიწოდების პრობლემები წარმოშვას და ხელი შეუშალოს ტრანსპორტირების ახალი გზების ძიებას”.
XS
SM
MD
LG