Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანული დახმარება საქართველოს მესაზღვრეებს


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს ორკვირიანი ვიზიტით ეწვია გერმანიის სასაზღვრო უწყების ექსპერტთა შვიდკაციანი ჯგუფი. ქართველ მესაზღვრეებთან მათი თანამშრომლობა მოიცავს საზღვრის დაცვის სფეროში

მრავალმხრივ მონიტორინგს - დაწყებული იურიდიული და საკანონმდებლო ბაზის გაცნობით, დამთავრებული საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და სანაპირო დაცვის პრობლემების შესწავლით. მონიტორინგის შედეგებს გერმანელი სპეციალისტები გამოიყენებენ ქართველი კოლეგებისათვის რეკომენდაციებისა და დახმარების გაწევისას, რისი მიზანიც სასაზღვრო სამსახურის რეფორმირება, მისი ევროპული სტანდარტებით გარდაქმნაა. ევროპული სტანდარტი კი იმას ნიშნავს, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი სამხედრო უწყებიდან სამართალდამცავ სამსახურად უნდა ჩამოყალიბდეს. მოუსმინეთ დავით პაიჭაძეს.

სამხედრო სტრუქტურიდან სამართალდამცავ სტრუქტურად ქცევა სასაზღვრო უწყების ძირითად ამოცანად მიაჩნია გენერალ დავით გულუას, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობს ამ ქვეყნის სასაზღვრო ძალების უფროსი, ველანდ მოძინსკი, დელეგაციაში არიან გერმანიის სასაზღვრო ძალების დირექტორი, ექსპერტები იურიდიულ-სამართლებრივ, სწავლებისა და მომზადების, საორგანიზაციო და ინფორმაციის, სისხლის სამართლებრივ და საზღვაო-სასაზღვრო საკითხებში, რომლებიც, ამავე დროს, გერმანიის სასაზღვრო უწყების მაღალ თანამდებობათა პირებს წარმოადგენენ. მათი რეგალიების ჩამონათვალი თავისთავად უთითებს, რა სფეროებში მოელის დახმარებას საქართველოს სასაზღვრო უწყება. დავით გულუას თქმით [გულუას ხმა], “ისინი ჩამოვიდნენ, რათა ჩვენს თანამშრომლებთან ერთად დასხდნენ და ყველა მიმართულებით შეიმუშაონ შესაბამისი რეკომენდაციები, რის შემდეგაც დაიდება ერთიანი დოკუმენტი: საქართველოს სასაზღვრო უწყების რეფორმის გზები და მიმართულებები”.

დავით გულუა აღნიშნავს, რომ რეფორმას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებათა მთელი პაკეტი და ღრმა სტრუქტურული ცვლილებები. ევროპის თანამეგობრობას შემუშავებული აქვს საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო უწყებათა მოწყობა-მოქმედების სტანდარტები, რომელთა გაზიარება სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის, თუ ის ევროპაში ინტეგრაციას ესწრაფის. [გულუას ხმა]:

“ჩვენ გვაქვს საერთაშორისო გამსვლელი პუნქტები, გვინდა თუ არა – ვართ სატრანზიტო ქვეყანა და ჩვენს წინაშე დადგა ახალი ამოცანა: რაც შეიძლება, გავუადვილოთ გადაადგილება მგზავრს და ტვირთს. ამას კი მოჰყვება საკონტინენტთაშორისო დანაშაული, მოდის ნარკობიზნესი, უკანონო მიგრაცია... ამ ყველაფერს აღკვეთა სჭირდება, ძალოვანი სტრუქტურა კი საამისოდ მოუქნელია. უშიშროებასა და ზოგჯერ თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული სასაზღვრო უწყება ამ საკითხების გადამწყვეტი არ არის. ცხადია, ეს არ გამორიცხავს სწრაფი რეაგირების დანაყოფების არსებობას, ჩვენი და ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივ სამოქმედო გეგმებს კრიზისული სიტუაციების სამართავად. ახლა მიმდინარე წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა სწორედ კრიზისულ სიტუაციებზე ერთობლივ და სწორ რეაგირებას ემსახურება”.

ქართველ მესაზღვრეებთან თანამშრომლობაზე ილაპარაკა გერმანიის სასაზრვრეო ძალების უფროსმა ველანდ მოძინსკიმ, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში მზა რეცეპტებით არ ჩამოსულა [მოძინსკის ხმა]:

“ჩვენ ვაპირებთ ვნახოთ და შევისწავლოთ საკონტროლო-გამშვები პუნქტები, გავეცნოთ მათ მუშაობას, რათა გავიგოთ რა ცვლილებებს საჭიროებენ ისინი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობისას ჩვენ შევთანხმდით, რომ უპრობლემოდ ვნახავთ ყველაფერს, რისი ნახვაც გვსურს. ჩვენ არ გვაინტერესებს კარგად ორგანიზაბული საკონტროლო-გამშვები პუნქტების დათვალიერება, პირიქით, ჩვენ გვინდა სრულად გავიცნოთ ამ სისტემაში არსებული პრობლემები და დასახმარებლად, ვითარების შეცვლისათვის ერთობლივად მოვძებნოთ გამოსავალი”.

პასუხად საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ არაფრის შელამაზებას გერმანელების წინაშე არ აპირებენ [გულუას ხმა]: “ჩვენი სტუმრები მიგვყავს წითელ ხიდზე, სადახლოზე, აეროპორტსა და ბათუმში, სრულიად მოუწყობელ და შედარებით მოწყობილ პუნქტებზე. მაქსიმალურად შევეცდებით, ვაჩვენოთ რეალური სურათი, რათა მივიღოთ ის, რაც გვჭირდება”.
XS
SM
MD
LG