Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიზანთა ლიდერი დავით შენგელია პროკურატურას დაკითხვას თხოვს


იარაღის გადაზიდვის გახმაურებული საქმის მსვლელობის ობიექტურობა საზოგადოების დიდ ნაწილში გარკვეულ ეჭვს აღძრავს.

მცხეთაში ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო შეიარაღების დაკავების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე სამხედრო პროკურატურიდან მეორე დღესვე გენერალურმა პროკურატურამ წაიღო. უფრო მოგვიანებით ადამიანის უფლებათა დამცველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ეჭვმიტანილების წამების ფაქტები გამოაქვეყნეს. ხოლო პიროვნებით, რომელიც ამ იარაღის მესაკუთრეობას აღიარებს, პროკურატურა დღემდე არ ინტერესდება.

პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმების“ ლიდერი დავით შენგელია იარაღისა და მის გადამზიდველთა დაკავების თანავე დაუკავშირდა სამხედრო პროკურატრას და სამხედრო ტვირთის მესაკუთრეობა აღიარა.

1 ივლისს შენგელიამ მიმართვა გამოაქვეყნა რომელშიც პარტიზანული მოძრაობის და შესაბამისად დაკავებული შეიარაღების მნიშვნელობაა განმარტებული. მიმართვა ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ აკაკი სიხარულიძემ გაახმოვანა.

[სიხარულიძის ხმა] „დღეს პარტიზანული მოძრაობა ამათუ იმ ფორმით არის ჩრდილოეთიდან მიმართული ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსიის შეკავების ერთადერთი ფორმა. პარტიზანული მოძრაობა ამათუიმ ფორმით აკონტროლებს აფხაზური რუსული და ქართული ეროვნების პიროვნებებს, რომლებიც ცდილობენ ბიზნესის აწყობას აფხაზეთში. როგორც კი პარტიზანის ფაქტორი დაკარგავს თავის როლს აფხაზეთი თავისი გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე თვალის დახამხამებაში დაშორდება საქართველოს და რაც ყველაზე საშიშია გაიყოლებს სამეგრელოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, შესაბამისი პრეტენზიით სამეგრელოს ტერიტორიის მიმართ.“

შენგელია ამით ამართლებს ცხინვალში იარაღის შეძენის ფაქტს. იგი იარაღის საქმის ობიექტურ გამოძიებასა და საკუთარი თავის დაკითხვას ,ოითხოვს. შენგელია აცხადებს, რომ დაკავებული ვასილ მჭედლიძე უნდა გათავისუფლდეს, რადგან იგი პარტიზანთა დავალებას ასრულებდა. მჭედლიძის დანაშაულის საკუთარ თავზე აღებით „ტყის ძმების“ ლიდერი პარტიზანთა თანამებრძოლის დახსნას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

[შენგელიას ხმა] „ვისაც დღეს აქვს საქმე ვთხოვე რომ დავეკითხე, მაგრამ არც იქ მოხდა ჩემი დაკითხვა. ამის მერე გავაკეთე განცხადება, რომ ეს იარაღი იყო ჩვენი, პარტიზანული მოძრაობის და რომ არ დაკარგულიყო ეს იარაღი და კაცი რომელიც გვეხმარებოდა, გამომდინარე საქართველოს ინტერესებიდან არის დაკავებული, არის ნაწამები, ცემეს ციხეში და აწამეს იქ. მე არავინ არ მეძახის არავის არ აინტერესებს ალბათ ჭეშმარიტება, რა იყო და რა არა.“

დავით შენგელიას ვერსიის მიხედვით პარტიზანები მორატორიუმის ამოწურვისთვის ემზადებოდნენ. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან დევნილმა პოლიტიკურმა ელიტამ და პარტიზანულმა დაჯგუფებებმა, საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად 1 აგვისტომდე ვადა დაუწესეს, რომლის წარუმატებლობის შემთხვევაში თავად აპირებდნენ მოქმედების დაწყებას. სწორედ ამიტომ „ტყის ძმებმა“ დამფინანსებელიც იპოვეს და მოგვიანებით ის ჭურვებიც აღმოაჩინეს, რომელთა ნაკლებობასაც განიცდიდნენ. დავით შენგელია მზად არის გენერალურ პროკურატურას დამფინანსებლებიც დაუსახელონ, თუ მის ვერსიას ყურად იღებენ.

[შენგელიას ხმა] „მე ანალოგიური იარაღი გამაჩნია, რა თქმა უნდა დაუკანონიერებელია, რომელია კანონიერი იარაღი რომელიც ჩვენ გაგვაჩნია? არცერთია კანონიერი იარაღი და თუ გაგვიმეტებენ... მქონდა მე ასეთი შემთხვევა 95-ში და ხვალ რას გააკეთებენ მე არ ვიცი. შეიძლება დღესაც დამაკავონ იმიტომ რომ ეს იარაღი გამაჩნია. მე ვფიქრობ რომ მოვა დრო, არსენიშვილმა ხელი მოაწერა რომ პარტიზანები კი არა, ჩვენ ვართ ტერორისტები და პასუხი უნდა ვაგოთ კანონის წინაშე.

შეიზლება სწორედ ამიტომაც მიუღებელია სამართალდამცავი ორგანოებისათვის შენგელიას იარაღის მფლობელად ცნობა, რადგან მათ ან შენგელიას დაკავება მოუწევთ და იმის ახსნა, თუ აქამდე ამას რატომ არ აკეთებდნენ, ან კიდევ იარაღის პარტიზანებისათვის გადაცემა, რასაც შეუძლებელია კანონიერი ახსნა ჰქონდეს და აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების მონაწილე მხარეებთან ურთიერთობაც სერიოზულად გართულდება.
XS
SM
MD
LG