Accessibility links

logo-print

მოქალაქეთა კავშირი ისევ გამარჯვებისთვის იბრძოლებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 29 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში ყრილობაზე შეკრებილი მმართველი პარტია – მოქალაქეთა კავშირი, საკუთარი შეცდომების გაანალიზების გარდა, მომავალ სტრატეგიასაც გეგმავდა.

სტრატეგიული თვალსაზრისით, პარტიის მიმართულება გარკვეულია: მინისტრების პარტიაში გაწევრიანება იმაზე მიანიშნებს, რომ ამიერიდან მოქალაქეთა კავშირი “განწირულია” ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეთა კავშირის 29 ივნისს გამართულ ყრილობაზე აღმოიფხვრა ის ფორმალური მიზეზი, რამაც, 1995 წლიდან მოყოლებული, ჯერ მცირე ბზარი გააჩინა პარტიის მონოლითურობაში, შემდეგ კი საქართველოს ეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტია დაშლამდე მიიყვანა. როგორც გახსოვთ, მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო წარმომადგენლობა თითქმის 7 წლის მანძილზე წარუმატებლად ცდილობდა პრეზიდენტი შევარდნაძე დაერწმუნებინა, რომ მთავრობა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის წევრებით უნდა დაკომპლექტდეს. ჯერ კიდევ 1995 წელს გადაასხა პრეზიდენტმა ცივი წყალი არჩევნებში გამარჯვებული მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო წარმომადგენლობის ამბიციებს, როცა განაცხადა, რომ იგი მინისტრებს არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით არჩევს. შესაბამისად, მმართველი პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობას ისღა დარჩენოდა, რომ არაპარტიული ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობა კრიტიკის ცეცხლში გაეტარებინა, რადგან ასეთ შემთხვევაში საჭიროდ აღარ მიაჩნდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე პასუხისმგებლობის აღება.
მოქალაქეთა კავშირის ახალმა თავმჯდომარემ ავთანდილ ჯორნებაძემ მინისტრთა შერჩევისას პროფესიონალიზმსა და პარტიულობას შორის არჩევანი ძალიან მარტივად გადაწყვიტა: აღმასრულებელი ხელისუფლება მოქალაქეთა კავშირში გაწევრიანდა. ანუ საქართველოში კიდევ ერთი პარადოქსული ფაქტი მოხდა: თუ სხვა ქვეყნებში, როგორც წესი, გამარჯვებული პარტია ქმნის მთავრობას, საქართველოში მთავრობამ შექმნა პარტია.
მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე მოულოდნელი, არსებითად, არაფერი მომხდარა: პარტიის თავმჯდომარედ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე აირჩიეს, საპატიო თავმჯდომარედ – პრეზიდენტი შევარდნაძე. ყრილობამ აირჩია მთავარი საბჭოს შემადგენლობა და 93 კაციანი დარბაზი, რომელიც პარტიის ხემძღვანელობას კონსულტაციებით დაეხმარება. ყრილობაზე გამოსულმა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ ასე ჩმოაყალიბა პარტიის უახლესი სამოქმედო გეგმა: გამარჯვება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. აქვე მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღარ აპირებს 2005 წლისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა არც ვადამდე გეგმავს თანამდებობიდან წასვლას.
ყრილობის მცირე სენსაციად კი შეიძლება მივიჩნიოთ სამი მინისტრის უარი პარტიაში გაწევრიანებაზე. კულტურის მინისტრ სესილი გოგიბერიძესა და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრ დავით მირცხულავას პარტიული საქმიანობა მიმზიდველად არ მიაჩნიათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის გამო თანამდებობის დატოვება მოუწევთ. განათლების მინისტრი ალექსანდრე კარტოზია კი საერთოდ არ მისულა ყრილობაზე.
XS
SM
MD
LG