Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახადო კორუფციის ინდექსი საქართველოში


2 ივლისს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, ფინანსთა და სახელმწიფო მინისტრები იძულებულნი იყვნენ ბიუჯეტში არსებული გარღვევა ეღიარებინათ.

ბიუჯეტის ქრონიკული შეუსრულებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საგადასახადო ორგანოებში მზარდი კორუფციაა. დღემდე მისი ზრდის ტემპებისა და ხარისხის ამსახველი ნათელი სურათი არავის ჰქონია და, შესაბამისად, არც არაფერი გაკეთებულა მის დასაძლევად.

საქართველოში კორუფციის შეფასება პირველად 2000 წლის დასაწყისში სცადა ფინასთა მაშინდელმა მინისტრმა ვლადიმერ პაპავამ. მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს მთავრობის წევრთა, რეგიონების ლიდერთა მწვავე რეაქცია მოჰყვა და პაპავას ნამუშევარი დაგმობილ იქნა. პაპავას თქმით:

[პაპავას ხმა] „შემდეგ ასეთი გათვლები არსად არ ჩატარებულა, არავის არ გაუკეთებია, იმიტომ რომ,ვის უნდა გაეკეთებინა? ამის ინტერესი არავის ჰქონდა. დავუშვათ, გააკეთებდა ამ გათვლებს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო? რა თქმა უნდა, არ გააკეთებდა. რაში სჭირდებოდა იმ ტოტის მოჭრა, რომელზედაც თვითონ იჯდა. ან რომელიმე სხვა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ამის მწარმოებელი არავინ არ იყო.“[სტილი დაცულია]

მოგვიანებით პაპავას კვლევით ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო დაინტერესდა და მუშაობაც გაგრძელდა. 2 ივლისს ანტიკორუფციულ ბიუროში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ვლადიმერ პაპავამ თავისი სახელობის საგადასახადო კორუფციის ინდექსის პრეზენტაცია მოაწყო. კორუფციის ინდექსი საშუალებას იძლევა საგადასახადო სფეროში გამოვლინდეს კორუფციიის დონე და, შესაბამისად, რეზერვების ოდენობაც.

თავდაპირველი კვლევა 2001 წლის მონაცემებზე ჩატარდა, საფუძვლად კი 2000 წელი იქნა აღებული. ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურიდან და რეგიონიდან იქნა გამოთხოვილი, თუმცა მათი უმეტესობა გამოუსადეგარი აღმოჩნდა. მაგალითად, ეკონომიკის სამინისტრომ ანტიკორუფციულ ბიუროს აცნობა, რომ საქართველოში თურმე შიდა ეროვნული პროდუქტი 12 მილიონი ყოფილა, განათლების სამინისტროს ცნობით კი, განათლების სისტემამ თურმე ბიუჯეტში 600 მილიონზე მეტი თანხა შეიტანა. ყველაზე სანდო და კომპეტენტური სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები აღმოჩნდა.

კორუფციის ინდექსი, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალია მცხეთა -მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონში და ის 16%-ს შეადგენს, ანუ 1 ლარი საგადასახადო შემოსავლიდან კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა 16 თეთრი მოიპარეს. კორუფციის კლება დაფიქსირდა თბილისში 10%, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 20%. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, წინა წელთან შედარებით, გადასახადების ადმინისტრირება ამ პროცენტების შესაბამისად გაუმჯობესდა. კორუფციის ინდექსი გამოანგარიშებულია დარგების მიხედვითაც, ხოლო თავად საგადასახადო-შემოსავლების უწყებათა კორუმპირებულობის სურათი ასე გამოიყურება: საგადასახადო დეპარტამენტში კლება 2,1 პროცენტია, რაც მათი მუშაობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს, ხოლო საბაჟო დეპარტამენტში კორუფციის ინდექსმა მოიმატა და ის 1,5 პროცენტს შეადგენს. ვლადიმერ პაპავას თქმით:

[პაპავას ხმა] „როგორც ავადმყოფი ადამიანი მიდის და სისხლის ანალიზს იკეთებს იმისთვის, რომ გაიგონ, რა პარამეტრებშია დარღვევა, რომ შემდეგ ექიმმა სწორი დიაგნოზი დაადგინოს, აი, ასეთივე დატვირთვა აქვს ამას. მოგეხსენებათ, ქვეყანაში როდესაც ბიუჯეტი პერმანენტულად არ სრულდება, საგადასახადო შემოსავლებში გვაქვს პრობლემა. აი, ეს ინდექსი იძლევა გარკვეულ სურათს, სად უნდა გაკეთდეს აქცენტი.“

ანტიკორუფციული ბიუროს გეგმით, ასეთი კვლევა მომავალში ყოველკვარტალურად ჩატარდება.
XS
SM
MD
LG