Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფორმირების პრობლემატიკა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის წინაშე დგას, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფორმირებას უკავშირდება.

ამ პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის აუცილებელია ქვეყნის ინტელექტუალური ძალების, მათ შორის, მეცნიერების, ექსპერტებისა და პოლიტიკური პარტიების, საკონსულტაციო და არასამთავრობო თუ სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების მონაწილეობა. აღნიშნული საკითხის გარშემო ვესაუბრე არასამთავრობო ორგანიზაციის, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის, დირექტორს ნიკოლოზ მელიქაძეს.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი, ძირითადად, მართვის პოლიტიკის სფეროში მუშაობს და სახელმწიფო ინსტიტუტებს ეხმარება, შეიმუშაონ განვითარების პოლიტიკა. ამ მხრივ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფორმირებაა. სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი იქნება ის ძირითადი ორგანიზაცია, რომელიც, ქვეყნის მთავრობის დავალებით, ხელს შეუწყობს რეფორმირების პროცესთან დაკავშირებული პოლიტიკის წარმართვას და რეალიზაციას.
ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მელიქაძე ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების დღევანდელ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ორგანოს, უშიშროების საბჭოს, ფუნქცია და დანიშნულება სრულიად ახლებურ გააზრებას მოითხოვს. [მელიქაძის ხმა] ”ახლა, თავად პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ სხვა ეტაპზე გადავდივართ, საქართველო სხვა ტიპის პოლიტიკურ ურთიერთობაში ჩაება გარეთ და გაჩნდა პრობლემა გარე და შიდა პოლიტიკის შეთანხმების, გაცილებით უფრო მჭიდროდ. აი, ამასთან დაკავშირებით, დაისვა ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფორმის ამოცანა.”[სტილი დაცულია]

რეფორმის ორიენტირად გამოყენებულია აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მოდელი. მართალია, საქართველო დიდად განსხვავდება ამერიკისაგან, მაგრამ, როგორც ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, ამერიკის გამოცდილება და მიდგომა უშიშროების პრობლემებისა და სახელმწიფო პოლიტიკის გამომუშავების მიმართ უაღრესად სასარგებლოდ მოჩანს დღევანდელი საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ მიმართა საქართველომ დახმარების თხოვნით აშშ-ს. უპირველესად, ეს გულისხმობს ინტელექტუალური დახმარების მიღებას, ამერიკელთა გამოცდილების გაცნობას და მასთან ადაპტაციას. გარდა ამისა, საუბარია ფინანსურ დახმარებაზე, რადგან რეფორმირების პროცესს აუცილებლად დასჭირდება მატერიალირი სახსრები.

ნიკოლოზ მელიქაძე აღნიშნავს, რომ “წინა წლებში უშიშროების საბჭო, ძირითადად, ძალოვან სტრუქტურებზე იყო ფოკუსირებული და მათი საშუალებით ცდილობდა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თანამედროვე ვითარება კი მოითხოვს, რომ უსაფრთხოების სისტემის შექმნამ საზოგადოების გაცილებით ფართო არეალი მოიცვას და უშიშროების საბჭოს რეფორმირებაში ქვეყნის ინტელექტუალური ძალები უფრო აქტიურად ჩართოს”.

“ამგვარი მიდგომა ყველა განვითარებული ქვეყნისათვის არის დამახასიათებელი,” – დასძენს ცენტრის დირექტორი. ამასთან ერთად, იგი ამბობს, რომ [მელიქაძის ხმა] “დღეს საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე დიდი საფრხე თავად საქართველოა, ანუ მისი, როგორც სახელმწიფოს, ჩამოუყალიბებლობაა. ამიტომ შესაცვლელია საქართველოში არსებული ურთიერთობათა სისტემა, ჩვენი ინსტიტუტები, ჩვენი შრომითი და პოლიტიკური კულტურა და აზროვნების ტიპი. ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა გავხდეთ შინაგანად ძლიერნი”.

ნიკოლოზ მელიქაძის თქმით, “აშშ-ის დახმარება სულაც არ გულისხმობს იმას, რომ უშიშროების საბჭოს რეფორმირებაში უშუალოდ ამერიკელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. უშიშროების საბჭოს რეფორმა უნდა ჩატარდეს ადგილობრივი სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ, ამერიკული მოდელის გათვალისწინებით. ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დამკვეთის როლს კი ეროვნული უშიშროების საბჭო შეასრულებს”.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის განვლილ პერიოდში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მხოლოდ უკანასკნელ დროს შეინიშნება გარკვეული პოზიტიური ძვრები ამ მიმართულებით.
XS
SM
MD
LG