Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრასნოდარის მხარეში მესხებმა ეთნიკური დისკრიმინაციას საპროტესტოდ შიმშილობა გამოაცხადეს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კრასნოდარის რეგიონში მესხებმა დაკარგეს რა იმედი,

რომ ადმინისტრაციული წესით შეძლებენ თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ივნისის ბოლოს შიმშილობა გამოაცხადეს. მათი თქმით, ისინი სისტემატურ დისკრიმინაციას განიცდიან.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ არამც თუ არ დაიწყო მოშიმშლეებთან დიალოგი, არამედ მას პოლიტიკური პროვოკაცია უწოდა, რომელიც დაიწყო სწორედ იმ დროს, როცა მხარე წყალდიდობით გამოწვეულ გაჭირვებას განიცდის.

ადგილობრივი მესხების ლიდერმა ბექზადე მამადალიევიჩმა უთხრა ჩვენს რადიოს ტელეფონით, რომ მოშიმშილეები მოითხოვენ იმას, რაც კანონით ეკუთვნით – ელემენტარულ მოქალაქეობრივ და სოციალურ უფლებებს. “ჩვენ აბსოლუტურად არავითარი უფლებები არა გვაქვსო”, თქვა მან.

მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე სტალინმა, გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდებით, 16 ეთნიკური ჯგუფი გადაასახლა შუა აზიაში, მათ შორის 110 ათასი მესხი – სამხრეთი საქართველოდან.

მას შემდეგ, რაც 1950-იანი წლების ბოლოს სტალინის ბოროტმოქმედებანი მხილებულ და დაგმობილ იქნა, სახლში დაბრუნების ნება მისცეს ამ ე.წ.”დასჯილ ხალხებს”, მესხების გამოკლებით. მათი უმრავლესობა დარჩა გადასახლების ადგილას, უზბეკეთში.

1989 წელს უზბეკეთში ფერგანის ველზე მოწყობილმა პოგრომებმა ათასობით მესხი აიძულა გადასახლებულიყო საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონში, უმთავრესად აზერბაიჯანში და კრასნოდარის მხარეში.

არ არის სარწმუნო ინფორმაცია, რამდენი მესხი ცხოვრობს ამჟამად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამებობრობაში. ვარაუდობენ 200 დან 300 ათასამდე.დეპორტაციიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, მესხების ოფიციალური რეაბილიტაცია დღესაც არ მომხდარა. სამშობლოში დაბრუნების ნება მათ არა აქვთ.

როცა 1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოში მიიღეს, მან პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს ყველა მსურველის რეპატრიაციას. შარშან საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონპროექტი რეპატრიაციის თაობაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ, ვინაიდან დაბრუნების მსურველმა უნდა წარმოადგინოს ამჟამინდელი მოქალაქეობის დამამტკიცებელი დოკუმენტი. კრასნოდარელ მესხებს კი მოქალაქეობა არა აქვთ.

ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის “მემორიალის” მოსკოვის განყოფილების თქმით, რუსეთის სამხრეთ რეგიონში მცხოვრებ 18 ათას მესხს სისტემატურად სდევნიან და ავიწროებენ კაზაკების ნახევრად გასამხედროებული ძალები, ხოლო რეგიონის ხელისუფლება მათ კანონიერი სტატუსის მიცემაზე უარს ეუბნება.

“მემორიალი” ამტკიცებს, რომ კრასნოდარის მხარეში დასახლებულ მესხების 95 პროცენტს არა აქვს იქ ცხოვრების უფლება. და ვინაიდან ამ უფლების გარეშე მათ მუშაობაც ეკრძალებათ, ადგილობრივ მესხებს შემოსავლის მიღების ერთადერთი შესაძლებლობა რჩებათ: საკარმიდამო ნაკვეთზე მოიყვანონ მოსავალი და გაიტანონ ის ადგილობრივ ბაზარზე. ნაკვეთებს კი ისინი კოლმეურნეობებისგან ან კერძო მფლობელებისგან ქირაობენ. მაგრამ ბოლო დროს მათ ეს მწირი შესაძლებლობაც წაართვეს.

“მემორიალის” წევრმა ალექსანდრ ოსიპოვმა, რომელმაც 1999 წელს კრასნოდარის მესხების დისკრიმინაციის შესახებ წიგნი გამოაქვეყნა, ამბობს, რომ ბოლო თვეებში კრასნოდარის ხელისუფლებამ მიწის მფლობელებს აუკრძალა მესხებისთვის ნაკვეთის მიქირავება და გააუქმა კონტრაქტები მესხების მიერ კანონიერად ნაყიდ სახლებზე.

მესხების ლიდერის მამადალიევიჩის თქმით, მათ მოთმინების ფიალა აევსოთ.[მამადალივევიჩის ხმა] “ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ რადგან ნაკვეთები კანონიერად არ არის რეგისტრირებული, ხალხმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს. მაგრამ სოფლელებს ფული არა აქვთ. ამიტომ ხელისუფლებამ ხალხის საკუთრების კონფისკაცია დაიწყო. წაგვართვეს ყველაფერი რისი წაღებაც შეძლეს – პურის ფქვილი, საქონელი.”

“მემორიალი” თვლის, რომ კრასნოდარის გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვი აღვივებს სიძულვლს არასლავური ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ, რომელთაც ის რეგიონში მომხდარ ბოროტმოქმედებათა უმრავლესობაში სდებს ბრალს.

ნატალია კაშჩავაევამ ნოვოროსიისკის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო კამპანია რეგიონის თითქმის ყველა არასლავური ჯგუფის –ქურთების, სომხებისა და აფხაზეთიდან გაქცეული ქართველების წინააღმდეგ, მაგრამ განსაკუთრებით არასასურველ ჯგუფად მესხები არიან გამოყოფილი, რასაც ადგილობრივი მედიაც ხელს უწყობს.

კაშჩავაევას თქმით, ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში რამდენიმე კინოკომპანიამ, როგორც ოფიციალურმა, ისე კერძომ, გამოუშვა ეკრანებზე ფილმები, რომლებშიც მესხები წარმოდგენილი არიან, როგორც ბოროტების განსახიერება, რომელთა გვერდით ცხოვრება შეუძლებელია.

20 მარტს გაზეთ “იზვესტიამ” მოიყვანა რეგიონული კაბინეტის სხდომაზე ტკაჩოვის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ ყუბანი ეკუთვნის კაზაკებს და ადგილობრივი ადმინისტრაცია მალე მიიღებს ზომებს არალეგალური იმიგრანტების წინააღმდეგ. გაზეთმა სხდომის სხვა მონაწილეთა წინადადებაც მოიყვანა, რომ იმიგრანტები დეპორტაციის წინ, “საფილტრაციო ბანაკებში” უნდა მოათავსონ და რომ საჭიროა ჩარტერული რეისების ორგანიზება მესხების უზბეკეთში დასაბრუნებლად. ტკაჩოვი ირწმუნება, რომ ანტიიმგრაციულ პოლიტიკას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უჭერს მხარს კრემლი ამას უარყოფს

27 მარტს კი კრასნოდარის მხარის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია იმიგრაციის კანონების გამკაცრების შესახებ და მოითხოვა რეგიონის სამართალდამცავი სამსახურებისგან განიხილოს სადეპორტაციო ცენტრების შექმნის შესაძლებლობები. კანონმდებლებმა, აგრეთვე, დაავალეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მოითხოვოს მოსკოვისგან უფრო ფართო უფლებამოსილება “არალეგალურ იმიგრაციასთან” ბრძოლის საქმეში

იმავე დღეს, 27 ივნისს, მესხების საერთაშორისო ორგანიზაცია “ვატანის” წევრები შეხვდნენ მოსკოვში ფედერალური მიგრაციული სამსახურის უფროსს, რომელმაც განაცხადა, რომ ცენტრი კრასნოდარიდან მესხების დეპორტაციას არ დაუშვებს.

28 ივნისს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვიქტორ ივანოვმა გამართა თათბირი, რომელზეც საგანგებო კომისიის შექმნა გადაწყდა. კომისია მუშაობასმას შემდეგ დაიწყებს, რაც, დამთავრდება ყუბანში სტიქიური უბედურების მიზეზთა გამოძიება.

2 ივნისს შიმშილლბის აქციაზეზე მორატორიუმი გამოცხადდა. აქცია განხლდბა 16 ივნისს, თუ მესხების მოთხოვნებს არ დააკამაყოფილებენ.
XS
SM
MD
LG