Accessibility links

logo-print

პრეზიდენტ ბუშს მისი პოტენციური მეტოქეები აკრიტიკებენ


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ორი წამყვანი წევრი, რომელიც, როგორც ჩანს, კენჭს იყრის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით,

თუ როგორ წარმართავს პრეზიდენტი ბუში ანტიტერორისტულ ომს. თუმცა, ძირითადად, მოსახლეობა მხარს უჭერს ბუშის თაოსნობით დაწყებულ ანტიტერორისტულ კამპანიას.

შაბათს ელ გორმა, რომელმაც ხმების უმნიშვნელო სხვაობით წააგო პაექრობა ბუშთან 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ანტიტერორისტული კოალიციის ძალებმა დღემდე ვერ მიაკვლიეს ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელს; ბინ ლადენისა, რომელსაც 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობაში ადანაშაულებს შეერთებული შტატები.

პრესკონფერენციაზე ნიუ-იორკში, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშმა არასაკმარისი რაოდენობით მოუყარა თავი კოალიციურ ძალებს ავღანეთში, სადაც ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, ტრადიციისამებრ, ეგრედ წოდებული ”მეომარი ლიდერები” აკონტროლებენ.

დაახლოებით ასეთივე აზრისაა დემოკრატიული პარტიის მეორე წამყვანი წევრი, სენატორი ჯონ კერიც. მან თქვა, რომ თორა ბორას მთებში განხორციელებული იერიშის დროს, სამხრეთ ავღანეთში, კოალიციის ძალებმა ვერ ნახეს ბინ ლადენი, ვინაიდან ამ ოპერაციაში ავღანეთის ძალები მონაწილეობდნენ უმეტესწილად, ხოლო ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი უმნიშვნელო იყო. კერიმ არაერთგზის გააკრიტიკა ამასთანავე ბუშის საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, და მას არამიზანმიმართული უწოდა.

მაგრამ, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ამგვარი კრიტიკა შესაძლოა ძვირი დაუჯდეს გორს, ან კერის, თუკი ერთ-ერთ მათგანს მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს დემოკრატიული პარტია 2004 წელს. 11 სექტემბრიდან მოყოლებული, საზოგადოებრივი აზრის ფაქტობრივად ყოველმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ბუშის თაოსნობით მიმდინარე ანტიტერორისტულ ომს.

ყოფილ კონგრესმენს, ბრუკინგსის ინსტიტუტის პოლიტიკურ მიმომხილველს ბილ ფრენცელს მიაჩნია, რომ ანტიტერორისტული ომი სულაც არ შეუშლის ხელს ჯორჯ ბუშს, ხელმეორედ იქნეს არჩეული პრეზიდენტად 2004 წელს. მაგალითისთვის ფრენცელს მოჰყავს დემოკრატი ფრენკლინ რუზველტი, რომელიც 4-ჯერ იქნა ზედიზედ არჩეული პრეზიდენტად, მიუხედავად იმისა, რომ 30-იან წლებში ქვეყანა დიდ დეპრესიას დაუპირისპირდა, ხოლო 40-იან წლებში – მეორე მსოფლიო ომს. ფრენცელი იხსენებს რესპუბლიკელ რიჩარდ ნიქსონსაც, რომელიც ხმების დიდი უპირატესობით აირჩიეს მეორე ვადით 1972 წელს, როცა ვიეტნამში ომი მძვინვარებდა. ”ყველას გვახსოვს ის ფაქტი, რომ რიჩარდ ნიქსონმა, რომელიც სულაც არ ყოფილა ყველაზე სათაყვანებელი პრეზიდენტი, მწარე დამარცხება აგემა ჯორჯ მაკგოვერნს, რომელიც ვიეტნამის ომთან დაკავშირებით მძაფრად აკრიტიკებდა ნიქსონს” – განაცხადა ბილ ფრენცელმა.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორს ლერი საბატოს მიაჩნია, რომ დემოკრატიული პარტიის მხრიდან მხოლოდ მას შემდეგ იქნება გამართლებული ჯორჯ ბუშის კრიტიკა ანტიტერორისტულ ომთან დაკავშირებით, როცა ხსენებული პარტია თავის კანდიდატს დაასახელებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. [ლერი საბატოს ხმა] ”თუ ომი კარგად წარიმართა და ეკონომიკაც გამოჯანსაღდა, ალბად ვერცერთი დემოკრატი ვერ შესძლებს ჯორჯ ბუშის დამარცხებას. მაგრამ თუ ეკონომიკა ისევ მოიკოჭლებს, ომი კი უხეიროდ წარიმართება, მაშინ დემოკრატები ორივე – საგარეო და საშინაო ფრონტებიდან შეუტევენ ბუშს.”

საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 2004 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ხოლო წელს, ნოემბერში, ქვეყანაში კონგრესის ეგრეთ წოდებული ”საშუალედო არჩევნები” მოეწყობა.

ნოემბრის ”საშუალედო არჩევნებში” ამერიკელებმა მთლიანად უნდა განაახლონ 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატა, აგრეთვე ასწევრიანი სენატის ერთი მესამედი. შეგახსენებთ, რომ დემოკრატებს მინიმალური, ერთადგილიანი უპირატესობა აქვთ სენატში, მაშინ როცა რესპუბლიკელები 11 მანდატით სჭარბობენ დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში, რომლის 2 წევრი არც დემოკრატია და არც რესპუბლიკელი.
XS
SM
MD
LG