Accessibility links

logo-print

ჯონდი ბაღათურია ჟვანია-სააკაშვილის გუნდისა და “მარეგულირებელი კომისიების შესახებ კანონის” წინააღმდეგ


თბილისის საკრებულოს გარეშე დარჩენა, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდის რეალური საშიშროება და საქართველოს პარლამენტის მიერ ამასწინათ მიღებული კანონი,

რომელიც მარეგულირებელი კომისიების სატარიფო საქმიანობზე ყველანაირ ზეგავლენას კრძალავს, თბილისის საკრებულოს წევრის ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და შევარდნაძისა და ჟვანია-სააკაშვილის გუნდის ენერგომაფიასთან კავშირზე მეტყველებს.

სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგებს არ შეამოწმებს, ახალი საკრებულო მუშაობას ვერ დაიწყებს.
პარლამენტი კი ძველი საკრებულოსთვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ასეთ ვითარებაში თბილისის საკრებულოს არჩევნების ერთადერთი შედეგი დედაქალაქის საკრებულოს გარეშე დატოვებაა და, თუ მოსახლეობას საკრებულოს დეფიციტი დიდად არ აღელვებს, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდის საშიშროება მაინც უნდა აღელვებდეს, მით უფრო, რომ საკრებულოს დეფიციტის პირობებში არის შანსი, ყველაფერი ეს ზედმეტი ხმაურის გარეშე მოხდეს.
ლაპარაკია ელექტროენერგიაზე დაწესებული ტარიფის 15 თეთრამდე და ბუნებრივი აირის ტარიფის 50 თეთრამდე გაზრდაზე. ტარიფების გაზრდის გეგმას, უწინდებურად, თბილისის საკრებულოს წევრი ჯონდი ბაღათურია აპროტესტებს, მაგრამ, თუ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელს მოაწერს და ამით “მარეგულირებელი კომისიების შესახებ კანონის” ძალაში შესვლას გააფორმებს, ტარიფების ზრდის წინააღმდეგ გამოსვლა დასჯადი ქმედება გახდება. ასეთ შემთხვევაში ჯონდი ბაღათურიაც და სხვებიც იძულებულნი იქნებიან გაჩუმდნენ. “მარტივ და გასაგებ ენაზე ამ კანონს ბაღათურიას გასაჩერებლად მიღებული კანონი უნდა ერქვასო,” – ამბობს ჯონდი ბაღათურია და “მარეგულირებელი კომისიების შესახებ კანონის” ლობირებაზე პასუხისმგებლობას დეპუტატ ზურაბ ცქიტიშვილს აკისრებს. მისი მტკიცებით, ჟვანია-სააკაშვილის გუნდის ამ წარმომადგენელმა კანონის ლობირება საკუთარი კომპანიისთვის ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფის დაწესების სანაცვლოდ გასწია. “ზურაბ ცქიტიშვილის “ამალთეასთვის” 8 თეთრიანი ტარიფი მოქმედებს,” - აცხადებს ჯონდი ბაღათურია და დასძენს:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] “ძალიან აბსურდული მოტივაცია უწერია, მაგრამ, ფაქტია, რომ ასე გაუფორმეს. იხდის 8 თეთრს და ამას ეძახის შეღავათს. მე კი ამას ვეძახი ქრთამს. ახლა წაგიკითხავთ, თუ როგორი კანონის ლობირება მოხდა. “კანონი მარეგულირებელი კომისიების შესახებ” - მუხლი მეთერთმეტე: “დაუშვებელია დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიების უფლებამოსილებაში ჩარევა, ანდა რეგულირების სფეროში და ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით რაიმე კონტროლის განხორციელება.” მოგეხსენებათ, იგეგმება გაზზე გადასახადის 50 თეთრამდე აყვანა და ელექტროენერგიაზე ტარიფის 15 თეთრამდე გაზრდა. ეს კანონი ამ ყველაფრის წინააღმდეგ არა მარტო ხმის ამოღებას, შეკითხვის დასმასაც კრძალავს.”

ტარიფების ზრდის წინააღმდეგ გამოსვლა 3 თვიდან 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება, ოღონდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელს მოაწერს. თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში არჩეული ძალები კი არც ამ კანონის წინააღმდეგ გამოსულან და არც ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდის გეგმის წინააღმდეგ. ჯონდი ბაღათურია ამ სიჩუმეში ენერგომაფიასთან კავშირს ხედავს და აცხადებს, რომ თბილისის ახალი საკრებულოს ამუშავება ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს არ აძლევდა ხელს..

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] “ შევარდნაძეს და სააკაშვილს არ აწყობდათ საკრებულოს ძალაში შესვლა. ყველაზე მეტად ეს არ აწყობდა სააკაშვილს, რადგან მთავრდებოდა ისტერიკების და ტყუილების დრო და იწყებოდა საქმის კეთების დრო. საქმეს კი ვერ გააკეთებდა. არა იმიტომ, რომ ამის შანსი არ არის, არამედ იმიტომ, რომ, ნებისმიერი ნაბიჯის შემთხვევაში, მისი კორუმპირებული წარსული წამოყოფდა თავს.”

ჯონდი ბაღათურია მიხეილ სააკაშვილს ენერგომაფიასთან მჭიდრო კავშირში სდებს ბრალს. კონკრეტულ მაფიოზებად კი სააკაშვილის გუნდის წევრებს: “საქ. გაზის’ ყოფილ დირექტორს დავით ბეჟუაშვილს და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ოქრუაშვილს ასახელებს. მიაჩნია, რომ ოქრუაშვილი ენერგომაფიას იურიდიულ სამსახურს უწევდა. ბაღათურია იტოვებს იმედს, რომ ენერგომაფიის მიერ შეკვეთილი და ზურაბ ცქიტიშვილის მიერ ლობირებული კანონის წინააღმდეგ მოსახლეობაც ამოიღებს ხმას.
XS
SM
MD
LG