Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ტუ-154”-ისა და “ბოინგ-757”-ის შეჯახებას 71 ადამიანი შეეწირა


ბოლო მონაცემებით, 71 ადამიანი, მათ შორის, 52 ბავშვი დაიღუპა გერმანიისა და შევეიცარიის საზღვართან, ბოდენის ტბის რაიონში მომხდარ საავიაციო კატასტროფაში, რომელიც, სამშაბათს ღამით,

რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავ “ტუ-154”-ისა და სატრანსპორტო “ბოინგ-757”-ის შეჯახებამ გამოიწვია. ჩატარებული სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ტრაგედიის ადგილზე ჯერჯერობით 26 ცხედრის აღმოჩენა მოხერხდა. გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც შევეიცარიის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ერთად ავარიის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.

2 ივლისს, სამხრეთი გერმანიის თავზე მომხდარმა ავიაკატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა. ბაშკირეთის ავიახაზების კუთვნილი “ტუ-154” მოსკოვის დომოდედოვოს აეროდრომიდან აფრენიდან დაახლოებით საათნახევრის შემდეგ გერმანია-შვეიცარიის საზღვარზე, 12 კილომეტრის სიმაღლეზე, სატვირთო “ბოინგ 757”-ს შეეჯახა.

ავიაკატასტროფის შედეგად ორივე თვითმფრინავის ეკიპაჟები და მგზავრები დაიღუპნენ. დომოდედოვოს წარმომადგენლის, სერგეი რუბანოვის განცხადებით, მგზავრების უმრავლესობა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები იყვნენ, რომლებიც დასასვენებლად ესპანეთში მიემგზავრებოდნენ. თვითმხილველთა თქმით, დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ აფეთქების ტალღამ თვითმფრინავების ნამსხვრევები 20 კილომეტრის რადიუსში მიმოფანტა.

ცხელ კვალზე კი ჯერჯერობით ორი ვერსია იკვეთება.
ასოშიეტედ პრესის სააგენტოს ცნობით, შვეიცარიის საჰაერო სივრცის კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს “ტუ-154”-ის ეკიპაჟის წევრები, რათა “ბოინგთან” მოსალოდნელი ავარიის თავიდან ასაცილებლად შეეცვალათ ფრენის სიმაღლე, რაც რუსმა პილოტებმა ყურად არ იღეს. “ბოინგის” პილოტებმა სცადეს კურსის შეცვლა, მაგრამ უკვე გვიანი იყო კატასტროფის თავიდან აცილება," განაცხადა ასოშიეიტედ პრესის კორესპონდენტთან საუბარში გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ტრანსპორტის მინისტრმა ულრიხ მიულერმა.

რუსეთის ავიაციის ოფიციალური პირები, კერძოდ, დომოდედოვოს აეროპორტის პრესსამსახურის უფროსი იულია მაზანოვა, გადაჭრით უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს “ტუ-154”-ის პილოტებს აკლდათ სათანადო გამოცდილება და ვერ ფლობდნენ ინგლისურ ენას.

[იულია მაზანოვას ხმა] “თვითმფრინავი ყოველმხრივ მზად იყო ამ რეისის შესასრულებლად, ხოლო ეკიპაჟი, რომელიც მართავდა თვითმფრინავს, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გახლდათ და მას ათწლიანი საერთაშორისო ფრენის სტაჟი ჰქონდა.”

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ბაშკირეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა შემთხვევის ადგილზე, კატასტროფის მიზეზების დასადგენად.

სამშბათსვე, პრესის წინაშე გაკეთებულ განცხადებაში, გერმანიის ტრანსპორტისა და მშენებლობის მინისტრი კურტ ბოდევიგი შეპირდა საზოგადოებას, რომ ამ ინციდენტის გამოსაძიებლად ყველაფერი გაკეთდება.

[კურტ ბოდევიგის ხმა] “გამოძიება ზედმიწევნით ყურადღებით და რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდება, და მასში, რუსეთისა შვეიცარიის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც “ბოინგის” მწარმოებელი ქვეყანა და ბაჰრეინი, რომელსაც ავიაკომპანია “დელტა” ეკუთვნის. და როგორც ვთქვი, ჩვენი მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვფინოთ ნათელი ამ ტრაგიკული ინციდენტის ყველა დეტალს. ახლა სპეკულაციის დრო არ არის.”

2 ივლისს მომხდარ ავიაკატასტროფას დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის პრესაში. ტელეკომპანია ენტევეს საინტერნეტო გვერდის ცნობით, ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ გამოშვებულმა “ტუ-154”-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავებმა, მხოლოდ 90-იან წლებში, 10 მსხვილი კატასტროფა განიცადეს. ავარიების შდეგად, სულ 749 მგზავრი დაიღუპა.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კატასტროფა რუსული წარმოების ამ თვითმფრინავმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ირანში განიცადა, რის გამოც 117 ადამიანი დაიღუპა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG