Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უსახავენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს არარეალურ გეგმებს


საფუძველშივე ცხადი იყო და დრომაც აჩვენა, რომ იმ რეკომენდაციების მითითებულ ვადებში შესრულება, რომლებიც საქართველოს სამწელიწად-ნახევრის წინ ევროსაბჭომ დაუსახა,

სრულიად არარეალური იყო. რატომ მოხდა ეს?

ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებათაგან სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან მიერთების ნაწილი შედარებით იოლი შესასრულებელი აღმოჩნდა ჩვენთვის, ვიდრე ის ნაწილები, სადაც კანონმდებლობის სრულყოფაზე, რეფორმის განხორციელებასა და ადამიანის უფლებათა დაცვაზეა საუბარი.

ყველაზე მთავარი საკითხი, რომელიც ევროსაბჭოს რეკომენდაციაზე უწინარესად ჩვენივე კონსტიტუციით არის განსაზღვრული, საქართველოს ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრის აუცილებლობაა. ამ საკითხზევეა მიბმული ავტონომიური ერთეულების სტატუსის განმსაზღვრელი კანონების მიღება, რისთვისაც ევროსაბჭოს დოკუმენტებში ორწლიანი ვადა იყო მოცემული და რომელიც წელიწადნახევრის წინ ამოიწურა.

მართალია, ე.წ. “მესხეთელი თურქების” სრული რეპატრიაციისთვის თორმეტწლიანი ვადაა დადგენილი, თავად პროცესის საკანონმდებლო უზრუნველყოფისა და რეპატრიაციის დაწყების სამწლიანი ვადა უკვე ამოიწურა. საგულისხმოა, რომ ეს საკითხიცა და ტერიტორიული მოწყობაც იმ პრობლემათა რიგს განეკუთვნება, რომელთა მოგვარებაზე ილუზიები არც 1999 წლის იანვარში უნდა ჰქონოდა ვინმეს, რადგან ორივე მათგანზე უკვე მაშინ მიმდინარეობდა ცხარე კამათი.

დღეს პოლიტიკოსები ხშირად წამოაძახებენ ხოლმე ერთმანეთს ევროსაბჭოს რეკომენდაციების შეუსრულებლობას. დრომ აჩვენა, რომ მთელი რიგი დაპირებებისა, რომელთა განხორციელებაზე საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აიღო პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით განუხორციელებელი რჩება. ასევე, დავინახეთ ისიც, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობის ფონზე საქართველო კვლავ ევროსაბჭოს წევრია. რეზოლუცია კი, რომელიც გასული წლის სექტემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, ასე სრულდება:”ასამბლეა ასკვნის, რომ, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, რომელიც საქართველომ გაწევრიანების შემდეგ განიცადა, ის შორს არის იმ ვალდებულებათა შესრულებისგან, რომლებიც გაწევრიანებისას აიღო”. ამგვარი შეფასების საფუძველზე ევროსაბჭომ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება განეგრძო საქართველოზე მონიტორინგის პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მძიმე იყო შენიშვნები რუსეთის ფედერაციის მიერ აღებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, იმავე სტანდარტული ფრაზით სრულდება ასამბლეის მიერ რუსეთის შესახებ უკვე მიმდინარე წლის აპრილში მიღებული რეზოლუციაც. როგორც ჩანს, ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნების თავის ოჯახში შენარჩუნება ამ ეტაპზე ევროსაბჭოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი გარიცხვა და “ნებაზე მიშვება”. ჯერჯერობით გაუგებარია, თუ ჩვენთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი: ის, რომ ევროსაბჭოს წევრი გვქვია, თუ ის, რასაც ევროპის წევრობა გულისხმობს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG