Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება და დასავლეთი


დავით პაიჭაძე, თბილისი მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთიდან რამდენიმე მკაცრი განცხადება მიიღო: საქართველოს აკრიტიკებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები – სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი,

საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები, კონკრეტული ქვეყნების უწყებები და პოლიტიკური ფიგურები. დასავლეთი, როგორც მას რამდენიმე წლის წინ აღიქვამდნენ საქართველოში, აღარ მოჩანს მხოლოდ ახალ მფარველად. საქართველოში გამოიკვეთა ანტიდასავლური განწყობა, მკვიდრდება სტერეოტიპი, თითქოს, დასავლური კულტურა, რომლის თავსმოხვევასაც ცდილობენ ჩვენთვის, არღვევს მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებს და უცხოა ჩვენი ხალხისათვის. ამავე დროს, დასავლეთი რჩება საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთ უეჭველ მოკავშირედ. რას ნიშნავს დღეს "დასავლეთის" ცნება საქართველოს ხელისუფლებისათვის, რა შინაარსით ვტვირთავთ ამ სიტყვას, როგორ ეკიდება ხელისუფლება დასავლეთს? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად დავუკავშირდი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, საზოგადოებისა და პოლიტიკის ანალიტიკოსებს.

თითქმის ყველა ჩემი რესპონდენტის პასუხში ისმოდა სიტყვა: გამორჩენა, გამოყენება, საკუთარი ინტერესები, პირადი მიზნები. სწორედ ამ ცნებებს იყენებდნენ დასავლეთისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების აღსაწერად. თუმცა ეს აღწერები მხოლოდ ხელისუფლების ქცევას არ ეხებოდა, როგორც, მაგალითად, ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის პასუხში [გაგა ნიჟარაძის ხმა]: “საერთოდ, ქართულ კულტურაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან სხვები; აუცილებლად უნდა თქვან კარგი – მაგიტომ არის სიტყვა “საუცხოო”, მოგეხსენებათ... ხარისხით საუკეთესო ნიშნავს – უცხო თვალის დასანახად. თუ ცუდს ამბობენ, ისინი თვითონ არიან ცუდები – როგორც წესი, ეგრეა. მართალი რომ ვთქვა, დღევანდელი ხელისუფლების სამზარეულოში ჩახედული არ ვარ, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთია, რომ, როცა უნდათ, იშველიებენ დასავლეთის აზრს, როცა არ უნდათ – არა. მაგალითად, როცა რომელიმე კანონპროექტის ჩაგდება-არჩაგდებაზეა საქმე, ყველას მსოფლიო ბანკი აკერია პირზე, მაგრამ მერების დანიშვნის საკითხი რომ გადის, აქ მსოფლიო ბანკი არავის ახსოვს. არა მგონია, ისინი დანიშვნის მომხრენი იყვნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, დასავლეთი ითვლება დადებით ინსტანციად. ამასთან, დასავლეთი მაინც შორს არის. ამიტომ, როცა ის ვინმეს პოზიციის გასამაგრებლად სჭირდება – ამას იყენებს; როცა არ სჭირდება – საერთოდ, არ აქცევენ ყურადღებას”.

დასავლეთთან სიახლოვე საქართველოში რომ პოპულარული და მისაღები იდეაა, ამას პოლიტოლოგი გია ნოდიაც აღნიშნავს. გია ნოდია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას დასავლეთისადმი ცინიკურს უწოდებს, რადგან, ერთი მხრივ, ის დასავლეთის გამოყენებას ცდილობს ძალის მოსაკრებად და განსამტკიცებლად (მაგალითად გამოდგება ამერიკელი ინსტრუქტორების საქართველოში ჩამოსვლა), მეორე მხრივ კი, ხელისუფლება მიხვდა – სულაც არ არის აუცილებელი შეასრულო დასავლეთის ყველა რეკომენდაცია, განსაკუთრებით, ის, დემოკრატიზაციას, გამჭვირვალობას, ადამიანის უფლებათა დაცვას რომ ეხება. [ნოდიას ხმა]: “საქართველომ, გარკვეულად, შეისწავლა დასავლეთის მოქმედება და დაინახა, რომ ამ დარგში (დემოკრატიზაციის სფეროში) რეკომენდაციების არშესრულება შესაძლებელია რაღაც ზღვრამდე. ისწავლა, როდის არის აუცილებელი, შეასრულო დასავლეთის რეკომენდაციები და როდის – წაუყრუო. ბუნებრივია, დასავლეთის ქვეყნებს - უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს - აქვთ სხვა ინტერესები: მაგალითად, უსაფრთხოება, განსაკუთრებით, ბოლო ხანებში, რაც ანტიტერორისტული ომი დაიწყო. ეს შეადგენს მათ პრიორიტეტს და ამიტომ დასავლეთმა, რაღაც დონემდე, შეიძლება თვალი დახუჭოს იმაზე, რომ საქართველოში აღარ ვითარდება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. შეიძლება იმის გამოყენებაც, რომ საქართველო, უამრავი ნაკლის მიუხედავად, თავის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, უარესად არ გამოიყურება. ამიტომ დემოკრატიზაციის დარგში რეკომენდაციები არ არის ყველაზე პრიორიტეტული”.

სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის დასავლური პოლიტიკური ფილოსოფია მიუღებელია. ხელისუფლება მხოლოდ ეთამაშება დასავლეთს, ასახიერებს მედასავლეთეობას, რეალურად კი, ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებათა დამკვიდრებას. ამ მიუღებლობის ერთ ნიმუშად ემზარ ჯგერენაია ბოლოდროინდელ კამპანიას მიიჩნევს, რომლის მონაწილენი ერთხმად ძრახავენ ქართველ პოლიტიკოსს, რადგან ის ქვეყნის შიდა პრობლემებზე საზღვარგარეთ საჯაროდ ლაპარაკობს. დასავლურ ღირებულებებზე, ჩემი რესპონდენტის აზრით, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს მოქალაქეთა დიდ ნაწილს, ხოლო ინტელექტუალებიდან ძალიან ცოტა თუ იზიარებს მათ რეალურად [ჯგერენაიას ხმა]: “ჩვენ ვთამაშობთ დასავლური ღირებულებებით, მაგრამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ჯერ კიდევ არ არის ცხადი, რას ნიშნავს ეს ღირებულებები. დასავლური ღირებულებები არც ინტელექტუალთა დიდ ნაწილს აქვს გაშინაგანებული. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, დასავლეთი – ეს არის მორიგი ფანტომი ქართველი კაცისთვის, რაც გულისხმობს: დასავლეთს თუ “ავაშენებთ”, იქნება ამქვეყნად სამოთხე და დემოკრატია, როგორც წელიწადის დრო, ისე დადგება საქართველოში. საამისოდ ყოველი ჩვენგანის განსაკუთრებული ძალისხმევა არ არის საჭირო. არავინ ფიქრობს ამ პროცესში მონაწილეობაზე. დემოკრატიული პროცესი არასოდეს თავდება. ესაა ადამიანების მუდმივი აქტივობა დემოკრატიის პრინციპების დასაცავად. თავისთავად ის არ დადგება. მოლოდინი კი, ძირითადად, ასეთია: როდის მოვა დრო, როცა დასავლეთი იქნება ჩვენთან, ოღონდ ჩვენი მონაწილეობის გარეშე.”.

კულტუროლოგი ზაზა შათირიშვილი დასავლეთზე ლაპარაკის დროს არჩევს, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ამერიკა და ევროპა და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაც მათდამი [ზაზა შათირიშვილის ხმა]: “ამერიკის შეერეთებული შტატები – ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალი რუსეთი, ანუ, რაც იყო რუსეთი მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ქართველი ფეოდალებისა და მეფეებისათვის. მას შეგიძლია ყოველთვის მიმართო, რაღაცნაირად გამოიყენო პირადი ინტერესებისთვის და ა.შ. უწინარესად, ეს არის ბევრი ფული. აქედან – პირადი გამორჩენის მომენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.

რაც შეეხება ევროპას, ზაზა შათირიშვილის აზრით, საქართველოში ნაკლებად წარმოუდგენიათ, რამდენად რთული ორგანიზმია ევროპა – ერთი მხრივ, ლიბერალური აზროვნებითა და ინსტიტუციებით, ხოლო, მეორე მხრივ, უწინარესად, კათოლიკური ეკლესიისა და სხვა ხანგრძლივი ტრადიციებით. ეს ნაკლული წარმოდგენები მჟღავნდება [შათირიშვილის ხმა]: “ისეთ გამონათქვამებში, როგორიცაა: ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი”. ევროპელობა გულისხმობს არა მხოლოდ ევროპულ მემარცხენეობასა და მემარჯვენეობას შორის განსხვავებისა და მათი დიალექტიკური ერთობის დანახვას, არამედ ჩვენგან სრულიად განსხვავებულ ურთიერთობებს პოლიტიკაში, რასაც ზაზა შათირიშვილი “ჰორიზონტალურ კავშირებს” უწოდებს [შათირიშვილის ხმა]: “ქვეყნებში, სადაც ვერტიკალური წყობა იყო (ანუ ზედაფენა, რომელსაც რევოლუციურად უპირისპირდება ქვედაფენა), დღესაც, დაახლოებით, ასეთი სიტუაციაა: ყველა პარტია ცდილობს, გახდეს სახელმწიფო პარტია ანუ, ფაქტობრივად, პარტია არც იყოს (რასაც ვადევნებთ თვალს მოქალაქეთა კავშირის სახით). ქვედა ფენები კი ცდილობენ, ამოატრიალონ ეს ვითარება და თავად მოიპოვონ სახელმწიფო პარტიის ადგილი. ეს აბსოლუტურად განსხვავდება ევროპული პარტიული მოდელისაგან”.

დაბოლოს, კიდევ ერთი აზრი, რომელიც ჩემთან საუბარში გამოთქვა საშუალო რანგის სახელმწიფო მოხელემ იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდი: საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დასავლეთის რეკომენდაციები ჩვენს რეალობას შეუფარდოს, რასაც ყოველთვის ვერ ახერხებს. ეს იმით აიხსნება, რომ თავად დასავლეთს აქვს ჩვენზე არაადეკვატური, ზედმეტად ზერელე წარმოდგენა და რეკომენდაციებსაც ნაკლებად გამოსადეგს გვაძლევს.
XS
SM
MD
LG