Accessibility links

მსოფლიო ბანკის კრედიტის ბედი კვლავ გაურკვეველია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში რთული პერიოდი უდგება. მართალია, მსოფლიო ბანკი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში 10 მილიონი აშშ დოლარით დაგვეხმარება,

მაგრამ მის მიერ შეპირებული კრედიტის გამოყოფის განხილვის ვადამ წლის ბოლომდე გადაიწია.

საქართველო მსოფლიო ბანკისგან სტრუქტურული გარდაქმნების მესამე კრედიტის მესამე ტრანშის (SAC-III) მიღებას შემოდგომამდე ვერ შეძლებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის შეგმან ჟანგისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ. დირექტორთა საბჭო საქართველოსათვის, დაახლოებით, 60 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფის საკითხს, უკეთეს შემთხვევაში, სექტემბერ-ოქტომბერში განიხილავს.

მსოფლიო ბანკთან ტრადიციული კონსტრუქციული ურთიერთობის ფორმატი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მკვეთრად შეიცვალა. ამ ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა ჯუდი’ო კონორმა, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის კეთილგანწყობილი და დიპლომატიური იყო ეკონომიკურ ბლოკთან ურთიერთობისას, ჯერ კიდევ შარშან გამოთქვა თავისი შეშფოთება საქართველოში მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობისა და ქართველი პარტნიორების მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო. უკვე წელს, გაზაფხულზე, ო კონორის გამოსამშვიდობებელი არაოფიციალური ვიზიტის დროს, ამ შეშფოთების ტონი კიდევ უფრო გამკაცრდა, რამაც მაშინ სახელმწიფო მინისტრის გულისწყრომაც გამოიწვია, სამართლიანი კი იქნებოდა, ავთანდილ ჯორბენაძის გულისწყრომის მიზეზი მსოფლიო ბანკის მაღალი ჩინოვნიკის გამონათქვამები კი არ გამხდარიყო, არამედ მას პრობლემები იმთავითვე საკუთარ სამწყსოში ეძებნა.

ქვეყანას, რომელიც პერმანენტულად არღვევს დადებულ პირობებს, თანმიმდევრული არ არის პროგრამების განხორციელებისას და გამოყოფილი გრანტებისა და კრედიტების მიზნობრიობაც დიდ ეჭვს იწვევს, ბუნებრივია, დონორების მუდმივი მფარველობის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ო’კონორის ვიზიტის შემდგომ ხელისუფლებამ სცადა სიტუაციის გამოსწორება და რამდენიმე პირობა ფორმალურად შეასრულა კიდეც: კერძოდ, პარლამენტმა მიიღო კანონი ლიცენზირების სისტემის შესახებ; ხელმოწერილია პრეზიდენტის განკარგულება ადმინისტრაციული ბარიერების დაძლევის ღონისძიებათა შესახებ და, აგრეთვე, მთელი რიგი ნორმატიული აქტები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ოპტიმალური გარემოს შექმინსკენაა მიმართული.
თუმცა ეს მხოლოდ ფორმალური აქტებია, რომელმაც, ბუნებრივია, ვერც ლიცენზირების სისტემის მოწესრიგების იმედი მოგვცა და, მითუმეტეს, ვერც მცირე და საშუალო ბიზნესს მისცა რაიმე შვება. მიუხედავად ამისა, ეს ნორმატიული ბაზა შეიქმნა. თუმცა შეუსრულებელი დარჩა რამდენიმე პირობა, რომელთა შესრულებას მთავრობა უახლოეს მომავალში გვპირდება. საუბარია სერტიფიკაციისა და სტანდარტიზაციის სფეროში დოკუმენტის მიღებაზე. ამ საკითხის გადაჭრა კი დაკავშირებულია საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს მიღებასთან. მთავრობამ, ასევე, უნდა უზრუნველყოს მსხვილი საწარმოების პრივატიზაციის გრაფიკის შესრულება და განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროების დროული დაფინანსება.
ხელისუფლებამ ამ პირობების დროულად შესრულებაც რომ მოახერხოს, მსოფლიო ბანკის მიერ სტრუქტურული გარდაქმნების ტრანშის გამოყოფა მაინც სერიოზული განსჯის საგანი გახდება, რადგან, ჯერ ერთი, ეს ორგანიზაცია თავის გადაწყვეტილებას სავალუტო ფონდის პარალელურად მიიღებს და, მეორეც, საქართველოს უკვე სერიოზულად აქვს შერყეული ავტორიტეტი დონორებთან, რამაც არ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს მათ ვერდიქტზე. ყოველივე ამის გამო, ნუგეშად ჯერჯერობით ის 10 მილიონი აშშ დოლარი უნდა ვიკმაროთ, რომელსაც შეგმან ჟანგი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისათვის დაგვპირდა.
XS
SM
MD
LG