Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდსის ეპიდემია ფართოვდება, განსაკუთრებით რუსეთში,შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში


ელენე ლორთქიფანიძე კვირას, 7 ივლისს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მუშაობას შეუდგება შიდსის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია. მის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა გაეროს შიდსის პროგრამის ანგარიში,

რომელიც მოიცავს ინფორმაციას 2001 წლის ბოლომდე მსოფლიოში შიდსისა და შიდსის გამომწვევი ვირუსის გავრცელების შესახებ.

ანგარიში გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორიმა პიტერ პაიოტმა წარადგინა. მისი თქმით,შიდსის გავრცელება გრძელდება და ახლა უკვე ნათელია, რომ ისტორიული პერსპექტივით, მსოფლიო შიდსის ეპიდემიის, უდიდესი ეპიდემიისა კაცობრიობის ისტორიაში, მხოლოდ საწყის ფაზაშია.

და ეს მიუხედავად ზოგიერთი მეცნიერის იმედისა, რომ სენი უკან დაიხევს, როგორც კი შემცირდება უდიდესი რისკის ადამიანების რიცხვი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოტსვანაშიც კი, შიდსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში, ინფექციის დონე 36-დან 39-მდე გაიზარდა.

პაიოტი ამბობს, რომ შიდსის ეპიდემია ყველა ქვეყანასა და საზოგადოების ნებისმიერ სექტორს ემუქრება ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. მაგალითად, შარშან აფრიკის ერთ მილიონ ბავშვს შიდსმა მასწავლებლები წაართვა.

ანგარიშის შემდგენელთა ვარაუდით, მომავალი ორი ათეული წლის განმავლობაში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 68 მილიონი ადამიანი მოკვდება შიდსისგან, თუ მდიდარი სახელმწიფოები შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის წლიურად 10 მილიარდ დოლარს არ გაიღებენ. შედარებისთვის: დაავადების აღმოჩენის შემდეგ, 1981 წლიდან მოყოლებული, მან დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შიდსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში. ახლა ის გასცდა “ნემსის ნარკომანების” წრეს და უფრო ფართო საზოგადოებაც მოედო. მაგალითად, უკრაინაში ახლად ინფიცირებულთა 25 პროცენტმ ჰეტეროსექსუალები შეადგენენ.

რუსეთში 1998 წლის შემდეგ შიდსით დაავადებულთა და შიდსის ვირუსის მატარებელთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა და 2001 წელს, ოფიციალურად 173 ათასს აღწევდა. რეალურად ეს ციფრი შეიძლება ოთხჯერ უფრო დიდი იყოს.

ანგარიშის მიხედვით, შიდსის დონე სწრაფად იზრდება აზერბაიჯანში, ესტონეთში, ლატვიაში, შუა აზიის რესპუბლიკებსა და საქართველოში.

შიდსის საშიშროების შესახებ მოსახლეობის ყველაზე დაუცველმა ჯგუფებია თითქმის არაფერი იციან. მაგალითად, ტაჯიკეთში 15-19 წლის გოგონების მხოლოდ 10 პროცენტს ჰქონდა გაგონილი მის შესახებ.

უკრაინაში მოზარდი გოგონების მხოლოდ 9 პროცენტმა იცოდა პრევენციის საშუალებების შესახებ. ამასთან, უკრაინას შიდის გავრცელების მიხედვით ევროპაში პირველი ადგილი უჭირავს. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 50 მილიონია,ამ ვირუსით დაახლოებით 250 ათასი კაცია ინფიცირებული.

მიუხედავად პირქუში სტატისტიკისა, ამბობს პაიოტი, დამოკიდებულება ამ სენის მიმართ შეიცვალა. მსოფლიო თითქოს გამოფხიზლდა. უფრო აქტიურად ეპასუხება შიდსის მკურნალობისა და პრევენტირების პრობლემებს დაბალი და საშუალო სიდიდის შემოსავლის მქონე ქვეყნებში. 1999 წლის შემდეგ ექვსჯერ გაიზარდა მათთვის წლიური დახმარება და ამჟამად იგი 2 მილიარდ 800 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ეპიდემიასთან საბრძოლველად წელიწადში 10 მილიარდი დოლარია საჭირო.

აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად – 90 პროცენტით – დაეცა შიდსის საწინააღმდეგო წამლის ფასი. პაიოტის სიტყვით, ამას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის, ზოგიერთი ფარმაცევტული ფირმის მიერ ფასების ნებაყოფლობითმა დაკლებამ და ურთიერთკონკურენციამ.

მიუხედავად იმისა, რომ შიდსის საწინააღმდეგო წამლის ფასი დღეში ერთ დოლარამდე დაეცა, ეს საკმარისი არ არის. ექსპერტთა თქმით, დაავადებულის სიცოცხლის გადასარჩენად მკურნალობის მთელი კურსის ფასი კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირდეს.
XS
SM
MD
LG