Accessibility links

logo-print

როგორ აპირებენ ამერიკელები დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას?


ანდრო ეული, პრაღა ორ საუკუნეზე მეტი ხნის ტრადიცია აქვს ამერიკაში საყოველთაო ზეიმს ყოველი წლის 4 ივლისს, როცა ხალხი ბრიტანეთისგან მოპოვებულ დამოუკიდებლობას აღნიშნავს.

მილიონობით ამერიკელი პიკნიკებით, ფოიერვერკებით, ზღვაში გასეირნებითა და აღლუმებით აღნიშნავს ამ დღესასწაულს. მართალია, ზეიმი ხუთშაბათს, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გაიმართება, მაგრამ მრავალი ამერიკელი გრძნობს, რომ დამოუკიდებლობის დღე წლეულს განსხვავებული იქნება. 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ქვეყანაში პატრიოტიზმის აღზევება მოხდა, რასაც ტერორიზმის მოსალოდნელ განახლებასთან დაკავშირებით შიშიც დაერთო.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ცალკეული შტატებისა და პროვინციების სამართალდამცავ უწყებებს სიფხიზლისკენ მოუწოდა, ხოლო ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში უშიშროების საგანგებო ზომებია მიღებული. კონკრეტული მუქარა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მართალია, არავის მიუღია, მაგრამ სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ სადაზვერვო უწყების რამდენიმე საანგარიშო მოხსენება სიფხიზლისკენ მოუწოდებს თეთრი სახლის ადმინისტრაციას. თუმცა, ამასთანავე, პაუელმა მოუწოდა თანამემამულეებს, ტრადიციას არ უღალატონ და სათანადოდ აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე.

ასეთივე მოწოდებით გამოვიდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონ ფორთიც, რომელიც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ალ გორის მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში. ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში ფორთმა განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმის მუქარის გამო ამერიკელებმა ხელი არ უნდა აიღონ 4 ივლისისთვის დაგეგმილ ზეიმზე. მისივე თქმით, მთავრობამ, ყოველი შემთხვევისთვის, ყველა საჭირო ზომა მიიღო: [ლეონ ფორთის ხმა] ”ჩემი აზრით, შეერთებული შტატები ხმარობს ყველა შესაძლო ღონეს, ანუ მთავრობის ყოველი უწყება, რომელსაც თავდასხმის უვნებელყოფაში შეუძლია წვლილის შეტანა, სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. ამდენად არ ვიცი, კიდევ რის გაკეთება შეიძლება.”

ვაშინგტონსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში 4 ივლისს უშიშროების საგანგებო ზომების მიღებაა დაგეგმილი. სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ დროებით აკრძალა ფრენა ისტორიული ნაგებობების, მათ შორის ნიუ-იორკის ცნობილი ”თავისუფლების ქანდაკების” მახლობლად. ცენტრალურ მოედანს ვაშინგტონში, სადაც ხუთშაბათს ღამით საზეიმო კონცერტი ფოიერვერკებით დამთავრდება, შემოღობავენ. რამდენიმე დიდ ქალაქს ავიაგამანადგურებლები დაიცავენ, ხოლო ცალკეულ ქუჩებსა და ხიდებზე შეწყდება ავტომანქანების მოძრაობა.

ამასობაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა საზღვარგარეთ მიმავალი თუ უცხოეთში მცხოვრები ამერიკელები, თავი შეიკავონ თანამემამულეებთან ჯგუფური თავშეყრისგან.
XS
SM
MD
LG