Accessibility links

პენტაგონი ავღანეთში ორშაბათს მომხდარ ინციდენტს იძიებს


ანდრო ეული, პრაღა ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია ის ტრაგიკული ამბავი, რომელიც ამ ორიოდე დღის წინათ ავღანეთში მოხდა. ვგულისხმობ ინციდენტს,

როცა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა სამხრეთ ავღანეთში ცეცხლი გაუხსნა ქორწილის მონაწილე ათობით მშვიდობიან მოქალაქეს. სამშაბათს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პიტერ პეისმა, ვაშინგტონში, პრესკონფერენცია გამართა. გენერლის თქმით, თვითმფრინავის ეკიპაჟი დარწმუნებული იყო, რომ მას საზენიტო ქვემეხებიდან უშენდნენ ცეცხლს და საპასუხო იერიშიც ამიტომ მიიტანა. გენერალმა პეისმა დასძინა, რომ ორშაბათს მომხდარ ამ ინციდენტთან დაკავშირებით მრავალი ფაქტია დასაზუსტებელი, მათ შორის ისიც, თუ რამდენი ადამიანი იქნა მოკლული.

პიტერ პეისმა თქვა, რომ ბომბდამშენი ”B-52”, რომელმაც თანამგზავრიდან მართვადი 7 ბომბი ჩამოაგდო ურუზღანის პროვინციაში, სადაც ბუნკერსა და გამოქვაბულებში თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლები იმალებიან, როგორც ჩანს, არანაირად არაა დაკავშირებული ორშაბათს მომხდარ ინციდენტთან. მართალია, 7-დან ერთი ბომბი სამიზნეს ასცდა, მაგრამ იგი დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდაო, დასძინა ამერიკელმა გენერალმა.

პიტერ პეისი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ორშაბათის ინციდენტში საბრძოლო თვითმფრინავს ”AC-130”-ს მიუძღვის ბრალი. მისივე თქმით, ამ თვითმფრინავის ეკიპაჟი დარწმუნებული იყო, რომ საზენიტო არტილერიას უშენდა ცეცხლს.

ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაიღუპა, სულ ცოტა, 40 ადამიანი, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი, ხოლო ასზე მეტი – დაიჭრა, როცა ”B-52”-დან ჩამოგდებული ყუმბარა სახლს დაეცა სოფელ დეჰ რავუდის მახლობლად, სადაც პუშტუნები ქორწილს ზეიმობდნენ და, ტრადიციისამებრ, ჰაერში ისროდნენ.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ავღანელი და ამერიკელი ექსპერტები შეუდგნენ ორშაბათს მომხდარი ინციდენტის გამოძიებას. მისივე თქმით, ომის დროს შეცდომები გარდაუვალია, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია: [დონალდ რამსფელდის ხმა] ”რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა ყოველთვის ტრაგედიაა და სახმელეთო ჯარის სარდალმა ორშაბათს მომხდარი ინციდენტის გამო ღრმა სინანული გამოთქვა.”

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ თავისთან იხმო შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები და ქვეყანაში განთავსებული მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების სარდლობა და ”ღრმა შეშფოთება და სინანული გამოთქვა” ორშაბათს მომხდარი ინციდენტის გამო.

ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ქორწილი, სადაც ორშაბათს ტრაგედია მოხდა, იმ ადამიანის სახლში გაიმართა, რომელმაც იგი დაღუპვას გადაარჩინა ურუზღანის პროვინციაში თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” იერიშის დროს.
XS
SM
MD
LG