Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იუგოსლავიის მოვლენების განმეორებას ვარაუდობს


თბილისში ადგილობრივი არჩევნების გაუქმების საშიშროებამ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ბუდაპეშტიდან საქართველოში დაბრუნებამდე ააფორიაქა

და მიღწეულის გადასარჩენად სააკაშვილის გუნდმა უზენაეს სასამართლოს მიმართა. მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებისთანავე მიღწეულის შესანარჩუნებლად ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა.

საოლქო სასამართლომ, რომელმაც დააკმაყოფილა “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების გადამოწმების შესახებ, ასევე გაითვალისწინა სახალხო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების მოთხოვნაც და ხმების გადათვლამდე ახალი საკრებულოს შეკრება შეაჩერა. სააკაშვილის გუნდმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, მან კი საქმე 3 დღეში განსახილველად ისევ საოლქო სასამართლოს დაუბრუნა.

უზენაესი სასამართლოს ამ ნაბიჯმა ბუდაპეშტიდან ახლახან დაბრუნებული სააკაშვილის გულისწყრომა გამოიწვია. მან 3 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

[სააკაშვილის ხმა] „საოლქო სასამართლო აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების საბოლოოდ გაუქმების შესახებ. მე მინდა და დღეს მე მსურს გავაფრთხილო პრეზიდენტი შევარდნაძე. თუ ის დაუშვებს თბილისის არჩევნების შედეგების გაუქმებას, თუ ის ხელს შეუწყობს თბილისის არჩევნების შედეგების გაუქმებას, მაშინ ჩემთვის, “ნაციონალური მოძრაობისთვის” და თბილისის მოსახლეობისთვის ედუარდ შევარდნაძე აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი.“

საოლქო სასამართლოს ჯერ არარსებული გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს მოქმედებით ასაბუთებს და დასძენს: ხელისუფლების ჩაურევლობის შემთხვევაში, ჩემს იურისტებს - კობა დავითაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს და სხვებს - ჯორბენაძის ადვოკატები ვერ აჯობებდნენო. თუმცა იგი, ამავე ლოგიკით, ეჭვქვეშ აყენებს “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც.

სააკაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის დედაქალაქზე პასუხისმგებლობა იტვირთოს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდეს. იგი მოითხოვს, რომ არჩევნების შედეგების შემოწმება საკრებულოს სხდომების პარალელურად გაიმართოს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იხსენებს ანალოგიურ შემთხვევას, როდესაც პარლამენტის შემადგენლობა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უმნიშვნელოდ შეიცვალა.

მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ საოლქო სასამართლოს სავარაუდო გადაწყვეტილების შესაჩერებლად და მასზე ზემოქმედების მოსახდენად მუქარასაც კი მიმართავს და იუგოსლავიის მოვლენებს იხსენებს.

[სააკაშვილის ხმა] „ბელგრადის არჩევნების შედეგები გააუქმა იუგოსლავიის სასამართლომ, მილოშევიჩს ხმა არ ამოუღია, მაგრამ ხალხი გამოვიდა და გადააყენა მილოშევიჩი. არავის არ დაუყენებია საკითხი იუგოსლავიის სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენებისა. ასეთი საკითხები ხალხის თვალში არ წყდება სასამართლოების დონეზე. ყველას შეუძლია სირაქლემასავით თქვას, რომ რა შუაში ვარ სასამართლოსთან, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რა შუაშია პრეზიდენტი, მისი მთავრობა, მისი მინისტრები დღევანდელ სასამართლო პროცედურასთან.“[სტილი დაცულია]

მიხეილ სააკაშვილი იუგოსლავიის სცენარის განმეორების შესაძლებლობას სამართლიანად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ცვლა არჩევნების გზით ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG