Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტართა უშედეგო დებატები. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის მუშაობის შეფასება ვერ შეძლო


საქართველოს პარლამენტი, მთავრობის საქმიანობის კონტროლის თვალსაზრისით, გვარიანად რომ მოიკოჭლებს, ეს პარლამენტის 3 ივლისის რიგგარეშე სხდომაზეც დადასტურდა.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის პრობლემებზე მსჯელობა იქ ყოველგვარი დადგენილების მიუღებლად ამოიწურა. პარლამენტმა ვერ შეძლო მკვეთრად უარყოფითი შეფასება მიეცა მთავრობის მუშაობისათვის და არც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ლოიალური შინაარსის დადგენილების პროექტს დაუჭირა მხარი. მთავრობის საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით გამართული დებატები უშედეგო აღმოჩნდა.

მას, ვინც 3 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ადევნებდა თვალყურს, აუცილებლად გაუჩნდებოდა შეკითხვა – “რა უფრო აინტერესებთ პარლამენტარებს, როგორ მუშაობს ტელეკომპანია “რუსთავი - 2” თუ მთავრობა, რომელმაც წლევანდელ ბიუჯეტს უკვე 38 მილიონი დააკლო?” ამ შეკითხვის პასუხი ძნელი მისაგნები არ იყო. რიგგარეშე სხდომის პირველი ნაწილი, მთლიანდ, “რუსთავი - 2”- ის საქმიანობის მიმოხილვას დაეთმო, მეორე ნაწილი - აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის შეფასებას. რიგგარეშე სხდომის ეს მეორე ნაწილიც, პირველი ნაწილივით, უნაყოფო და დამაფიქრებელი იყო. ორივე შემთხვევაში პარლამენტმა დაადასტურა, რომ მას ქვეყანაში არსებული სიტუაციის დანახვა აშინებს. რიგგარეშე სხდომაზე გამოაშკარავდა, რომ პარლამენტართა ერთ ნაწილს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ შემოთავაზებული ყოველდღიური პოლიტიკური დებატები ნერვებს უშლის და ამ ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობის შესწავლის სურვილი ამოძრავებს; დიდ ნაწილს კი მთავრობის მუშაობა ნერვებს არ უშლის და, შესაბამისად, არც ის აღელვებს, რომ ვერ ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის ფუნქციას. არადა, პარლამენტის ფუნქციებში სწორედ მთავრობის მუშაობის კონტროლი შედის და არა ამა თუ იმ კერძო კომპანიის ფინანსური საქმიანობისა. ასეა თუ ისე, დეპუტატებმა მთავრობის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს და, ამის მიუხედავად, 2002 წლის ბიუჯეტის პრობლემებზე მსჯელობა სრულიად უშედეგოდ დაასრულეს.

“2002 წლის ბიუჯეტი შესრულებულია 87 პროცენტით. მასში წარმოქმნილ გარღვევას კი, ძირითადად, გრანტების მიღების შეფერხება განაპირობებს. “ – ამაო იყო სახელმწიფო მინისტრის ასეთი შეფასებით აღშფოთებული დეპუტატების მცდელობა, პარლამენტს ავთანდილ ჯორბენაძის პასუხისგების საკითხი გამოეკვეთა. ასევე უშედეგო აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ცდაც, სენსაციური განცხადება გაეკეთებინა.

[მიხეილ სააკაშვილის და ნინო ბურჯანაძის ხმები]
მიხეილ სააკაშვილი - “საქართველოს მთავრობას დაკარგული აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. ნახეთ, როგორია მათი გამოხმაურებები. სირაქლემას პოზიცია არაფერს არ მოგვიტანს. საქართველოს მთავრობას საბოლოოდ დაკარგული აქვს საკუთარი ხალხის მხარდაჭერაც. მივდივართ სიტუაციისკენ, როცა..”
ნინო ბურჯანაძე – “თქვენი დრო ამოიწურა, ბატონო მიხეილ, ძალიან ვწუხვარ.”

ჟვანია-სააკაშვილის ფრაქციებმა და ტრადიციონალისტებმა კენჭისყრაზე დააყენეს დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტისთვის სახელმწიფო მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა უნდა მოეთხოვათ. ამ ინიციატივას მხოლოდ 30 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კიდევ უფრო ნაკლები მხარდამჭერი გამოუჩნდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ტრადიციულ ვარიანტს მთავრობის წლევანდელი მუშაობის არადამაკმაყოფილებლად ცნობის შესახებ.

მოკლედ, მთავრობის მუშაობის შეფასება არ მოხდა. სახელმწიფო მინისტრი პარლამენტიდან კმაყოფილი წავიდა. უკმაყოფილო ტრადიციონალისტებმა კი გადაწყვიტეს ხელმოწერები შეაგროვონ, ავთანდილ ჯორბენაძის იმპიჩმენტის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG