Accessibility links

logo-print

პიტერ შოუს გატაცება ისევ ბურუსით არის მოცული


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გატაცებიდან უკვე ორი კვირა გავიდა, მაგრამ რაიმე შედეგი სამართალდამცავი ორგანოების ძებნას ჯერაც არ მოჰყოლია.

უშედეგო აღმოჩნდა გამტაცებელთა ფოტორობოტების გამოქვეყნებაც და ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოს დაწესება – ხელშესახები ცნობები პიტერ შოუს ადგილსამყოფელის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არა აქვთ. შეგახსენებთ პიტერ შოუს გატაცების ზოგიერთ დეტალს.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები საგონებელში არიან ჩავარდნილნი: თბილისის ცენტრიდან პიტერ შოუს გატაცების ორი კვირის თავზე გამტაცებლებს მძევლის გათავისუფლების პირობები არ წამოუყენებიათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და “აგრობიზნესბანკის” ადმინისტრაცია უარყოფს ამ დღეებში საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ცნობას – თითქოს, ბანკს გამტაცებლები დაუკავშირდნენ და გატაცებულის გამოსასყიდად 2 მილიონი დოლარი მოითხოვეს.
სწორედ გამტაცებელთა გასაოცარი სიფრთხილის გამო ჩანს კიდევ უფრო საფუძვლიანი ჯერ კიდევ გატაცების პირველ დღეებში გამოთქმული ეჭვი, რომ გამტაცებლები პროფესიონალები არიან, განსხვავებით იმავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან, რომლებიც შეესწრნენ გატაცებას, მაგრამ მის აღსაკვეთად ვერაფერი იღონეს. გარდა ამისა, ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო საინტერესო ნიუანსები იკვეთება. 3 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ დახმარებისთვის “ინტერპოლს” მიმართა. ინტერპოლი კი, მოგეხსენებათ, დამნაშავეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ეძებს. ეს ფაქტი, ნაწილობრივ, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს პიტერ შოუს საქართველოდან გასვლის თუ გაყვანის შესაძლებლობას.
შეგახსენებთ: “აგრობიზნესბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრის, ბრიტანელი მოქალაქის პიტერ შოუს გატაცების შემდეგ რამდენიმე ვერსია გამოითქვა. მაგალითად, გენერალური პროკურორი არ გამორიცხავდა ბრიტანელი ბიზნესმენის კავშირს “აგრობიზნესბანკის” საპრივატიზაციო ტენდერთან. როგორც ჩანს, ეს ვერსია არ გამართლდა: ამ დღეებში გავრცელებული ცნობით, ტენდერი ჩატარდა და გამოვლინდა გამარჯვებულიც - ერთ-ერთი ფრანგული კომპანია, რომელიც “აგრობიზნესბანკს” პრივატიზაციისთვის მოამზადებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით შერვაშიძის განცხადებით, ევროკავშირმა ტასისის პროგრამის ფარგლებში გამოყო 1 მილიონი დოლარი ამ ბანკის საპრივატიზაციოდ მოსამზადებლად. მისივე განმარტებით, პრივატიზაციის შემდეგ “აგრობიზნესბანკს” მეტი საშუალება ექნება უცხოური ბანკების კაპიტალის მოსაზიდად. ამავე დროს, ევროკავშირმა პიტერ შოუს გატაცების გამო გადადო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მესამე სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის მიმდინარეობა. ცნობისთვის: ეს ერთადერთი პროგრამაა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას ემსახურება საკმაოდ სოლიდური თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვით. შესაბამისად, პიტერ შოუს აღმოჩენა არა მხოლოდ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების პრესტიჟის საქმეა, არამედ საქართველოს ბიუჯეტისთვის საკმაოდ მტკივნეული დარტყმის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაც – გატაცებულის ბედის გარკვევამდე, საეჭვოა, ევროკავშირმა საქართველოს მორიგი ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს.
სხვათა შორის, როგორც ირკვევა, ბიზნესმენების გატაცების პრაქტიკა აფხაზეთშიც წარმატებით ვითარდება. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესის” ინფორმაციით, მეცხრე დღეა, რაც აფხაზეთში უშედეგოდ ეძებენ მოსკოვის ერთ-ერთი ბანკის მმართველს სტავრო სტილიდის, რომელიც სოხუმი-მიხაილოვკის გზაზე ოთხმა ნიღბოსანმა გაიტაცა. კიდევ ერთი ნიუანსი: დაკარგული ბანკირი სოხუმის ხელისუფლების პრემიერის ანრი ჯერგენიას ახლო მეგობარია და აფხაზეთშიც პრემიერის მანქანა ემსახურებოდა.
XS
SM
MD
LG