Accessibility links

საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

გესაუბრებით მსოფლიო თანამეგობრობის სივრცეში ინტეგრაციის თანამდევ პოზიტიურ და ნეგატიურ ეფექტებზე.

ათეული წლის წინ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოს აღიარებასა და თავის რიგებში მიღებას დიდ მიღწევად აღვიქვამდით და საერთო სახალხო ზეიმით ვხვდებოდით. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქცია გახლდათ, რადგან მსოფლიო თანამეგობრობასთან ზიარება 70 წლიანი ჩაკეტილი რკინის ფარდის შემდეგ, მართლაც, შეიძლებოდა სერიოზულ წარმატებად მიგვეჩნია.
დღეს ამგვარი ფაქტები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისას უკვე ამ ინტეგრაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვიწყებთ ფიქრს.
1993 წლიდან საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ისეთ ავტორიტეტულ ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, როგორიც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გახლავთ, ორიოდე წლის შემდეგ საქართველომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კარი შეაღო. - შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრები დღემდე არ არიან ისეთი ქვეყნები, როგორიც რუსეთი და ჩინეთია.
საქართველო, რეგიონალური პროექტების ფარგლებში, ჩართულია ისეთი ტიპის სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში, როგორიცაა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაცია, სუუამი და სხვა. მაგრამ ჩვენი ინტერესის სფეროს, ტრადიციულად, ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ინსტიტუტები წარმოადგენენ.
ყოველგვარ ასეთ თანამშრომლობას თან სდევს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ურთიერთობით საქართველომ საბაზრო ეკონომიკის განვითარება დაიწყო, გატარდა რეფორმა, ქვეყანამ მიიღო ასეული მილიონობით შეღავათიანი კრედიტი, მაგრამ ამავე ორგანიზაციის წევრობით ჩვენ გარკვეული ვალდებულებები ავიღეთ, რომელთა შესრულება აუცილებელია, თუ ჩვენ კვლავ გვინდა მათი იაფი კრედიტებით სულის მოთქმა. იგივე კრედიტები, რომლებმაც, უდავოდ, სერიოზული როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფორმირებაში, ხვალ შეიძლება სერიოზულ ტვირთად გვექცეს, რადგან ეს ჩვეულებრივი კრედიტებია და მათ, ადრე თუ გვიან, უსათუოდ გასტუმრება უნდა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმართ, სხვა ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს მთელ მსოფლიოში. თავისი უკიდრესად ნეგატიური დამოკიდებულებით განსაკუთრებით ანტიგლობალისტები გამოირჩევიან, რომელთაც მსო ადგილობრივი წარმოების ჩამხშობ და დასავლეთისათვის იაფი ბაზრის მომპოვებელ მონსტრად მიაჩნიათ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას არ სწყალობენ ქართველი მეწარმეებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის წესები, რაც სტანდარტულია ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისათვის, მათ ბიზნესს ჩაკლავს და ქართულ ბაზარს იაფი იმპორტით გააჯერებს.
მსო-ს აქვს სტანდარტული მიდგომები და ის არეგულირებს ვაჭრობას, ტარიფებს, საავტორო უფლებებს და ა.შ. შესაძლოა, განვითარებადი ქვეყნებისათვის მათი სატარიფო პოლიტიკა შედარებით მკაცრად მოგვეჩვენოს, მაგრამ ადგილობრივი წარმოებისათვის პროტექციონისტული პოლიტიკის წარმოებით და სასათბურე პირობების შექმნით, ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა და საექსპორტო პოტენციალის დაგროვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენ გვაძლევენ რჩევებს, გვთავაზობენ პრობლემების გადაწყვეტის უკვე ადაპტირებულ უნივერსალურ მიდგომებს, მაგრამ ჩვენ მაგივრად ვერც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტი ვერ შეძლებს ეკონომიკის ფეხზე დაყენებას, კორუფციასთან ბრძოლას, ნორმალური საკანონმდებლო ბაზის შექმნას. რაც არ უნდა კრიტიკულები ვიყოთ მათ მიმართ, მათ რიგებში გაწევრიანება ჩვენი სურვილი იყო და, შესაბამისად, შემდგომ შედეგებზე პასუხისმგებლობაც ჩვენვე უნდა ვიტვირთოთ.
XS
SM
MD
LG