Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ და რამდენად დააზარალა საქართველო ჭარბმა ნალექმა


2002 წლის ზაფხულმა საქართველოს წყალდიდობა და ღვარცოფი მოუტანა. ჭარბმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის რეგიონები, განსაკუთრებით, კახეთი.

საქართველოს ამ უხვმოსავლიან კუთხეში წყალმა სასოფლო- სამეურნეო სავარგულები დატბორა. განადგურდა საშემოდგომო ნათესები და მევენახეობასაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებული ზარალი სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ უნდა დაადგინოს. ვარაუდობენ, რომ ის რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გადააჭარბებს. მოკლედ, წელს საქართველოს ბუნება არ სწყალობს. სინოპტიკოსები წვიმების გაგრძელებას ვარაუდობენ..

2002 წელი საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. წლევანდელ გაზაფხულზე თბილისისთვის მიწისძვრით მიყენებულ ზიანს ზაფხულის არასასიამოვნო მოვლენა - ჭარბი ნალექი და წყალდიდობა დაემატა. მან საქართველოს არა ერთ რეგიონს მიაყენა სერიოული ზარალი. ჯერ დასავლეთ საქართველოს, - განსაკუთრებით, ზესტაფონის, სამტრედიის და ვანის რაიონებს, - შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოს. ჭარბი ნალექებით მიღებული ზიანი კახეთის რეგიონისთვის მასშტაბური აღმოჩნდა. მძიმე მდგომარეობა შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მხარეებშიც, მათ შორის, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და განადგურდა მარცვლეული კულტურები, რომლის აღებაც მოკლე ხანში უნდა დაწყებულიყო. ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლევან მამალაძემ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან მოითხოვა, ანალოგიურო მოთხოვნით, ალბათ, სხვა რწმუნებულებიც გამოვლენ. სერიოზული პრობლემებია შექმნილი ბორჯომის რაიონშიც, თანაც, გაცხარებულ საკურორტო სეზონში.

წყალდიდობის შედეგებს სპეციალური სამთავრობო კომისია სწავლობს. ციფრები დაზუსტებული არ არის, ვარაუდების დონეზე კი, ზარალმა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს უნდა გადააჭარბოს.
სტიქიით დაზარალებული კახეთი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს. იქ 28-29 ივნისის გადაუღებელი წვიმების შედეგად მიღებული მძიმე სურათი საკუთარი თვალით იხილა სასოფლო-სამეურნო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი ლომიძემაც. მისი ინფორმაციით, მარტო სიღნაღის რაიონში წვიმამ და ღვარცოფმა 6300 ჰექტარზე განფენილი ხორბლის ნათესები გაანადგურა. სიღნაღის რაიონში მნიშვნელოვნად დაზიანდა 500 ჰექტარი ვენახი, 600 ჰექტარი ბოსტნეულ-ბაღჩეული და 1000 ჰექტარი მზესუმზირის კულტურა. ღვარცოფით მოტანილმა ქვა-ღორღმა გადაკეტა სარწყავი სისტემები და წყალს მიმართულება შეუცვალა. მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე კოლექტორებიც.
ამ ყველაფერმა დააზიანა 25 -მდე ფერმა და მწყემსების საცხოვრებლებიც.
განსაკუთრებით დაზარალდნენ სოფლების: ნუკრიანის, ულიანოვკას, ბოდბისხევის და მაღაროს მცხოვრებნი.
ანალოგიური ვითარებაა გურჯაანის რაიონშიც, სადაც, ვალერი ლომიძის თქმით:

[ვალერი ლომიძის ხმა] "წინასწარი მონაცემებით, სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა 8000 ჰექტარი ნათესები, 600 ჰექტარი ვენახი და მრავალწლიანი კულტურები.
აქ განსაკუთრებით დაზარალდნენ ვაჩნაძიანის, შაშიანის და ვაზისუბნის მცხოვრებლები."

გავრცელებული ინფორმაციით, სიღნაღის რაიონში დანგრეულია 2 ხიდი და 140 საცხოვრებელი სახლი, 4 კილომეტრის სიგრძის კოლექტორი, 250 კილომეტრი შიდასასოფლო და 15 კილომეტრი საერთაშორისო გზის მონაკვეთი. კახეთში შექმნილი ვითარება მარცვლეული კულტურის გარეშე დარჩენის საშიშროებაზე მეტყველებს. როგორც ვალერი ლომიძე ამბობს:

[ვალერი ლომიძე] "ფაქტობრივად, კახეთის რაიონში მზად იყო ერთწლიანი საშემოდგომო ნათესები მოსავლის აღების განსახორციელებლად. წყალდიდობამ მნიშვნელოვანი დაღი დაასვა მოსავლიანობას. დაიტბორა ნათესები."

წვიმებმა დააზარალა მცხეთა-მთიანეთიც. სირთულეები შეიქმნა დედაქალაქის წყალმომარაგებაშიც. ამის მიზეზი წყლის რამდენიმე სათაო ნაგებობის გამორთვა გახდა. "თბილწყალკანალში" განმარტავენ, რომ, სტიქიის შედეგად, თბილისელებს სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხე არ ემუქრება. ასეა თუ ისე, არსებობს სხვა საფრთხეც. ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ წვიმების განმეორებისა და გაგრძელების შემთხვევაში ჟინვალის წყალსაცავი მოჭარბებულ წყალს ვერ გაუძლებს, რომ დიდი შანსია ჯებირებიდან გადმოსულმა წყალმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დატბოროს და სერიოზული პრობლემები შეუქმნას თბილისსაც. ისღა დაგვრჩენია, ოპტიმისტები დავრჩეთ და ვირწმუნოთ, რომ სინოპტიკოსების არცთუ დამაიმედებელი პროგნოზი არ გამართლდება და წვიმიანი ამინდები მზიანი ამინდებით შეიცვლება. რაც შეეხება სტიიქით უკვე დაზარალებულებს, მათ საქართველოს ხელისუფლების თანადგომისა და დახმარების დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ. თავად ხელისუფლებას კი იმედი აქვს. მას შემდეგ, რაც სამთავრობო კომისია ზარალის კონკრეტულ მაჩვენებლებს დაადგენს, ის საერთაშორისო დახმარებების მიღებას დაელოდება. მთავარია, ეს დახმარება სტიქიით მიღებული ზარალის კომპენსაციისთვის დაიხარჯოს და მავანთა ჯიბეებში არ დაილექოს. მაგრამ, იქნება თუ არა ეს ასე, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ.
XS
SM
MD
LG