Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ 15 ივლისამდე გააგრძელა სამშვიდობო მისიის მანდატი ბოსნიაში


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს დილით, გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წინადადებას, რომ 15 ივლისამდე გადაიდოს გადაწყვეტილების მიღება ბოსნიაში გაეროს სამშვიდობო მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე.

ამდენად, 15-წევრიან უშიშროების საბჭოს საკმარისი დრო მიეცა საიმისოდ, რათა მოაგვაროს უთანხმოება შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის ახლახან დაარსებული მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის გარშემო. ვაშინგტონი მოითხოვს, რომ გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცები იმუნიტეტით იქნენ დაცული ხსენებული ტრიბუნალის მხრიდან მოსალოდნელი გასამართლებისგან. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის ასეთი დაჟინებული მოთხოვნა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციათა მთელს სისტემას.

მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, შეერთებულმა შტატებმა, კვირას, ვეტო დაადო უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ბოსნიაში სამშვიდობო მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე. მოგვიანებით, შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ჯონ ნეგროპონტე
დათანხმდა 15 ივლისამდე გადაიდოს საბჭოში ამ საკამათო საკითხის განხილვა. თეთრი სახლის ადმინისტრაცია შიშობს, რომ მას შემდეგ, რაც მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალი დაარსდა ამ კვირაში შეუდგა საქმიანობას ჰააგაში, ამან შესაძლოა მწვანე შუქი მისცეს საზღვარგარეთ მყოფ ამერიკელ მოქალაქეთა წინააღმდეგ ყალბი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების წაყენებას.

ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჯერემი გრინსტოკმა, რომელიც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს ამჟამად, ოთხშაბათს ნიუ-იორკში განაცხადა: [ჯერემი გრინსტოკის ხმა] ”საბჭოს მიაჩნია, რომ მეტი დროა საჭირო წამოყენებულ წინადადებათა განსახილველად, ამ სამშვიდობო მისიის მანდატსა და საერთაშორისო ტრიბუნალის დაპირისპირებას რომ ეხება. დისკუსიები, რაღა თქმა უნდა, სხვაგანაც გაგრძელდება იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, და მერე ისევ საბჭოს დაუბრუნდება განსახილველად.”

ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა კრება მოაწყეს ოთხშაბათს გაეროში და აღშფოთება გამოთქვეს ვაშინგტონის პოზიციის გამო, ხოლო მოგვიანებით, უშიშროების საბჭოს წევრებს გაუგზავნეს წერილობითი მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები ერთხმად უჭერენ მხარს მუდმივმოქმედი ტრიბუნალის დამოუკიდებლობას.

უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელსაც კვირას ვეტო დაადო შეერთებულმა შტატებმა, 6 თვით ითვალისწინებს ადგილობრივ პოლიციელთა მოსამზადებლად ბოსნიაში მივლინებული გაეროს 1 500-კაციანი შენაერთის მანდატის გაგრძელებას. მომავალი წლიდან, ევროკავშირმა უნდა განახორციელოს ბოსნიაში გდაილობრივ პოლიციელთა მომზადება. ამავე რეზოლუციის თანახმად, ერთი წლით უნდა გაგრძელდეს ბოსნიაში განთავსებული ნატოს მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების მანდატი.

შეერთებული შტატების პოზიცია მუდმივოქმედ საერთაშორისო ტრიბუნალთან მიმართებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად ”ჰიუმან რაიტს უოჩის” საერთაშორისო სამართლის პროგრამის დირექტორმა რიჩარდ დიკერმაც გააკრიტიკა. ”იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭიროს ტრიბუნალის მთავარ მიზანს – სამართალში იქნენ მიცემული მომავალი პოლ პოტები და სადამ ჰუსეინები – შეერთებული შტატების მთავრობის ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ სრული იმუნიტეტი მიიღოს ტრიბუნალის იურისდიქციისგან. ეს ჯერ კიდევ 1998 წელს, უშუდუგოდ სცადა შეერთებულმა შტატებმა, როცა რომში, ტრიბუნალის დამფუძნებელი ხელშეკრულების პროექტი მომზადდა. იგივე უნდა მოხდეს ამჯერადაცო” – განაცხადა რიჩარდ დიკერმა.
XS
SM
MD
LG