Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის არამოქალაქეები ნატურალიზაციას არ ჩქარობენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გასულ კვირაში ლატვიამ განაცხადა, რომ განაგრძობს შარშან, შემოდგომაზე დაწყებულ არალატვიელების ნატურალიზაციის კამპანიას.

კამპანიის მიზანია, დაარწმუნოს არალატვიელები, რომ ლატვიის მოქალაქეობა მათ სარგებლობას მოუტანს. რამდენიმე წლის წინათ ბევრი მათგანი ისწრაფოდა ნატურალიზაციისკენ, მაგრამ დღეს მომრავლდა მათი რიცხვი, ვისი აზრითაც მოქალაქეობის გარეშეც მშვენივრად შეიძლება ცხოვრება.

ლატვიის 2 მილიონ 300 ათასიანი მოსახლეობიდან ნახევარ მილიონს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს. ახლა. როცა რესპუბლიკა ნატოსა და ევროპის კავშირში შესვლას აპირებს, ეს სიტუაცია მისთვის მეტად დამაფიქრებელია. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გასული წლის ნოემბერში დაიწყო არამოქალაქეების ნატურალიზაციისკენ წაქეზების კამპანია. ნატურალიზაციის პროცესი ლატვიური ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლას გულისხმობს, რაც ლატვიური პასპორტის მიღებით უნდა დაგვირგვინდეს.

ლატვიის ნატურალიზაციის საბჭოს დირექტორის მოადგილემ იანის კაჩანოვიჩმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ მოქალაქეობის საკითხი პრიორიტეტულია ხელისუფლებისთვის, რომელიც თვლის, რომ არსებობს კავშირი ნატურალიზაციასა და ქვეყნის სტაბილურობას შორის. მისი თქმით, ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ქვეყანაში მცხოვრები არამოქალაქეები შეიძლება აღმოჩნდნენ პოლიტიკური გავლენის ქვეშ გარედან, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან, რომელიც კარგა ხანია აკრიტიკებს ლატვიის პოლიტიკას არამოქალაქეების მიმართ.

მეტიც, ლატვიას სურს, ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესმა მშვიდად ჩაიაროს. ევროპის კავშირს კი აშკარად არ სურს არანატურალიზებული მოსახლეობის დიდი რაოდენობით მიღება.

გასული 7 წლის განმავლობაში ლატვიის მოქალაქეობა მიიღო 52 ათასამდე ადამიანმა, მათ შორის 11 ათასმა – შარშან. ნატურალიზაციის ხელშეწყობის კამპანიის დაწყების შემდეგ მსურველთა რიცხვი ოდნავ გაიზარდა – თვეში 800-ან 1200-მდე.

ნატურალიზაციის საბჭოს თავმჯდომარემ ეიჟენია ალდერნანემ თქვა, რომ ბევრი ეძებს ინფორმაციას მოქალაქეობის მიღების თაობაზე, და საბჭომ ლატვიის ყველა რეგიონში დააარსა საინფორმაციო ცენტრები.

ამჟამად ლატვიელები ქვეყნის მოსახლეობის 58 პროცენტს შეადგენენ. 1994 წელს ხელისუფლებამ შეშფოთებულმა ასეთი დაბალი პროცენტით, მოქალაქეობის მკაცრი კანონები მიიღო, რომელმაც ბევრ არალატვიელს დაუკარგა მოქალაქეობის მიღების სტიმული. რუსეთისა და დასავლეთის პროტესტებს სამი წლის შემდეგ კანონის შერბილება მოჰყვა, მაგრამ იმ დროისთვის, ბევრმა არამოქალაქემ დაინახა, რომ ლატვიის პასპორტის გარეშეც მშვენივრად შეუძლია ცხოვრება.

ლატვიაში რუსული სკოლების ასროციაციის უფროსი იგორ პიმენოვი სკეპტიკურად უყურებს ნატურალიზაციის კამპანიას. მისი თქმით, სულ რამდენიმე წლის წინათ ლატვიელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა რუსულენოვანებისთვის მოქალაქეობა არ მიეცათ.
[პიმენოვის ხმა] “უწინ სახელმწიფო არ ენდობოდა იმ არამოქალაქეებს, რომლებიც ლატვიაში დიდი ხანია, ცხოვრობენ. ახლა სახელმწიფო მიმართავს მათ, სთავაზობს მოქალაქეობას იმავე პირობებით, როგორც პორტუგალიიდან, მაროკოდან, სერბიიდან თუ რუსეთიდან ერთი წლის წინათ გადმოსახლებულ ხალხს. ხშირად ეს დამამცირებელია მათთვის, ვინც ლატვიაში 50 წელია, ცხოვრობს.”

პიმენოვი აღნიშნავს, რომ ლატვიის რუსულენოვანთა უფროსი თაობა შეჩვეულია არამოქალაქეებად ყოფნას და არ ისწრაფის ნატურალიზაციისკენ, მით უმეტეს, რომ ლატვიურის შესწავლა უჭირთ, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკრიმინაციას არ განიცდის, არჩენებში მონაწილეობა კი დიდად არ აინტერესებს.

ნატურალიზაციის კამპანიას, ამბობს პიმენოვი, წარმატება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შორის ექნება. ლატვიური ენის პრობლემა მათთვის არ არსებობს. გარდა ამისა, ისინი თავიუფლად ფლობენ ინგლისურს, მოგზაურობენ დასავლეთში და ბევრი მათგანი რუსეთში სტუმრადაც კი არ ჩადის.

იმ მოქალაქეთაგან, რომლებზეც ელენე ლორთქიფანიძე გესაუბრათ, ზოგიერთი ემიგრაციაში წასვლასაც კი აპირებს. ასეთ ხალხს ლატვიის მოქალაქეობა ამოცანას გაუიოლებს. მით უმეტეს, 2004 წლის შემდეგ, როცა ლატვია ევროპის კავშირში გაწევრიანდება და, შესაბამისად, ამ ქვეყნის მოქალაქეობა ევროპის კავშირის მოქალაქეობად იქცევა.
XS
SM
MD
LG