Accessibility links

პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციები პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებით იმუქრებიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გამორიცხული არ არის, ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე იქცეს რიგით მესამე რწმუნებულად, ვისაც პრეზიდენტი თანამდებობიდან გაათავისუფლებს.

2 ივნისს რუსთავის საკრებულოს არჩევნებისას მომხდარი სკანდალი, როცა დაუდგენელმა პირებმა საარჩევნო ბიულეტენები მოიტაცეს, საინტერესო სცენარით ვითარდება.

პარლამენტართა ამ ერთი თვის წინანდელ განცხადებებს თუ გავიხსენებთ, პრაქტიკულად, ყველა ეჭვს გამოთქვამდა, რომ პოლიცია დააკავებდა იმ დამნაშავეებს, ვინც 2 ივნისს, გამთენიისას, რუსთავის გზაზე მიმავალი მიკროავტობუსი დააყაჩაღა და 40 ათასი ბიულეტენი გაიტაცა. 3 ივლისს პოლიციამ დააკავა ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი შოთა თინიკაშვილი, რომელსაც 4 ივლისს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ, აღმკვეთი ღონისძიების სახით, სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მაგრამ ეჭვმიტანილის ფიგურამ ახალი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. – საქმე ის გახლავთ, რომ წარსულში თინიკაშვილი ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ლევან მამალაძის დაცვის წევრი იყო.
ამ ფაქტს საპარლამენტო ოპოზიცია 4 ივლისის რიგგაშე სესიის სხდომაზე გამოეხმაურა. ფრაქცია დემოკრატები და ნაციონალები გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ. პარლამენტარ კოტე კემულარიას განცხადებით:
[კოტე კემულარიას ხმა] “ მე მოვითხოვ, რომ დაუყოვნებლივ იყოს გადაყენებული ქვემო ქართლის გუბერნატორი, ვინაიდან ის ეჭვმიტანილია – მე არ ვამბობ, რომ რამე ჩაიდინა...რადგანაც ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. ეს არის ძალიან სერიოზული, არაორდინალური საქმე. თუ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, შეიძლება საქართველოში სინათლე გამოჩნდეს გვირაბის ბოლოს, ანუ პირველად დაისაჯოს შევარდნაძის ადმინისტრაციის ღლავი.”
მაგრამ, ამ ლოგიკით თუ ვისმჯელებთ, სინათლე გვირაბში კარგა ხნის წინათ უნდა გამოჩენილიყო, როცა პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯერ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გიგლა ბარამიძე, შემდეგ კი - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კობა ბუჩუკური, რომ არაფერი ითქვას კანცელარიის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელის ბადრი ხატიძის გათავისუფლებით გამოწვეულ “სიკაშკაშეზე”. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეთა კავშირის ყოფილ და ახლანდელ წევრებს შორის დაპირისპირების არენად ამჯერად პარლამენტი იქცა. ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ. მოქალაქეთა კავშირის წევრის გელა კვარაცხელიას განცხადებით:
[გელა კვარაცხელიას ხმა] “ კატეგორიულად ვამბობ – მივიღებთ პოლიტიკური ჯგუფები განცხადებას პარლამენტში ყოფნის შესახებ. იწყება მინიშნებები პარლამენტის დარბაზიდან პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც გადადის საზოგადოებაზე. და ამას უნდა მიეცეს სერიოზული შეფასება.”[სტილი დაცულია]
პრეზიდენტის მომხრე ფრაქციები პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ კვლავ გაკეთდება ისეთი განცხადებები, როგორიც 4 ივლისს პარლამენტში გაისმა, როცა ნაციონალების წევრმა ვანო მერაბიშვილმა დევნილებს პრეზიდენტის კანცელარიაში შეჭრისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG