Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაზრებები თბილისსა და ბათუმს შორის კულტურული ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე და ქართულ-თურქული ურთიერთობის ერთი ასპექტი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი აჭარის წარმომადგენლობაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც კულტურის სფეროს, კერძოდ კი, საგასტროლო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ თემატიკას მიეძღვნა.

გესაუბრებით პრესკონფერენციაზე გაშუქებული ზოგიერთი საკითხის შესახებ.

თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის დავით ოქიტაშვილის თქმით, შემსრულებელთა საგასტროლო მოღვაწეობა გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რადგან, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ხშირად უხერხული სიტუაცია იქმნება. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბათუმში ჩასული ცნობილი შემსრულებლები რესტორნებში გამოსულან, არადა, სათანადო ორგანიზების შემთხვევაში, მათ გაცილებით უკეთეს პირობებში შეეძლოთ გამოსვლა. დავით ოქიტაშვილი მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ბათუმში არ არსებობს ანალოგიური სამსახური, ამიტომ კარგი იქნებოდა, ეს ფუნქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ეტვირთა.
“მით უფრო, რომ აჭარას დიდი გამოცდილება აქვს და უკეთ უძღვება ამ საქმიანობას”, - აღნიშნა გამომსვლელმა. დავით ოქიტაშვილმა თქვა, რომ ამგვარი მიდგომა სულაც არ ნიშნავს მონოპოლიის დაწესებას საკონცერტო მოღვაწეობაზე და მენეჯმენტის ინსტიტუტის აკრძალვას.

პარლამენტარმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ საშემსრულებლო მოღვაწეობის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება ხელს შეუწყობს თბილისსა და ბათუმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კულტურის სფეროში. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აჭარაში საკმაოდ ბევრი უცხოელი ისვენებს და მიუღებელია, რომ ისინი ქართული საშემსრულებლო ხელოვნების მდარე ნიმუშების მოწმენი გახდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილემ ამირან კიღურაძემ, ძირითადად, ისაუბრა ბათუმისა და თურქეთის ქალაქ ორდუს კულტურული ურთიერთობის შესახებ, რომელსაც ჯერ კიდევ შარშან ჩაეყარა საფუძველი. ამა წლის 18 ივნისს კი ორდუში გაიხსნა სახელმწიფო საბავშვო თეატრი, რაშიც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის მემედ აბაშიძის სახელობის ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს.

ამირან კიღურაძემ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ორდუს მცხოვრებთა შესახებ, რომელთა დიდი ნაწილის წინაპრები საქართველოს სხვადასხვა ადგილებიდან არიან წასულნი. ძალიან ბევრმა ჩინებულად იცის ქართული და ოჯახებშიც, ძირითადად, ქართულად ლაპარაკობენ. საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ქალაქ ორდუს მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, გვარად გორჯელაძეს, რომლის წინაპრები ჩაქვში ცხოვრობდნენ.

[კიღურაძის ხმა] “დაახლოებით, 150 წლის წინათ არიან წასულები მისი წინაპრები. ჩინებული ქართულით საუბრობს ეს ქალი, რომლის სახელი და გვარია ლეილა არსლანი, ახლა დაიმატა გორჯელაძის გვარი. ჩამოსული რომ იყო, გვყავდა ჩაქვში, ნახა თავისი წინაპრების მიწა და საოცრად გაუხარდა, როდესაც უთხრეს, რომ ეს ბაბუამისის ბაბუის მიწაა და რომ დღეს ის მიწა არავის ეკუთვნის”.

[ჭიპაშვილის ხმა] “რომ მოგთხოვოთ ეს საკუთრება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ეს?”

[კიღურაძის ხმა] “ბატონო ჰამლეტ, ჩვენ მზადა ვართ. იმდენი კარგი რამ გააკეთა ამ ქალმა, რომ ჩვენ მზადა ვართ, დავუთმოთ ეს მიწა”.
XS
SM
MD
LG