Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 442-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გამარჯობათ, ძვირფასო რადიომსმენელებო. ახლა გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ “მეათე სტუდიას”, რომლის 442-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ პერსპექტივაზე; გესაუბრებით “აბრეშუმის დიდი გზის” განვითარების შესაძლებლობებზე; ვისაუბრებთ თემაზე: გერმანელები საქართველოში – ისტორია და დღევანდელობა; შემოგთავაზებთ მასალას გერმანელ მწერალ ჰერმან ჰესეზე, რომლის 125-წლიანი იუბილე ამ ორიოდე დღის წინათ აღინიშნა მსოფლიოს ლიტერატურულ წრეებში. დღეს “მეათე სტუდიის” სტუმარია ვენაში მცხოვრები ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური პერსპექტივა

დავით კაკაბაძე:
საქართველოში პოლიტიკოსთა ხვედრი რომ საკმაოდ მძიმეა, ამას ყოფილი თუ დღევანდელი სპიკერების ბედიც ადასტურებს. საინტერესოა, რომ პარლამენტის პირველ პირთა ბედი ერთმანეთს წააგავს. ერთ დროს პრეზიდენტ შევარდნაძის ერთგული თანამებრძოლები, ვახტანგ გოგუაძე და ზურაბ ჟვანია დღეს ედუარდ შევარდნაძის შეურიგებელი ოპოზიციის როლში არიან. გაიმეორებს თუ არა მათს გზას პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე? თამარ ჩიქოვანს მოუსმინეთ.

თამარ ჩიქოვანი:
სულ რაღაც 7 თვის წინათ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია ტრადიციონალისტების მიერ ნინო ბურჯანაძის წამოყენება იმ პერიოდში პარლამენტში შექმნილი დაძაბულობის ჩაცხრომის საუკეთესო საშუალებად იყო შეფასებული. მართლაც, სხვა კანდიდატურებთან შედარებით, ნინო ბურჯანაძის სასარგებლოდ არაერთი ფაქტორი მუშაობდა – ის, რომ იგი საკმაოდ მშვიდი, მაგრამ ამავე დროს პრინციპული პოლიტიკოსის სახელით სარგებლობდა, ის, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას კარგი კონტაქტები შეიძინა და, რაც მთავარია – ის, რომ მას საპრეზიდენტო ამბიცია არ აწუხებდა.

თუმცა, პოლიტიკური კომპრონტაციის ჩაქრობის მოტივით არჩევიდან სულ ორიოდ კვირაში პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს ფრაქცია ახალმა მემარჯვენეებმა პროტესტი გამოუცხადა, მისი მეუღლის, სამხედრო პროკურორის ბადრი ბიწაძის მოულოდნელ თანამდებობრივ აღმასვლასთან დაკავშირებით. ახლებმა ჩათვალეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის გენერალური პროკურორის მოადგილედ დანიშვნა პოლიტიკური კორუფციის გამოვლინება იყო და პროტესტის ნიშნად პარლამენტის დარბაზი დატოვეს. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამ დემარშს კარგად ჩაფიქრებული პოლიტიკური სცენარის განხორციელების მცდელობად აფასებდა: [ნინო ბურჯანაძის ხმა] “მე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას არ ვაპირებ, მაგრამ თვისთავად ის ფაქტი, რომ ბატონი დავითი და მისი ფრაქცია არ დაელოდა არც ერთი უწყების მიერ გამოტანილ დასკვნას და აკეთებენ პოლიტიკურ დემარშს, ვფიქრობ, ნათელი დადასტურებაა იმისა, რა დგას ამ ვითომდა სამართლიანობისა და ზნეობრიობის უკან.”

აქამდე პარლამენტის თვმჯდომარის მთავაზ საზრუნავად პარლამენის სხდომებზე კვორუმის შეკრების პრობლემა იდგა. ძალიან ხშირად სხდომები ვერ ტარდებოდა პარლამენტართა უდისციპლინობის გამო. პარლამენტის თავმჯდომარის რეაციაც შესაბამისი გახლდათ: [ნინო ბურჯანაძის ხმა] “ მე არ მესმის, რა მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ზრდასრულ ადამიანებს და პარლამენტის წევრებს ვაიძულოთ, მობრძანდნენ და შეასრულონ თავისი უპირველესი ფუნქცია.”
სიტუაცია ერთადერთხელ დაიძაბა, როცა პარლამენტის

თავმჯდომარე ქალბატონს საკმაოდ უკმეხად მიმართა ფრაქცია “აღორძინების” წევრმა სანდრო ბრეგაძემ: [სანდრო ბრეგაძის ხმა] “ ყველა გამოსვლაზე თქვენი გამოსვლა, მე მგონი, საჭირო არ არის. რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობს პარლამენტის თავმჯდომარე და მითუმეტეს, ქალბატონი, მით უკეთესია.”

მაშინ ქალბატონი თავმჯდომარის ღირსება კობა დავითაშვილმა დაიცვა, რომელიც რაინდულად გამოექომაგა ნინო ბურჯანაძის სიტყვის თავისუფლების უფლებას. ამ კვირაში კი საჯარო დაპირისპირება უკვე პარლამენტის თავმჯდომარესა და სახელმწიფო მინისტრს შორის მოხდა:

(იხ. აუდიოვერსია)

ისევ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური პერსპექტივის საკითხს რომ შევეხოთ, სამწუხაროდ, ის, რაც თავმჯდომარედ არჩევისას პლიუსი იყო – უპარტიობა, საპარლამენტო არჩევნებისას, შესაძლოა, მინუსად იქცეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნინო ბურჯანაძე მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, მისი პერსპექტივა საუკეთესო შემთხვევაშიკომიტეტის თვმჯდომარეობით თუ ამოიწურება, ხოლო თუ იგი მაინც პარტიული სიით მონაწილეობას მიანიჭებს უპირატესობას, ისევ რომელიმე ოპოზიციური პარტიის რიგებში მოუწევს შესვლა, რაც თავისთავად პრეზიდენტის ოპოზიცია გულისხმობს. ასე რომ, ადრე თუ გვიან, მას წინა თავმჯდომარეების გზის გამეორება მოუწევს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

“აბრეშუმის დიდი გზა” და მისი განვითარების შესაძლებლობები

დავით კაკაბაძე:
ამ ორიოდე წლის წინათ კინორეჟისორებმა ბუბა ხოტივარმა და თემურ ბაბლუანმა ევროკავშირის შეკვეთით გადაიღეს ხუთნაწილიანი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით “ტრასეკა – ახალი აბრეშუმის გზა”. ნამუშევარს, რომელიც საქართველოს მაყურებელმაც იხილა ტელევიზიით, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ევროპასა და აშშ-ში და დღის წესრიგში დადგა კიდევ ერთი ფილმის გადაღება აბრეშუმის დიდი გზის აღორძინების შესახებ. აღნიშნული პროექტის ირგვლივ, რომელსაც ისევ ევროკავშირი დააფინანსებს, ბუბა ხოტივარს გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
პროექტის იდეის შესახებ ბუბა ხოტივარი ამბობს: [ხოტივარის ხმა] “ეს არის პროპაგანდა, რეკლამა, ახნა იმისა, თუ რა არის, საერთოდ, “ტრასეკა” და აბრეშუმის გზა და ეს კეთდება იმისათვის, რომ ევროპელ და ამერიკელ მაყურებელს ინტერესი გაუჩნდეს ამ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის მიმართ, რომელსაც, ძირითადად, ადგილობრივი მთავრობების გარდა, ძალიან სერიოზულად აფინანსებს ევროკავშირი.”

კინორეჟისორი აღნიშნავს, რომ აბრეშუმის გზის მშენებლობამ დიდად შეუწყო ხელი ახალდაფუძნებული სახელმწიფოების განვითარებას როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ახალ დოკუმენტურ ფილმში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ კულტურულ ასპექტზე გაკეთდება. ბუბა ხოტივარი ამბობს, რომ მისთვის მეტად მოულოდნელი აღმოჩნდა რეალობა, რომელიც ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში დახვდა და ეს მომენტიც ასევე გასათვალისწინებელი იქნება ახალ ფილმზე მუშაობის პროცესში.

[ხოტივარის ხმა] “ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეიცვალა, თუნდაც, უზბეკეთი, როგორი მდიდარი ქვეყანა გახდა და თურმე როგორი მიდრეკილება აქვს ამ ხალხს ცივილიზაციისაკენ. ძალიან ბევრი ევროპული ტიპის სახლი აშენდა, გაჰყავთ თანამედროვე გზები. ასეთივე ვითარებაა თურქმენეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში. შედარება არ არის იმასთან, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო.”

ბატონი ბუბას თქმით, ყოველივე ამას საფუძვლად უდევს საქმისადმი სწორი მიდგომა, სიმდიდრის რაციონალურად გამოყენება, აგრეთვე, დასავლეთის მხარდაჭერა, რომელიც ამ ქვეყნებში დიდი სიხარულით მიიღეს.
საერთოდ, აზიის ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ სწორედ ახალი აბრეშუმუს გზა იქნება მათი დამოუკიდებლობის გარანტი.

რაც შეეხება საქართველოს, ბუბა ხოტივარი გულახდილად აღიარებს, რომ ორიოდე წლის წინ იგი ჯეროვნად ვერ აფასებდა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალი აბრეშუმის გზის მშნებლობა, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ასეთი კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს:
[ხოტივარის ხმა] “ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხის ღვინო და როგორც მინერალური, ისე სასმელი წყალი. გვიჭირს გატანა და ეს მხოლოდ იმის გამო არ არის, რომ დასავლეთის ფირმები ბლოკირებას უკეთებენ ჩვენს ნაწარმს. ეს ნაწარმი მკვეთრად გაიაფდება, როგორც კი სატრანსპორტო არტერიები ამუშავდება. არტერიების ამუშავება ნიშნავს გზის გაიაფებას. როგორც კი ჩვენი საქონელი გაიაფდება, ის კონკურენტუნარიანიც გახდება.”

კინორეჟისორი გვამცნობს, რომ დღეისათვის უკვე გადაღებულია ახალ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული მეორე ფილმის ზოგიერთი ფრაგმენტი. მათში, ძირითადად, ეკონომიკურ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება - ნაჩვენებია, მაგალითად, თუ რაოდენ ძნელია ტვირთის ტრანსპორტირება, საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენთან არსებული არასწორი საბაჟო სისტემის გამო.

ბუბა ხოტივარი უბრუნდება ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობის შეფასებას და აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობის პროცესში სიძნელეებიც დაგვხვდება, თუნდაც, ეკოლოგიური თუ დემოგრაფიული თვალსაზრისით.

[ხოტივარის ხმა] “სამაგიეროდ, ძალიან დიდი სიმდიდრე შემოვა, რომელსაც მოვლა უნდა და ეს სიმდიდრე სწორად უნდა გამოვიყენოთ. ის ქვეყნები, რომელთა საქონელი გაივლის საქართველოზე, დაინტერესებულნი იქნებიან, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი და არ იყოს შფოთი, რაც განუწყვეტლივ არის ჩვენს გარშემო.”[სტილი დაცულია]

ამასთანავე, ბუბა ხოტივარი ამბობს, რომ ჩვენც უნდა ვივარგოთ, სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა გამოვიმუშავოთ და მხოლოდ მაშინ შევძლებთ საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის სასიკეთოდ გამოყენებას.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.


გერმანელები საქართველოში - ისტორია და დღევანდელობა

დავით კაკაბაძე:
“მეათე სტუდიის” შემდეგი მასალები ასე თუ ისე გერმანიას უკავშირდება, თუმცა რადიოჟურნალის სამივე დარჩენილი სიუჟეტი სრულიად განსხვავებულ საკითხებს ეხება. ამ რამდენიმე დღის წინათ თბილისში დასრულდა გამოფენა “გერმანელები საქართველოში”, რომელიც მოეწყო გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოში მცხოვრებ გერმანელთა საზოგადოების “Einung”-ის, ანუ “ერთობის”, ინიციატივით. დავით პაიჭაძე ესაუბრა გამოფენის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თანამშრომელს დაფნე შპრინგჰორნს, რომელმაც საქართველოში სამი წელი გაატარა და ამ დღეებში სამშობლოში ბრუნდება.

[დავით პაიჭაძე]: დაფნე, რა იყო საინტერესო ამ გამოფენაში, რას მოუყარეთ თავი და კიდევ რისი შეთავაზება შეგეძლოთ მნახველისათვის?

[დაფნე შპრინგჰორნი]: გამოფენა დაეფუძნა “აინუნგის” შეკრებილ მასალებს. ჩვენ ვიკვლიეთ სახელმწიფო და ისტორიის მუზეუმის ფოტოარქივები. ვმუშაობდით იმ ადამიანებთან, მეცნიერებთან, ვისაც არა მხოლოდ ფოტოები, არამედ ჩვენთვის საინტერესო დოკუმენტები და ომთან დაკავშირებული ინფორმაცია ჰქონდა. დასაწყისში გაგვიჩნდა იდეა, გამოფენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაგვემართა. გოეთეს ინსტიტუტს წელს იქ ერთი სტენდი ჰქონდა. გამოფენის თემა იყო - გერმანელები საქართველოში. შარშან, პირიქით, გამოფენაზე წარმოვადგინეთ ის, რაც საქართველოსა და ქართველების შესახებ იყო დაბეჭდილი გერმანიაში. ჩვენ ვფიქრობდით, გაგვემდიდრებინა ეს გამოფენა სხვა ექსპონატებითაც, მაგრამ არც დრო გვეყო და არც ადგილი. არადა, ჩვენ ხელი მიგვიწვდება საქართველოში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორების 70-მდე ფერწერულ ტილოსა თუ ფოტოსურათზე.

[დავით პაიჭაძე]: დაფნე, მოდი, გავიხსენოთ, როდის მოვიდნენ გერმანელები საქართველოში და მოკლედ აღვწეროთ ის ამაგი, რაც მათ დასდეს საქართველოს, ამ ქვეყნის კულტურას და საზოგადოებას.

[დაფნე შპრინგჰორნი]: გერმანელი კოლონისტების პირველ თაობა საქართველოში ჩნდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. გასაგებია, რომ დასაწყისში მთლად დალხენილად ისინი არ ცხოვრობდნენ, რადგან ახალი ცხოვრების დაწყება და უამრავ ეკონომიკურ პრობლემასთან შეხება უწევდათ. კოლონისტების მეორე თაობას უკვე საშუალება ჰქონდა, განათლება მიეღო მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. ისინი დაუბრუნდნენ საქართველოს, ახალი იმპულსები მისცეს ქართულ საზოგადოებას, ინტეგრირდნენ მასში და საგრძნობი წვლილიც შეიტანეს ქართულ კულტურაში. გერმანელები აგებდნენ საცხოვრებელ სახლებს - მათი აშენებულია დღევანდელი ცისფერი გალერეა და ქალაქის მერია. არაფერს ვამბობ თბილისის ოპერაზე – ეს ცალკე საკითხია: პეტერბურგში გამართულ კონკურსზე გაიმარჯვა გერმანელმა არქიტექტორმა, რაც, უბრალოდ, დამთხვევა იყო. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ ახამებდნენ დასავლურ და აღმოსავლურ სტილს საქართველოში მცხოვრები გერმანელი არქიტექტორები – გუსტავ ზალცმანი და ლეოპოლდ ბილფელდი. არ შეიძლება არ გავიხსენოთ მხატვარი მაქს შმერლინგი. საქართველოში იმხანად ჩამოდიოდა ბევრი გერმანელი მოგზაური და მკვლევარი. გეოლოგი ოტო აბიხი დგას საქართველოში გეოლოგიის მეცნიერების სათავეებთან. მოგონების ღირსია ბატონი რადე, რომელმაც თბილისში კავკასიის მუზეუმი დააარსა. ის ახალგაზრდობის სასახლის წინ მდებარეობდა, სამწუხაროდ, ახლა დანგრეულია. მუზეუმის პირველი შენობა ააგო გუსტავ ზალცმანმა, პირველი თაობის კოლონისტთა შთამომავალმა. მუზეუმის კოლექცია, ძირითადად, რადემ შეკრიბა, რომელმაც საქმე პატარა ავსტრიული კოლექციით წამოიწყო. რადეს ამ საქმიანობაში ბევრი ქართველი და რუსი მოქალაქე ჰყავდა ჩაბმული. ძალიან საინტერესო პიროვნებაა მაქს ტილკე, მსოფლიო სახელის მქონე კოსტუმების მხატვარი, რომელიც 1917 წელს კავკასიური მუზეუმის რუსმა დირექტორმა მოიწვია თბილისში კავკასიური კოსტუმის შესასწავლად. მან ბევრი იმუშავა. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია მაქს ტილკეს მიერ აკვარელით შესრულებული 83 სურათი, რომელთა ნახვა არავის შეუძლია, რადგან მუყაოს ყუთებშია შენახული და გამოფენილი არ არის. ეს ჭეშმარიტი განძია საქართველოსთვის. მომდევნო გამოფენაზე მე შევეცდები ამ ნახატების რეპროდუქციები მაინც წარმოვადგინო.

[დავით პაიჭაძე]: გერმანელები დღესაც ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში. ისინი სახლობენ ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში. დაფნე, თქვენგან ვიცი, რომ გოეთეს ინსტიტუტის ერთ-ერთი პროექტი გულისხმობს საქართველოში დასახლებული გერმანელების ინტერვიუირებას, მათი ყოფის შესწავლას. თქვენ ყოფილხართ აფხაზეთში და არ მეგონა, თუ გერმანელები იქაც იყვნენ შემორჩენილნი...

[დაფნე შპრინგჰორნი]: მე ვნახე და ახლოს გავეცანი მათ საცხოვრებელ პირობებს. ვიყავი სოხუმშიც. ცხოვრების დონით აქაური გერმანელები ძალიან არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ქართველებისაგან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ძალიან ღარიბები არიან. მათ ძალიან ცოტა ფული აქვთ, პენსიები უაღრესად დაბალია, ძალიან უბრალო ბინებსა და ცუდ პირობებში ცხოვრობენ. არ შეუძლიათ ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით. ბუნებრივია, ბევრი მათგანი ემიგრაციაზე ფიქრობს. არ იფიქრებდნენ, აქ უკეთესად რომ ცხოვრობდნენ, მით უმეტეს, თითქმის ყველას საქართველოსთან ნათესაური კავშირები აქვს. განსაკუთრებით აფხაზეთში ვნახე ისეთი სიღატაკე, როგორსაც აქამდე ვერც წარმოვიდგენდი.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ინტერვიუ ავსტრიასა და გერმანიაში მოღვაწე მსახიობთან, მერაბ ნინიძესთან

ხუთშაბათს, 4 ივლისს, გაიხსნა კარლოვი ვარის 37-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ქართული ფილმები არ არის წარმოდგენილი, ჩვენი რადიომსმენელისთვის საინტერესო უნდა იყოს. ფესტივალის პროგრამაში შეტანილია ცნობილი გერმანელი რეჟისორის, კაროლინე ლინკის ფილმი ”არსად აფრიკაში”, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. ამ ფილმმა სულ ახლახან, გერმანიაში, ხუთი უმაღლესი ჯილდო, ერთგვარი ”გერმანული ოსკარი” მოიპოვა. ბიძინა რამიშვილმა ქართველ მსახიობს ვენაში დაურეკა, სადაც იგი უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. საკონკურსო ფილმს თავად მერაბ ნინიძე წარმოგიდგენთ.

(იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა]

ჰერმან ჰესე – 125

დავით კაკაბაძე:
“მეათე სტუდიის” ბოლო სიუჟეტიც, როგორც უკვე გითხარით, გერმანიას უკავშირდება. კერძოდ, ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენელს, ჰერმან ჰესეს. ეს მწერალი, რომლის 125-წლიან იუბილეს აღნიშნავენ ამ დღეებში მისი მილიონობით თაყვანისმცემლები მთელს მსოფლიოში, მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარულ გერმანულენოვან ავტორად ითვლება. ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს სტატისტიკა: მსოფლიოში გაყიდულია ჰესეს ნაწარმოებთა 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. ქართველ მკითხველს ჰერმან ჰესე რეზო ყარალაშვილმა გააცნო; გერმანისტმა, რომელიც ჰესეს მკვლევართა შორის მსოფლიო აღიარებით სარგებლობდა. ჩვენც გადავწყვიტეთ, ჰერმან ჰესეს იუბილე სწორედ რეზო ყარალაშვილის დახმარებით აღვნიშნოთ და შემოგთავაზოთ რამდენიმე ნაწყვეტი მისი ერთ-ერთი სტატიიდან.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
ცხადია, ჰერმან ჰესეზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება. სამწუხაროდ, ჩვენი გადაცემის ჩარჩოები ამის საშუალებას არ გვაძლევს. დასასრულს მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ეს იყო ნაწყვეტები ცნობილი გერმანისტის, რეზო ყარალაშვილის სტატიიდან “ჰერმან ჰესე”. ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG