Accessibility links

logo-print

ტერორისტული თავდასხმა ლოს ანჯეოესეის აეროპორტში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მიუხედავად იმისა, რომ 4 ივლისს, შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში,

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა, ტერორიტული თავდასხმა მაინც მოხდა.
ისრაელის ავიახაზის “ელ ალის” დახლთან მამაკაცმა დააძრო პისტროლეტი და, ვიდრე მას დაცვა გაუსწორდებოდა, მოკლა ორი და დაჭრა სამი ადამიანი.

ისრაელი თვლის, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო, მის მიწა-წყალზე ბოლო თვეების მანძილზე არაერთხელ მომხდარის მსგავსი. შეერთებული შტატების ოფიციალურ პირთა განცხადებით კი, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მკვლელობა პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

როგორც დამსწრეები ჰყვებიან 40-50 წლის ჩასკვნილი, საშუალოზე მაღალი, ახლოაღმოსავლური გარეგნობის მამაკაცი შეეკამათა ბილეთის გამფორმებელს, ამოიღო იარაღი და ჯერ ესროლა მას და შემდეგ რიგში მდგარ მგზავრებს. სანამ დაცვის ხალხი მას მიწაზე დააგდებდა და მოკლავდა, მან ორი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს – ბილეთების გამფორმებელი და მგზავრი.

აეროპორტის დაცვა მზადყოფნაში იყო შესაძლო ტერორიტული აქტების გამო. ინციდენტი მოხდა სწორედ იმ საჰაერო ხაზის დახლთან, რომლის დაცვა მსოფლიოში ყველაზე სანდოდ ითვლება.

ლოს ანჯელესის მერმა ჯეიმს ჰანმა გასულ კვირაში განაცხადა აეროპორტის რეკონსტრუქციის გეგმის შესახებ, რომელიც უსაფრთხოების ზომების გადასინჯვასაც გულისხმობს. მისი თქმით, ამჟამად უსაფრთხოების მთავარი ამაოცანაა, არ დაუშვას თვითმფრინავში შეიარაღებული მგზავრის შესვლა, ხოლო დახლებთან მისულ ხალხს არავინ ამოწმებს.

“ჩვენი აეროპორტის უსაფრთხოების სისტემა მსოფლიოს უმრავლეს აეროპორტთა უსაფრთხოების სისტემას ჰგავს. დაცულია თვითმფრინავების სადგომის ზონა და საფრენ ველზე გასვლის კარები. მანქანების სადგომებზე, მოსაცდელ დარბაზებში და სივრცეში, სადაც ბილეთებს აფორმებენ შეუმოწმებლად შეიძლება მოხვედრა”, თქვა მერმა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადგინა თავდამსხმელის ვინაობა: ეს არის 41 წლის ეგვიპტელი, ჰეშამ მოჰამედ ჰადაეტი, რომელიც 1992 წლიდან შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.

ჰადაეტს პისტოლეტის გარდა ჰქონდა დანაც, რომლითაც დაჭრა ლოს ანჯელესის აეროპორტში ისრაელის უშიშროების ძალების უფროსი ჰაიმ საპირი. საპირს ტყვიაც მოხვდა.

ინციდენტის მერე გამართულ 30 წუთიან პრესკონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს აზრი, რომ ეს იყო ცალკეული აქცია. მაგრამ გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთერთი წარმომადგენლის თქმით, (მან არ ისურვა სახელის გამჟღავნება) ხელისუფლება არც ტერორისტულ აქტს გამორიცხავს.

ლოს ანჯელესში ისრაელის გენერალური კონსულის იუვალ როტემის აზრით, ეს შემთხვევითი ინციდენტი არ ყოფილა. მისი თქმით, ის წააგავდა ტერორისტულ თავდასხმებს მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტებში, მათ შორის რომის აეროპორტში 1985 წელს, სადაც 17 ადამიანი დაიღუპა.
როტემმა თქვა, აგრეთვე, რომ თავდასხმა ელ-ალის ყოველღიურ ოპერაციებს არ შეაფერხებს. “ჩვენი პასუხი ტერორიზმისთვის ასეთია: მოიქცე ნორმალურად არანორმალურ სიტუაციაშიო,” თქვა მან.

ისრაელს სახელმწიფო ავიაკომპანია “ელ-ალი” სამართლიანად ამაყობს თავისი დაცვით: ყოველ რეისს თან ახლავს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული შეიარაღებული დაცვა. პილოტის კაბინა გამაგრებულია უცხო პირის შეღწევის თავიდან ასაცილებლად. ისრაელის საჰაერო ხაზებზე ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეიარაღებული ინციდენტი არ მომხდარა. აეროპორტებში “ელ ალის” სახმელეთო კონტინგენტი აგრეთვე შეიარაღებულია.

“ელ-ალი” დაცვის საუკეთესო საშუალებად გულდასმითი შემოწმებას მიიჩნევს. როცა ადამიანი ყიდულობს ბილეთს ისრაელის ავიაკომპანიების რეისზე მისი სახელი შეაქვთ კომპიუტერში და მონაცემები ისრაელის სადაზვერვო სამსახურს გადაეცემა. საეჭვო, განსაკურებით არა-ებრაელი მგზავრის ბარგის თითეული ნივთი მგზავრის თანდასწრებით ისინჯება.
XS
SM
MD
LG