Accessibility links

logo-print

რელიგიური ფორუმი პრაღაში


ანდრო ეული, პრაღა ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა, ოთხშაბათს პრაღაში მოიწვია კონფერენცია თვალსაჩინო ბუდისტი, ისლამისტი, იუდეველი და ქრისტიანი ლიდერების მონაწილეობით, რაც,

ჰაველის თქმით, ”რელიგიების დიდი კოალიციის” დაარსებას უნდა დაედოს საფუძვლად. ეს იყო გაგრძელება ”ფორუმი 2000”-ის სახელით ცნობილი კონფერენციებისა, რომლებიც 5 წლის განმავლობაში, 1997-დან 2001 წლის ჩათვლით ეწყობოდა პრაღაში ვაცლავ ჰაველის ინიციატივით.

ოთხშაბათს გამართულ ფორუმზე, ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ განაცხადა, რომ სულაც არაა გასაკვირი მსოფლიოში ესოდენ ბევრი რელიგიის არსებობა. [დალაი ლამას ხმა] ”რატომა გვაქვს ჩვენს ამდენი რელიგია? არის ეს აუცილებელი? ვფიქრობ არის, ვინაიდან ადამიანებს ესოდენ ბევრი და ურთიერთგანსხვავებული თვალთახედვა აქვთ. ამდენად, ერთი რელიგია, ერთი ფილოსოფია, უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებს, ვერ მოემსახურება ყველას”.

ჰაველის ფონდმა ”ფორუმმა 2000”-მა, რომელიც 1997 წელს დაარსდა პრაღაში და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგულარულად აწყობდა დისკუსიებს მსოფლიოს წინაშე მდგომი პრობლემების შესახებ, კონფერენციაზე ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ დიალოგებს მოაწყობს დევიზით: ”გლობალური ნაპრალების ამოვსება”. პირველი ამგვარი შეხვედრა ოქტომბერში, მსოფლიოს საფინანსო უწყებებისა და მსხვილ კომპანიათა მესვეურებსა და ანტიგლობალიზაციის აქტივისტებს მოუყრის თავს.

ოთხშაბათს გამართულ კონფერენციაზე, პრაღაში, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში რელიგიების როლის განხილვას დაეთმო, დალაი ლამამ თქვა, რომ სხვადასხვა სარწმუნოებათა მიმდევრებმა უნდა ისწავლონ სხვა რელიგიების დაფასება და პატივისცემა. ”ყველა წამყვანი რელიგია, როგორც წესი, ერთსა და იგივეს, სიყვარულს, შემწყნარებლობას, მოთმინებას, სულგრძელობასა თვითდისციპლინას ჰქადაგებს. ამდენად, სხვადასხვა რელიგიებს შორის დიალოგია აუცილებელი”-განაცხადა ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა, და თან დასძინა, რომ დიქტატორულმა რეჟიმებმა მხოლოდ დროებით თუ შესძლეს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა.

კონფერენციის მონაწილეებმა საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემაზეც იმსჯელეს. ჩეხმა კათოლიკე მღვდელმა ტომას ჰალიკმა, რომელიც ფორუმს თავმჯდომარეობდა, განაცხადა, რომ რელიგიურ სიმბოლოებს ხშირად, ერებს შორის კონფლიქტების გასაჩაღებლად იყენებენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველიც. შეეხო რა 11 სექტემბრის ტერაქტებს, მან თქვა: [ვაცლავ ჰაველის ხმა] ”იმ ტერორისტებს თვითმფრინავი, რადარები, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი არ შეუქმნიათ. ყოველივე ეს ჩვენი, დღევანდელი თაობის მიღწევაა. ტერორისტებმა უბრალოდ ის დაგვანახეს, თუ რაოდენ ბოროტად შეიძლება ამ ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება ხალხის, სიცოცხლის წინააღმდეგ.”

ერაყული ოპოზიციის აქტივისტმა, ამჟამად ლონდონში მცხოვრებმა მოჰამად მოჰამად ალიმ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის ბევრი მაჰმადიანიც იყო. ”ეს ხომ ცივილიზაციაზე განხორციელებული თავდასხმა იყო” – დასძინა მოჰამად ალიმ. მან მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს მხარი დაუჭირონ ერაყელ ხალხს სადამ ჰუსეინის ულმობელი და ტერორისტული რეჟიმის დამხობაში.

ხოლო შვეციის პროტესტანტული ეკლესიის მღვდელმთავარმა ჰანს უკომ განაცხადა, რომ გლობალიზაციის პირველი მოძრაობა მსოფლიოში, ქრისტიანობა იყო. მისივე თქმით, თანამედროვე გლობალიზაციაში, ბევრი დღეს ხედავს ქრისტიანული დასავლეთის მორიგ მცდელობას, მთელს მსოფლიოში ჰპოვოს გავრცელება. ”რელიგიური შემწყნარებლობა უკვე აღარაა საკმარისი. სხვების რწმენის, სხვა რელიგიური ტრადიციების პატივისცემაა საჭიროო”, დასძინა ჰანს უკომ.
XS
SM
MD
LG