Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფომ მომგებიანი კომპანია უმნიშვნელო ზარალის გამო გაყიდა


საქართველოში კავშირგაბმულობის სფერო ყველაზე მომგებიან და სწრაფადგანვითარებად ბიზნესადაა მიჩნეული. ამ დარგში დასაქმებული სახელმწიფო კომპანიებიც კი,

მიუხედავად მათი საქმიანობის მიმართ სახელმწიფო მართვის სისტემის გულგრილი დამოკიდებულებისა, მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს იღებენ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ასეთი კომპანია, „ინფოკომი,“ ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამინისტრომ საწარმოს ღირებულების ნახევარ ფასად გაყიდა.

„ინფოკომი“ 2000 წელს სერიოზული მოგების პატრონი იყო. იმდროინდელი ინფორმაციის თანახმად, ეს თანხა 400 ათას ლარს შეადგენდა, ახლა კი კომპანიის დირექტორი ომარ შამანაძე ამბობს, რომ რეალური მოგება 235 ათასი ლარი იყო. მიუხედავად ამისა, ეს მაინც წარმატებად ითვლება. ამის წყალობით იყო, რომ “ინფოკომის” თანამშრომლების საშუალო ხელფასი 230 ლარს შეადგენდა, პარალელურად პრემიები და საჩუქრებიც კი გაიცემოდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სწორედ ამ დროს შევიდა “ინფოკომი” საპრივატიზაციო კომპანიების სიაში და საწარმოს ხელოვნური დაღმასვლაც დაიწყო. 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ინფოკომის“ დირექტორმა ომარ შამანაძემ განაცხადა:

[შამანაძის ხმა] „ საგადასახადო დეპარტამენტში დაფიქსირებულია101 ათასი მოგება, რომლითაც ჩვენ უნდა გადავიხადოთ შესაბამისი დივიდენდი. ქონების მართვაში გაგზავნილია საფინანსო...
-
როგორ დაამთავრეთ საფინანსო წელი?
-
საფინანსოა 35 ათასი წაგება...“

საფინანსო წაგება იმას ნიშნავს, რომ კომპანიის კლიენტებმა თანხა არ გადაიხადეს, თუმცა ეს ყველგან აქტივებად ითვლება და ამის გამო კომპანია ზარალის მომტანად არ მიაჩნიათ. თუმცა ქონების მართვის სამინისტრომ კომპანია მაინც წამგებიანად გამოაცხადა.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფინანსთა მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა უარი განაცხადა როგორც დავალიანების დაფარვაზე, ასევე, ამ თანხების ჩათვლების წესით გაბათილებაზე, შეიძლება ითქვას, რომ „ინფოკომს“ სპეციალურად აკოტრებდნენ.

როგორც 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ქონების მართვისა და პრივატიზაციის მინისტრის მოადგილემ გენო მალაზონიამ განაცხადა, კანონის მიხედვით, სახელმწიფო უფლებამოსილი იყო, ზარალიანი კომპანია საპრივატიზაციო ტენდერზე გაეტანა.

„ინფოკომის“ ტენდერი 2002 წლის 12 თებერვალს გამოცხადდა და, კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ ქონების შეფასების საფუძველზე, “ინფოკომის” ფასი 1,58 მილიონი ლარით განისაზღვრა. პირველსა და მეორე კონკურსზე განაცხადი არავის შეუტანია. მესამე კონკურსზე კი, კანონის მიხედვით, გასაყიდი ფასი განახევრდა და მყიდველიც გამოჩნდა, კომპანია „ცენტრ-ინვესტის“ სახით, რომლის დამფუძნებლები არიან ცნობილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი და ახალგაზრდა კაცი კობა ლეკვეიშვილი.

ტენდერის შედეგების შესახებ თავდაპირველად განგაში ატეხა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ გიორგი კარბელაშვილმა. ქონების მართვის სამინისტრო თავს ასე იმართლებს:

[გენო მალაზონიას ხმა] „თავიდან ბოლომდე ეს საკითხი იყო ყველასთან შეთანხმებული, რასაც კი ითვალისწინებს ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა. შემოვიდა განაცხადი დადგენილ ვადებში. არის ასეთი კომპანია - „ცენტრ ინვესტი“, ასევე დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რაც განაცხადში იყო.“[სტილი დაცულია]

ქონების მართვის მინისტრის მოადგილეს გენო მალაზონიას ვალდებულებების თანხობრივ გამოხატულებაზე არაფერი უთქვამს, რადგან ეს საინვესტიციო პირობებში არ იგულისხმება. ქონების მართვის სამინისტრო ინვესტორისგან მხოლოდ კომპანიის ახალი ტექნიკით აღჭურვასა და ინტერნეტ საიტების შექმნას მოითხოვს. ინვესტორს შეუძლია ერთი კომპიუტერი იყიდოს და ერთი ვებ საიტი გამოაქვეყნოს და ეს საინვესტიციო პირობების შესრულებად ჩაეთვლება.

პირობებს რომ თავი დავანებოთ, კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი – ამჟამად პარლამენტარი - ფრიდონ ინჯია კავშირგაბმულობის კომპანიის პრივატიზებას კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევს და საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებს.
XS
SM
MD
LG