Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თქვა ასლან აბაშიძემ სტრასბურგში


დავით პაიჭაძე, თბილისი ბოლო დროს რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი ახსენებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის გამოსვლას სტრასბურგში, ევროპის საბჭოს რეგიონთა ასამბლეის სხდომაზე.

აბაშიძის სიტყვის შეფასებისას ამბობენ, რომ ნებისმიერ რუს პარლამენტარს რომ ეთქვა იგივე, საქართველოს პარლამენტი ამას უმწვავესად გამოეხმაურებოდაო. მაგრამ ქართველი დეპუტატები დუმან. რა თქვა ასეთი ასლან აბაშიძემ და რატომ აგებებს მას დუმილს ოფიციალური თბილისი? ამ თემაზე დავით პაიჭაძის სიუჟეტს გთავაზობთ.

ასლან აბაშიძის სიტყვა უკვე ერთი თვისაა. აჭარის ლიდერმა ის 5 ივნისს წარმოთქვა სტრასბურგში. მისაწვდომი კი ახლახანს გახდა. აბაშიძე ევროსაბჭოს რეგიონთა ასამბლეაზე გამოვიდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში. შესაბამისად, სიტყვაც თემატური იყო; კონფლიქტის წარმოშობისა და მიზეზების ანალიზის დროს ასლან აბაშიძე ძირითად ბრალსა თუ პასუხისმგებლობას თბილისის ხელისუფლებას აკისრებს. ერთი ციტატა: "სარკინიგზო შემადგენლობათა დაცვის საბაბით აფხაზეთის ტერიტორიაზე პოლიციის ნაცვლად (როგორც ეს წინასწარ იყო შეთანხმებული აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან) შეიყვანეს შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც დიდწილად შედგებოდნენ უწვრთნელი მოხალისეებისა და ომის წინ ამნისტირებული ათასობით კრიმინალური ელემენტისაგან".

აბაშიძეს არც სტრასბურგში დავიწყებია იმის გამეორება, რასაც ხშირად გვახსენებს საქართველოში: აჭარის საზღვართან ტიტანური ძალისხმევით როგორ შეაჩერა თბილისდან მიმავალი ურდოები და მხარე აოხრებას გადაარჩინა; კონფლიქტის დასაწყისშივე როგორ შესთავაზა არძინბას, გაემართა სამშვიდობო მოლაპარაკებები ქართველებთან აჭარაში და როგორ აგზავნიდა საკუთარ ცოლ-შვილსა და შვილიშვილს მძევლად აფხაზური დელეგაციის უსაფრთხოების სანაცვლოდ. არძინბამ, ასლან აბაშიძის წინადადებით, გამოაცხადა ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტა და მოუწოდა თბილისს, მიჯდომოდა მაგიდას მოსალაპარაკებლად. სამწუხაროდ, აღნიშნავს აბაშიძე, საომრად შემართულმა თბილისმა ამ ყველაფრით არ ისარგებლა.

დიახ, იყო ორმხრივი შეცდომები, მაგრამ მთავარი მაინც ცენტრის შეცდომებია - ეს არის შევარდნაძის სპეცწარმომადგენლის ერთ-ერთი დასკვნა. კონფლიქტის მოგვარებისას დადებით შედეგებს ვერ მივაღწევთ, სანამ აფხაზეთის ფაქტიურ ხელმძღვანელობასთან ერთად თბილისში მოქმედებენ კონფლიქტამდე არჩეული აფხაზეტის უზენაესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს პარალელური სტრუქტურები - აცხადებს ასლან აბაშიძე და გვთავაზობს რამდენიმე ინიციატივას, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი; ესენია: სარკინიგზო მიმოსვლის სრულად აღდგენა; ენერგომატარებლების (ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის) ტრანზიტი აფხაზეთისა და დასავლეთი საქართველოს გავლით - თურქეთის რესპუბლიკაში; მოქმედი ეკონომიკური სანქციების უპირობო მოხსნა; ეს ნაბიჯები, აბაშიძის აზრით, დააახლოებს პოლიტიკურ პოზიციებს მოლაპარაკების დროს.

ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს ის, ვისი სპეციალური წარმომადგენელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში არის ასლან აბაშიძე. სანამ ის მხოლოდ ფიქრობს და არ მოქმედებს - პარლამენტიც დუმს. არადა, მოქალაქეებს გვაქვს უფლება, ვიცოდეთ - იზიარებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მისი სპეცწარმომადგენლის თვალსაზრისს.
XS
SM
MD
LG