Accessibility links

logo-print

ვინ მოიგებს ავთანდილ ჯორბენაძის გაძლიერების მცდელობით


ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო. ზურაბ ჟვანიას შემდეგ ავთანდილ ჯორბენაძე პირველი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც არაოფიციალურად ცხადდება პრეზიდენტის მემკვიდრედ.

ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი მინიშნებით პრეზიდენტმა ჯორბენაძის სამომავლო კარიერას სამუდამოდ დაუსვა წერტილი. ეს მოსაზრება სერიოზულ არგუმენტს ეყრდნობა.

ავთანდილ ჯორბენაძის დანიშვნით სახელმწიფო მინისტრის პოსტზე და მისი არჩევით მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარედ ქართულ პოლიტიკაში, მართლაც, ახალი ეტაპი დაიწყო. მაგრამ ეს ეტაპი, იმავდროულად, ძველია, თანაც, ჯერ არდავიწყებული. საქმე ისაა, რომ არსებობს ერთი ობიექტური ფაქტორი, რომელიც წინ ეღობება ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის გაძლიერებას მეორე სახელისუფლო პოზიციაზე. საქართველო რეალურად არის გაყოფილი ორ პოლიტიკურ ცენტრად და, შესაბამისად, მას უკვე ჰყავს ორი პოლიტიკური ლიდერი - ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე. როგორც კი პირველ ცენტრში, ანუ შევარდნაძის გვერდით, ჩნდება ახალი პოლიტიკური ფიგურა, - პარლამენტის თავმჯდომარე ან სახელმწიფო მინისტრი, - რომელიც რეალურად შეიძლება გაძლიერდეს, მას გადაულახავ დაბრკოლებად ეღობება ასლან აბაშიძის ინტერესები. მეორე მხრივ, თუ ეს ფიგურა საერთო ენას გამოძებნის ასლან აბაშიძესთან, მათი ტანდემი მეტისმეტად სახიფათო აღმოჩნდება ედუარდ შევარდნაძისთვის. ამიტომ, ვიდრე პოლიტიკური სივრცე ორ ცენტრად არის გაყოფილი, მესამე ფიგურის გაძლიერება გამორიცხულია.

როდესაც პარლამენტში არაოფიციალური, ეგრეთ წოდებული "მორცხვი" უმრავლესობა ჩამოყალიბდა, ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ ჯორბენაძისა და აბაშიძის კარგი ურთიერთობის წყალობით. თუმცა სულ მალე ჩვენ ვნახავთ, როგორ გადაიზრდება "კარგი" ურთიერთობა დაპირისპირებაში: ან აბაშიძეს გააღიზიანებს ჯორბენაძის გაძლიერების პერსპექტივა, ან შევარდნაძეს გააღიზიანებს ჯორბენაძე-აბაშიძის ალიანსი. ორივე შემთხვევაში ვითარების მსხვერპლი აღმოჩნდება სახელმწიფო მინისტრი, რომლის გაძლიერების მცდელობა თავიდანვე არაგულწრფელი და განწირულია.

თუ ჯორბენაძე მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დღევანდელი თანამდებობებით მიაღწევს, მასთან ერთად განწირული აღმოჩნდება მოქალაქეთა კავშირიც. მაგრამ, სავარაუდოა, რომ კარგ შედეგს უჩვენებს რომელიღაც სხვა პარტია, კერძოდ, ის, რომლის გაძლიერებაც ჩაფიქრებულია საბოლოო ეტაპზე. რატომ დაინიშნა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარედ ჯორბენაძე მხოლოდ 2 ივნისის არჩევნების შემდეგ? ვინ ისარგებლა იმ ფაქტით, რომ არჩევნების წინ სახელისუფლო პარტია უპატრონოდ დარჩა? ვინ მოიგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დიდი უპირატესობით და მთელი საქართველოს მასშტაბით? რა თქმა უნდა, ახალი მემარჯვენეების პარტიამ. საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე საინტერესო სწორედ "ახლების" შედეგი იქნება.
XS
SM
MD
LG