Accessibility links

logo-print

სად გაქრა "კვარციტის" 28 კილოგრამი ოქრო


სოზარ სუბელიანი, თბილისი 2001 წლის 29 ნოემბერს, თბილისის აეროპორტში მიმდინარე შემოწმებისას აღმოჩნდა, შპს "კვარციტის" კუთვნილი ოქროს დორე შენადნობის 4 ზოდიდან ორი ტყვიის ზოდებით იყო შეცვლილი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით 2002 წლის 6 თებერვალს დააკავეს "თბილკრედიტბანკის" წარმომადგენელი მალხაზ კიზირია, თუმცა, ოფიციალურად, საქმეში არ არსებობს დაზარალებული და, შესაბამისად, არ არსებობს საქმის აღძვრის კანონიერი საფუძველი. მეტიც, სატრანსპორტო პოლიციის საგამოძიებო სამმართველომ შპს "კვარციტი" იმ კანონის საფუძველზე ცნო სამოქალაქო მოსარჩელედ, რომელიც მხოლოდ 2005 წლის 15 მაისს შედის ძალაში.

საქმეში რეალური დაზარალებული, რასაკვირველია, არსებობს, რადგან 28 კილოგრამი ოქრო, რომელიც, საქმის მასალების მიხედვით, შემდგომში ტყვიის ზოდებით შეიცვალა, შპს "კვარციტს" ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, რეალური დაზარალებულის არსებობა არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ აღიძრას კერძო-საჯარო ბრალდების საქმე, ხოლო დაზარალებულის განცხადება, რაც საქმის აღძვრის საფუძველი უნდა გახდეს, მოცემულ საქმეში არ მოიპოვება.

მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო პოლიციამ დააკავა "თბილკრედიტბანკის" დაცვისა და ინკასაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მალხაზ კიზირია. სოხუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯემალ გვარგვალიამ მალხაზ კიზირიას 3 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო აფხაზეთის უმაღლესი სასამართლომ მოსამართლემ, ჯემალ რაფავამ განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა, როგორც კიზირიას ადვოკატი, რუსუდან ქორჩილავა ამბობს, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალს დაადასტურებს: [რუსუდან ქორჩილავას ხმა] "ეს არ არის საქმე - არც ერთ ქვეყანაში ამ საქმეს არავინ არ მიიღებს განსახილველად. მალხაზ კიზირიას წინააღმდეგ არ არსებობს არც ერთი სამხილი, გარდა ერთისა: საცავის სამი გასაღები, სადაც ინახებოდა ოქროს დორეს შენადნობი, ჰქონდა მას. მაგრამ, წესი გასაღების შენახვის, გამოძიებას არ აინტერესებს. წესი კი ასეთია: თორმეტივე გასაღები დევს სეიფში, რომელსაც აქვს ორი გასაღები - ერთი გასაღები აქვს კიზირიას, მეორე - სმენის უფროსს. ერთმანეთის გარეშე სეიფი ვერ გაიხსნება. არავის გამოუკვლევია, როდის მოვიდა, როგორ შეიტანა, დავუშვათ, მის მიერ ჩამოსხმული ტყვიის დორე…" [სტილი დაცულია].

მეტიც, ქორჩილავა აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე გამოძიებამ დამალა რამდენიმე ფაქტი, კერძოდ: გამოძიებამ არ გამოაჩნია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა ტყვიის დორეზე სუნი ვერ აიღეს; გამოძიებამ დამალა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ტყვიის დორეები არ იყო ჩამოსხმული გაზის ღუმელზე, როგორც ეს საქმის მასალებიდან ჩანს: [რუსუდან ქორჩილავას ხმა] "ჩამოსხმის ტემპარატურა არის 1740 გრადუსი - ეს ხომ შეუძლებელია, რომ ოჯახურ პირობებში მოხდეს - ესეც არავის აინტერესებს." [სტილი დაცულია].

ამ და სხვა დარღვევების გამო 29 აპრილს იგივე მოსამართლე იძულებული გახდა, წინასწარი პატიმრობა პოლიციის ზედამხედველობით შეეცვალა, მაგრამ მოსამართლე ჯემალ რაფავამ, აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კიზირიას პოლიციის ზედამხედველობა შინაპტიმრობით შეუცვალა. რუსუდან ქორჩილავას თქმით, რაფავამ მასთან საუბარში, მოგვიანებით, ასე იმართლა თავი: [რუსუდან ქორჩილავას ხმა] "კითხვაზე - რატომ დაიჭირე-მეთქი - მიპასუხა: მამუკა ნაჭყებიას, ჩემს ყოფილ მინისტრს და აფხაზეთის ამჟამინდელ შს მინისტრს, ისეთმა ხალხმა დაურეკაო… და მან მე დამირეკა და დამავალაო. მეორეჯერ კი, მაისის შემხთვევაში, ვახტანგ თორდია, აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, კიზირიას დამაჭერინებდაო" [სტილი დაცულია].

ქორჩილავა აცხადებს, რომ კიზირია იმ ფინანსურ კლანებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა, რომელთა ინტერესებმაც მადნეულსა და "თბილკრედიტბანკში" გადაკვეთა ერთმანეთი. ამ ფინანსურ ჯგუფებს შორის ისეთი გავლენიანი სახელები გვხვდება, როგორიც პრეზიდენტის ოჯახის ორი ფრთა - ახვლედიანები და ჯოხთაბერიძეები, ან, კიდევ, ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე და პარლამენტის წევრი ლევან პირველი არიან.
XS
SM
MD
LG