Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თავისუფლების ინსტიტუტი” გურამ შარაძისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ


მწვავე სატელევიზიო დაპირისპირება, რომელიც დეპუტატ გურამ შარაძესა და “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელ ლევან რამიშვილს შორის შედგა,

სასამართლომდე უნდა მივიდეს. “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომლები მზად არიან სასამართლოში მოპასუხე მხარედ წარდგნენ და გურამ შარაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხი აგონ; მოპირისპირე მხარეს ისინი სასამართლოში სარჩელის შეტანას სთხოვენ და გურამ შარაძეც აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართავს. თუ ასე მოხდება, სასამართლო იმსჯელებს იმაზე, არის თუ არა გურამ შარაძე ეროვნული და რელიგიური შუღლის გამღვივებელი, იყო თუ არა ის საბჭოთა სპეცსამსახურთან დაკავშირებული და არიან თუ არა “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომლები ცილისმწამებლები და ბოროტი ხულიგნები.

ბრალდებები და პრეტენზიები, რომლებსაც “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომლები გურამ შარაძის მიმართ გამოთქვამენ, მრავალმხრივია, დაწყებული იმით, რომ გურამ შარაძე, როგორც პარლამენტარი, ვალდებულია საზოგადოებას განუმარტოს, როგორ და რა გზებით ახერხებდა საბჭოთა პერიოდში საზღვარგარეთ სიარულს და ქართველ ემიგრანტებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებას (“თავისუფლების ინსტიტუტში” მიიჩნევენ, რომ ასეთი რამ საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებლი იქნებოდა), დამთავრებული ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივებასა და ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ საქმიანობაში მისი დადანაშაულებით. ამას ემატება დეპუტატ გურამ შარაძის “გაკოტრებულ პოლიტიკოსად” და მატყუარად დახასიათება. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. “თავისუფლების ინსტიტუტში” 5 ივლისს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე სხვაც ბევრი ითქვა. ეს პრესკონფერენცია მთლიანად მიეძღვნა დავას, რომელიც გურამ შარაძესა და ამ არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელს შორის ტელეკომპანია “რუსთავი -2” - ის ამასწინანდელ “ღამის კურიერში” გამართული დებატების დროს გამწვავდა და ოდნავ მოგვიანებით პარლამენტართა ერთი ჯგუფის მხრიდან “რუსთავი 2 “– ისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გალაშქრებაში გადაიზარდა. ლევან რამიშვილის მიერ “რუსთავი –2”- ის პირდაპირ ეთერში გამოთქმული ბრალდებებით აღშფოთებულმა შარაძემ პარლამენტიდან წასვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა. შემდეგ კი დააზუსტა, რომ პარლამენტს მანამდე ტოვებს, სანამ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები არ გაბათილდება. მოკლედ, გურამ შარაძე პარლამენტში დარჩა და, როგორც ჩვენთან საუბრისას განმარტა, ეს მისი კოლეგების მხარდაჭერამ განაპირობა. მას სთხოვეს, დარჩენილიყო და დარჩა კიდეც. “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომლები კი დეპუტატს სიტყვის შესრულებას და პარლამენტიდან წასვლას სთხოვენ. შარაძის მხარდაჭერის გამო ისინი უნდობლობას პარლამენტსაც უცხადებენ. ასე რომ, დაპირისპირება ამ მიმართულებითაც მწვავდება. “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომლები პარლამენტს კონსტიტუციის დარღვევას და 4 არაკანონიერი დეპუტატის ყოლას უხსენებენ. მაგრამ დავუბრუნდეთ გურამ შარაძესთან დავას.

[ლევან რამიშვილის ხმა] “ როგორც ჩანს, გურამ შარაძემ კიდევ ერთხელ საჯაროდ მოატყუა საზოგადოება, როცა ჯერ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს და შემდეგ, თითქოს, ინფორმაცია მიუწოდებია ვიცე-სპიკერ გიგი წერეთლისთვის, რომ ეს არ ნიშნავს სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნას. მე მოვუწოდებ გურამ შარაძეს, ნუ ეცდება ქვეშიდან გამოსვლას.” [სტილი დაცულია]

გურამ შარაძე ელის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შესწავლას და ამბობს, რომ პარალელურად სასამართლოსაც მიმართავს.

[გურამ შარაძის ხმა] “ეს პრინციპული საკითხია. მე მეუბნებიან, რატომ უყადრებო თავს “თავისუფლების ინსტიტუტის” ამ ხალხს, რომლისაც ქვეყანას და ხალხს არ სჯერა. მაგრამ ასე იოლად არ ვუყურებ საკითხს. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ახალგაზრდები არიან და ჩვენ ისინი უნდა გადავარჩინოთ. ისევე, როგორც მართლმადიდებლები უნდა გადავარჩინოთ იეღოველთა სექტისაგან.”
XS
SM
MD
LG