Accessibility links

რა დგას მთიანი ყარაბაღის ირგვლივ წარმოქმნილი სკანდალის მიღმა?


გასულ კვირაში სტამბოლში მიმდინარე თურქეთ-სომხეთის სამიტის კულუარებში, მთიანი ყარაბაღის შემდგომ ბედზე მსჯელობის დროს, ინკოგნიტო ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს მოსაზრება,

რომ აზერბაიჯანი, შესაძლოა, დათმობაზე წავიდეს და ლაჩინის დერეფნის სანაცვლოდ, სომხეთს სადავო ანკლავის ტერიტორია დაუთმოს. ამ სენსაციურ განცხადებას ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ეგრეთ წოდებული ”ტერიტორიების გაცვლის” თემაზე მასალა მოამზადა რადიო ”თავისუფლების” ანალიტიკოსმა ჟან კრისტოფ პეკმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ წრეებში არ ცხრება დისკუსია იმ ინფორმაციის თაობაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის სტამბოლში, ივნისის ბოლოს გამართული თურქეთ-სომხეთის სამიტის შემდეგ გახდა ცნობილი.

კულუარული შეხვედრების მონაწილე ინკოგნიტო რესპონდენტის მტკიცებით, მთიანი ყარაბაღის 14-წლიანი კონფლიქტის გადასაჭრელად სამხრეთი კავკასიის ორი სახელმწიფო მალე, შესაძლოა, ტერიტორიათა გაცვლაზე შეთანხმდეს.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი სათავეს 1988 წლიდან იღებს, როდესაც ანკლავში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა საბჭოთა აზერბაიჯანიდან გამოყოფის მოთხოვნა წამოაყენეს. თითქმის ექვსწლიანი კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარეს ათეულათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად იქცა. 1994 წელს ხელმოწერილი საზავო შეთანხმების მიუხედავად, ორივე სახელმწიფო, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო სომხეთის საჯარისო ქვედანაყოფებს, მთიანი ყარაბაღის ჩათვლით, აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში აზერბაიჯანს და სომხეთს დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები ეკავათ მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის საკითხში: აზერბაიჯანი მხარს უჭერდა ანკლავის ასიმეტრიულ სუვერენიტეტს აზერბაიჯანის ტერიტორიის ფარგლებში და ლტოლვილთა უპირობო დაბრუნებას, სომხეთი კი ანკლავის შემდგომი ბედის გადაწყვეტას თავად მთიანი ყარაბაღის იმ სომხური მოსახლეობის პრეროგატივად მიიჩნევდა, რომელიც გადაჭრით მოითხოვს სომხეთთან შეერთებას.

სტამბოლის სამიტის კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით კი ირკვევა, რომ მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის შესახებ გადამწყვეტ სტადიაში შესულა და მთელი პრობლემა მხოლოდ ”აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის არსებული დერეფნების საკითხის შეთანხმებაღა ყოფილა”.

წყაროს მტკიცებით, ოფიციალური ბაქო თანახმაა, და ამას თურქეთიც მხარს უჭერს, რომ გადასცეს სომხეთს მთიანი ყარაბაღის ტერიტორია. სანაცვლოდ კი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ექვსი ოკუპირებული რაიონი დაუბრუნდება. გადასაჭრელი მხოლოდ დერეფნების პრობლემაღა რჩება. მხარეებს კი ამ საკითხის მოგვარება ასე წარმოუდგენიათ: სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს ლაჩინის ტერიტორიას. რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები ერთმანეთს დერეფნით სარგებლობის უფლებას აძლევენ: აზერბაიჯანი ლაჩინის ტერიტორიის, სომხეთი კი – მეგრის გავლით. გათვლა მარტივია: მეგრის დერეფანი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, ერევანს სამხრეთ სომხეთთან დასაკავშირებლად სჭირდება, ლაჩინის დერეფანი კი აზერბაიჯანს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ნახიჩევანთან დაკავშირების საშუალებას მისცემს.

”რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ ”ბაქო სიხარულით დათანხმდება, ლაჩინის დაბრუნების სანაცვლოდ, აღიაროს ერევნის დე ფაქტო კონტროლი ყარაბაღზე.”

ამ სენსაციური ცნობის გამოქვეყნების შემდეგ, ოფიციალურმა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს პოლიტიკურ არაკეთილსაიმედოობაში. საქმე ის გახლავთ, რომ ერთი წლის წინათ, პარიზში გამართულ შეხვედრაზე, მოხდა ერთგვარი ჯენტლმენური გარიგება, რომელიც საბოლოო შეთანხმებამდე დოკუმენტის ცალკეული პუნქტების გახმაურებას კრძალავდა.

ანალიტიკოსების თქმით კი, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 14 ივნისს ჟურნალისტებთან საუბარში ჰეიდარ ალიევმა ბრალი დასდო სომხეთის პრეზიდენტს ლაჩინისა და მეგრის დერეფანთან დაკავშირებით უწინ მიღებული შეთანხმების შეუსრულებლობაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საყვედურით აღნიშნა, რომ შარშან, პარიზში, ის და ქოჩარიანი შეთანხმდნენ, რომ ორივე დერეფანი წინასწარ შეთანხმებულ სტატუსს მიიღებდა: პირველი სომხეთის, მეორე კი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ.

სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის აპარატი უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ შეთანხმება დერეფანთან დაკავშირებით მხოლოდ თავისუფალი სივრცის გამოყენებას გულისხმობს. ქოჩარიანთან დაახლოებული პირების თქმით, პრეზიდენტი ალიევია დამნაშავე იმაში, რომ გამოააშკარავა ეგრეთ წოდებული ”პარიზული პრინციპები” და ხელი შეუწყო პროტესტის ახალი ტალღის აგორებას პრეზიდენტ ქოჩარიანის საწინააღმდეგოდ.

აღსანიშნავია, რომ ასეთ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს აზერბაიჯანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რაფიკ ზულფუგაროვიც, რომელიც დარწმუნებულია, რომ მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ინფორმაცია მთიანი ყარაბაღისთვის სუვერენიტეტის მინიჭების შესახებ, სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.

[რაფიკ ზულფუგაროვის ხმა ] ”ეს ძალიან სერიოზული საფუძველია პოლიტიკური კრიზისისათვის. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ტერიტორიის ნაწილის დაკარგვა, ეს ძალიან სერიოზული საკითხია და თუ მთავრობაში ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მაშინ ეს პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანს. მით უფრო მაშინ, როცა უკვე მიეცა სტარტი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას. ყარაბაღის საკითხი კი, ერთ-ერთი მძლავრი არგუმენტი იქნება ხელისუფლებისთვის ბრძოლაში.”

მიუხედავად საერთაშორისო აჟიოტაჟისა, აზერბაიჯანის ოფიციალური პირები თავს არიდებენ მთიანი ყარაბაღის შესაძლო გაცვლის შესახებ არსებული ინფორმაციების კომენტირებას. ამ საქციელს თავისებურ ახსნას უძებნის პრეზიდენტ ალიევის კანცელარიის ყოფილი უფროსი ელდარ ნამაზოვი. აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ ”ზერკალოში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნამაზოვმა განაცხადა, რომ ”აზერბაიჯანის ხელისუფლებას უჭირს ყველაფერს თავისი სახელი უწოდოს. მაგრამ იმ დოკუმენტის არსი, რომელიც სტამბოლის სამიტამდე ეუთოში განიხილებოდა, სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანისთვის ფაქტობრივად დაკარგულია.”

თუმცა, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების აზრით, ასეთი გეგმების რეალიზებისთვის ხელის შეშლა ყოველთვის შეიძლებოდა, რადგან იგი გადაჭრით ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს.
XS
SM
MD
LG