Accessibility links

logo-print

ჯერ გესაუბრებით იმის შესახებ, თუ როგორ აჯობა პარლამენტს მთავრობამ. 4


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ჯერ გესაუბრებით იმის შესახებ, თუ როგორ აჯობა პარლამენტს მთავრობამ. 4 ივლისის “დილის გაზეთის” თქმით, “მიუხედავად იმისა,

რომ პარლამენტი დაჟინებით მოითხოვდა სახელმწიფო ბიუჯეტის ოთხი თვის ანგარიშის მოსმენას და პარლამენტში სახელმწიფო მინისტრის გამოსვლას ელოდა, ავთანდილ ჯორბენაძის ორდღიანმა სტუმრობამ მისთვის წარმატებულად ჩაიარა. ერთი სიტყვით, თუმცა ბიუჯეტში 40- მილიონიანი გარღვევაა, სახელმწიფო მინისტრი კი, თავის დროზე, ბიუჯეტის გადაჭარბებულად შესრულების გარანტიას იძლეოდა, პასუხისმგებელი არავინ აღმოჩნდა და პარლამენტის უმრავლესობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როგორ ეგება ხელისუფლებას ფეხქვეშ.

თავდაპირველად საუბარი იყო დადგენილების პროექტის ორ ვარიანტზე. ერთი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა, ხოლო მეორე
( ალტერნატიული) - ფრაქცია”დემოკრატებმა”. ეს უკანასკნელნი წარმოდგენილ ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად აფასებდნენ და სახელმწიფო მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას ითხოვდნენ. ასევე, მოითხოვდნენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს პარლამენტში 15 ოქტომბერს 9 თვის ბიუჯეტის ანგარიში გაეკეთებინა.
გაცილებით ლიბერალური იყო სიორიძის კომიტეტი, ხოლო დადგენილების პროექტი - უფრო ლოიალური: მართალია, კომიტეტმა ანგარიში არადამაკმაყოფილებლად შეაფასა, მაგრამ ამისათვის პასუხს არავის სთხოვდა.

კარგა ხნის სჯა-ბაასის შემდეგ პარლამენტარებმა ამ პროექტის შეჯერება მოისურვეს. რვა ფრაქციისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კონსულტაციის შემდეგ დადგენილების პროექტის შეჯერებულ ვარიანტში სიორიძის პროექტს მე-4 პუნქტად დაემატა “დემოკრატების” მოთხოვნა ოქტომბრისთვის 9 თვის ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით.

ამ დადგენილებას ცალკე, ალტერნატიული წესით, ემატებოდა “დემოკრატების” პროექტის ერთი პუნქტი, რის მიხედვითაც, ჩავარდნის შემთხვევაში, პასუხი უნდა ეგო ჯორბენაძეს. პროექტის ამგვარმა ფორმამ პარლამენტარების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც ზურაბ ტყემალაძემ ირონიულად ასე შეაფასა: ეს შეუჯერებელი შეჯერებული ვარიანტია, თუ შეჯერებული შეუჯერებელიო?”


როგორც “დილის გაზეთის” წერილის დასასრულს არის ნათქვამი, “ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ შეჯერებულ-შეუჯერებელი დადგენილების პროექტს აღარ უყარეს კენჭი და ისევ იმ ორი ვარიანტის კენჭისყრის ჯერი დადგა. უკვე სავსებით ნათელი იყო, ხელისუფლების მიმართ “ქვენა გრძნობებით” გამსჭვალულებმა ვის წისქვილზე დაასხეს წყალი. “ტრადიციონალისტების” წარმომადგენელმა მაია ნადირაშვილმა მესამე, “სახალისო” ვარიანტის შემოტანა მოითხოვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დააგვიანა. ალბათ, კენჭისყრამდეც ცხადი იყო, რომ ორივე პროექტი ჩავარდებოდა. ასეც მოხდა – ჟვანიასა და სააკაშვილის გუნდებმა ვერ აჯობეს პრეზიდენტის ნავში ფარულად თუ აშკარად მსხდომთ. ჯორბენაძე კანცელარიაში კმაყოფილი დაბრუნდა, თუმცა, როგორც განაცხადა, მოელოდა, რომ განხილვა უფრო კონსტრუქციული იქნებოდა”.


რატომ იქცა თბილისისათვის გაზის გათიშვა მუდმივ პრობლემად?
6 ივლისის გაზეთი “24 საათი” წერს, რომ “მოსკოვიდან, რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სხდომიდან, დაბრუნებული ავთანდილ ჯორბენაძე არაორაზროვან მინიშნებებს აკეთებს “თბილგაზში” გამეფებული კორუფციის შესახებ. რასაკვირველია, ჯორბენაძის განცხადებები “ქართული სტრუქტურებისა და ადამიანთა გარკვეული ჯგუფების ცოდვებთან” დაკავშირებით, რომელთა შესახებაც მას “იტერაში” აცნობეს, მარტო “თბილგაზისკენ” არ იყო მიმართული. სახელმწიფო მინისტრის მოქნეული მათრახი მერიის ჩინოვნიკებსაც ხვდება, რომელთა მიმართ “იტერას” სათაო ოფისში გარკვეული პრეტენზიები აქვთ”.


გარდა ამისა, როგორც “24 საათი” გვამცნობს, ჯორბენაძის განცხადებით, “მან ბევრი ინფორმაცია მიიღო “იტერასთან” ურთიერთობაში მყოფი სხვადასხვა ქართული სტრუქტურების საქმიანობის შესახებ”.
ჯერჯერობით კი სახელმწიფო მინისტრმა თბილისელები დააიმედა. მისი თქმით, “რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-5 სხდომაზე მიღწეული შეთანხმებებით, თბილისს გაზის მიწოდება უახლოესს დღეებში უნდა აღუდგეს”.


ამავე პრობლემას ეხება ანტიკორუფციული ბიუროს მდივანი კახა უგულავა ინტერვიუში, რომელიც 4 ივლისის “დილის გაზეთშია” გამოქვეყნებული. იგი ამბობს, რომ სიტუაცია შეგნებულად არის არეული:
“ეს არის სტრატეგიული დარგი და ვიღაცას ხელს აძლევს, რომ ამ დარგში ქაოტური სიტუაცია იყოს. სქემა გაშიფრულია. ახლა მთავარია, კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენა, იმის მხილება, თუ წლების განმავლობაში, როგორ ხდებოდა შეგნებულად ვალების დაგროვება და სახელმწიფო თანხის ჭამა, რომლის გამოძალვაც ხშირად დაშანტაჟების გზით ხდებოდა”.


“დილის გაზეთის” თხოვნაზე, უფრო კონკრეტულად ესაუბრა, ანტიკორუფციული ბიუროს მდივანმა თქვა:


“შეგნებულად არ არის მრიცხველები დამონტაჟებული საზღვარზე. არ არის აღრიცხული, საქართველოში რა რაოდენობის გაზი შემოვიდა, რამდენი განაწილდა. ყველაფერი შეთანხმებით ხდებოდა. მრიცხველების დაყენებით “იუსეიაიდი” იყო დაინტერესებული, მაგრამ დამონტაჟდა მხოლოდ ორი მრიცხველი, რომლებიც შემდგომ - ალბათ, შეგნებულად - გამოთიშეს, რადგან არავის აძლევდა ხელს შემოსული გაზის აღრიცხვა. რეალურად შემოდიოდა ნაკლები გაზი, მოსახლეობიდან გადასახადები შემოდიოდა 70%-ით, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან კომერციული დანაკარგის თანხა ტარიფით არის გათვალისწინებული”.


იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გროვდებოდა გაზის დავალიანება, კახა უგულავა წარმოუდგენლად მიიჩნევს “თბილგაზის” განცხადებას, რომ ტექნიკური დანაკარგები 70%-ს შეადგენს. “ჩვენი დასკვნებით, ეს თანხა შეიჭამა. ახლა ვაპირებთ იმ პირების გამოვლენას, ვინც დარგს მიზანმიმართულად ანადგურებდა,”- უთხრა “დილის გაზეთს” ანტიკორუფციული ბიუროს მდივანმა.


დაბოლოს, ისევ შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებული ერთი წერილის შესახებ გესაუბრებით. 6 ივლისის გაზეთ “რეზონანსის” თქმით, “საქართველოს ხელისუფლებაში ახალი სერიოზული სკანდალი მწიფდება. ლევან მამალაძის სახელს გუშინ უკვე ღიად აკავშირებდნენ პროკურატურის მიერ დაკავებულ შოთა თინიკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთან. თინიკაშვილმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ის ნამდვილად მონაწილეობდა რუსთავის გზაზე საარჩევნო ბიულეტენების დატაცებაში”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ “გუშინ “ახლების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ პირდაპირ ეთერში ღიად მოუწოდა მამალაძეს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და დატოვოს გუბერნატორის პოსტი. ლევან მამალაძე “მოქალაქეთა კავშირისაგან” პრინციპულად გამიჯნა მოსკოვიდან სასწრაფოდ დაბრუნებულმა ავთანდილ ჯორბენაძემაც. მან განაცხადა, რომ პარტიის სათავეში დღეს სულ სხვა ადამიანები არიან და რომ “მოქალაქეთა კავშირში” საქართველოს ბევრი მოქალაქეა.


ამის შემხედვარეს ძნელია არ გაგახსენდეს, როგორ უკრავდა ტაშს “მოქკავშირის” ელიტის ერთი ნაწილი ლევან მამალაძეს მაშინ, როცა ის ჟვანიას გუნდის პრეზიდენტისაგან ჩამოსაშორებლად ყველაფერს აკეთებდა. ის მაშინ გმირადაც შერაცხეს იმის გამო, რომ გაბედა და სიმართლე თქვა. მამალაძე მაშინ შევარდნაძეს გადაეფარა და მისთვის შესასხმელი ტალახი თავად შეისხა. მაგრამ ფარაონებს არ უყვართ ის ადამიანები, ვინც გამოიყენეს. შესაბამისად, “მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდეს”, - ეს პრინციპი ამ შემთხვევაშიც მოქმედებს, ოღონდ მავრის ადგილას მამალაძე უნდა ჩავსვათ”.


შემდეგ “რეზონანსი” წერს, რომ “დღეს ავთანდილ ჯორბენაძე “მოქალაქეთა კავშირის” რეანიმაციას და მის საკუთარ დასაყრდენ ძალად გადაქცევას ლამობს”. გაზეთის თქმით, “ძნელი მისახვედრი არაა, რომ პრეზიდენტის მხრიდან მინისტრთა კაბინეტის შემოღებაზე საუბრის ხელახლა დაწყება ჯორბენაძეს იმედებს უსახავს, რომ ის სავარაუდო მემკვიდრეობიდან ნამდვილ მემკვიდრეობას მოიპოვებს, რომ შევარდნაძის დიდმა გვარმა სწორედ ის აირჩია მომავალში საკუთარი ბიზნესისა და პოლიტიკური უსაფრთხოების დასაცავად”.

თუმცა “რეზონანსი” არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო მინისტრს ბევრი წინააღმდეგობა დახვდება. მაგალითად, გაზეთი აღნიშნავს, რომ მართალია, ავთანდილ ჯორბენაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შორის დაპირისპირება სერიზულ კონფლიქტში არ გადაზრდილა, მაგრამ განხეთქილების ვაშლი შეგორებულია.
XS
SM
MD
LG