Accessibility links

logo-print

საინფორმაციო კამპანია საქართველოდან არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის შესაჩერებლად


საქართველოს ხელისუფლებას ბევრი არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნიდან არალეგალური მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის შესამცირებლად.

არადა, საზღვარგარეთ არაკანონიერი გზით გასულ ან მოტყუებით გაყვანილ ქართველთა დიდი უმრავლესობა მონური შრომისა და დანაშაულებრივი ბიზნესის მსხვერპლი ხდება. ამ პრობლემებს საქართველოში დიდი ხანია იკვლევს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ორგანიზაციამ, მოპოვებული მასალების საფუძველზე, საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის ინფორმირებულობას, რაც შესაძლებელს გახდის ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის შემცირებას.

საქართველოდან არალეგალური მიგრაციის რიცხვმა განსაკუთრებით 2001 და 2002 წლებში იმატა. ამას ხელი შეუწყო დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მკაცრმა საემიგრაციო წესებმაც, რაც ამ ქვეყნებში ქართველების კანონიერ მიგრირებას თითქმის შეუძლებელს ხდის. მითუმეტეს, საქართველოს არც ერთ ქვეყანასთან შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება არა აქვს დადებული და, როცა ქვეყნის შიგნით დასაქმება შეუძლებელია, ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებულია ოჯახის გამოსაკვებად საზღვარგარეთ არალეგალურ სამუშაოზე წავიდეს.

ამ საკანონმდებლო ბარიერმა და ინფორმაციის ნაკლებობამ ისეთი კომპანიების მომრავლებას შეუწყო ხელი, რომლებიც, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მოქალაქეებს დაბალანაზღაურებად და არაპრესტიჟულ სამუშაოს ჰპირდებიან. ასეთ სააგენტოებთან კონტაქტი ქართველებს ძვირად უჯდებათ. მათი დახმარებით საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ მოქალაქეები ან უმუშევრად რჩებიან, ან იძულებულნი არიან მონურ სამუშაოზე დათანხმდნენ, ან კიდევ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლნი ხდებიან.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის კონსულტანტი მარკ ჰულსტი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია ზემოხსენებულ პრობლემებთან ბრძოლას საინფორმაციო კამპანიით აპირებს. სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულმა გამოცდილებამ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დაარწმუნა, რომ არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი საინფორმაციო კამპანიაა.

[ჰულსტის ხმა] „ამ საინფორმაციო კამპანიის ძირითადი მიზანია გაარკვიოს ქართველი ხალხი არალეგალური მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის, ანუ ტრეფიკინგის, საშიშროებაში. იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ საზღვარგარეთ გამგზავრება, ჩვენ დავეხმარებით, რათა თავიდან აიცილონ ტანჯვა-წამება. ჩვენი მიზანია, აგრეთვე, ინფორმაციის გავრცელება კანონიერი მიგრაციის შესახებ.“

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გეგმავს სემინარებისა და შეხვედრების მოწყობას სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასა და ჟურნალისტებთან. ასევე, ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემა სარეკლამო კლიპები, ხოლო გაზეთებში გამოქვეყნდება სარეკლამო განცხადებები. ორგანიზაციის ოფისშივე გაიხსნება სატელეფონო ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობის შესახებ და შეამოწმოს ესა თუ ის ტურისტული სააგენტო, რომელიც საზღვარგარეთ დასაქმების მომსახურებას სთავაზობს.

მარკ ჰულსტის განცხადებით, მისმა ოფისმა ფარულად უკვე შეამოწმა 30-მდე კომპანია, რომლებიც პრესაში საზღვარგარეთ დასაქმების განცხადებებს აქვეყნებდნენ. მისი თქმით, უმეტესი მათგანი მომხმარებელს ღიად სწორედ ისეთ პირობებს სთავაზობს, როგორიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა მონათხრობშია ასახული. მიუხედავად ამისა, ასეთი ფირმები ლეგალურად არსებობენ და სახელმწიფო მოხელეების მფარველობითაც სარგებლობენ. ჰულსტის ინფორმაციით, მისმა ორგანიზაციამ მოიპოვა ფაქტები, რომლებშიც საეჭვო ტურისტული სააგენტოების კლიენტებს ვიზის მისაღებად საჭირო რეკომენდაციებს სახელმწიფო მოხელეები აძლევენ. იგი ფიქრობს, რომ ასეთი კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი კონტროლია საჭირო. მცდელობა ტურისტული სააგენტოები ლიცენზირების სისტემაში მოექციათ, იუსტიციის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წინააღმდეგობას წააწყდა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კარგი იქნება, საქართველოსა და მიმღებ ქვეყნებს შორის შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებები გაფორმდეს. მარკ ჰულსტიც ამ აზრს იზიარებს.

[ჰულსტის ხმა] „სწორედ იმის გამო, რომ დღესდღეობით საზღვარგარეთ დასაქმების საშუალებები არ არსებობს, ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ხალხი მიდის არალეგალურად და საშინელ პირობებში ვარდება - ეჯაჭვება იმ სამუშაოს, რომელსაც საკუთარი ნების გარეშე ასრულებს. როდესაც ლეგალური დასაქმების საშუალებები იქნება, ეს შეამცირებს არალეგალური დასაქმებისა და ტრეფიკინგის რიცხვს.“

ამჟამად საქართველოს მთავრობა მუშაობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებითი ურთიერთობის დასამყარებლად. მაიკლ ჰულსტი ფიქრობს, რომ დასავლეთ ევროპის მიმართულება უშედეგოდ დამთავრდება, რადგან ამ რეგიონის ქვეყნები არ საჭიროებენ ქართული კვალიფიკაციის სპეციალისტებს. მისი აზრით, გაცილებით შედეგიანი იქნება მსგავსი მუშაობის ჩატარება აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.
XS
SM
MD
LG