Accessibility links

ხელისუფლების უპასუხისმგებლობას სახელმწიფო ბიუჯეტი ეწირება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ტოტალური უპასუხისმგებლობის სინდრომმა, რომლითაც, უკვე კარგა ხანია, დააავადებულია ქართული ხელისუფლება, ამჯერადაც იჩინა თავი.

ცხარე საპარლამენტო დებატებისას, საბოლოოდ, მაინც ვერაფრით გაირკვა, არის თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება პასუხისმგებელი ბიუჯეტის გარღვევაზე და ვინ უნდა აგოს პასუხი მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაზე.

პოლიტიკური პროცესების პრევალირება ეკონომიკაზე გასულ კვირასაც ნათლად გამოიკვეთა. ბიუჯეტის 4 თვის შედეგების განხილვა წმინდა პოლიტიკური ანტურაჟით წარიმართა და ხელისუფლების მომხრეებიც და ოპოზიციაც თავიანთ ხმაურიან განცხადებებს მხოლოდ სახელმწიფო მინისტრის ან პრეზიდენტისადმი პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით აკეთებდნენ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თავად განხილვის საგანი პრინციპულად არავის აღელვებდა.

საბოლოოდ, პარლამენტის რიგგარეშე სესიამ, ორდღიანი მსჯელობის შემდეგ, ,,საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 4 თვის შესრულების შესახებ ანგარიშის თაობაზე” დადგენილების პროექტი ვერ მიიღო.
სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს არც ფრაქცია ,,დემოკრატების” მოთხოვნით კენჭისყრაზე დაყენებულ დადგენილების ერთ-ერთი პუნქტის ალტერნატიულ ვარიანტს, რომლითაც მიმდინარე წლის 4 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობისათვის სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა.

ახლად ფორმირებულ ოპოზიციას მიაჩნია, რომ მოხდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ერთგვარი ,,ლუსტრაცია”, რამაც ხელისუფლების მხარდამჭერები გამოავლინა.
ფრაქცია ,,დემოკრატებმა”, ,,მოძრაობამ დემოკრატიული რეფორმებისათვის” და ,,ტრადიციონალისტმა” კენჭისყრის დაწყებამდე სახელმწიფო მინისტრს შეახსენეს მიმდინარე წლის იანვარში, 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისას, მის მიერ 4 თვის თავზე ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების შესახებ დადებული პირობა, რომელიც არ შესრულდა.

თავის მხრივ, მთავრობამ თავის სასარგებლო არგუმენტად მოიყვანა 87 მილიონი ლარით შემოსავლების ზრდა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 4 თვის შემოსავლების გეგმა 293 მილიონ 949 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო, ფაქტობრივად, ბიუჯეტში 255 მილიონ 535 ათასი ლარი შემოვიდა.

მიმდინარე წლის 4 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის გარღვევა 38 მილიონ ლარს აღემატება.

არადა, ამ კანონის დამტკიცებისას სახელმწიფო მინისტრი მეტისმეტად ოპტიმისტური გახლდათ და დაპირებებიც არ დაუშურებია დეპუტატთათვის. მზის ქვეშ ადგილის დაკარგვის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია, ბუნებრივია, ხელიდან არ გაუშვებდა შანსს ავთანდილ ჯორბენაძის ამბიციები დაეოკებინა. არც ხელისუფლება იყო ინერტული და, თავისი არცთუ მცირერიცხოვანი მომხრეების საკმაოდ გონივრული მართვით, მან სასურველ შედეგს, ანუ სრულ უშედეგობას, მიაღწია. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურ პარნასზე ძალების დემონსტრირების საბაბი გახდა.

საბოლოოდ, პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ტრადიციულმა სინდრომმა იმძლავრა და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ეს კანცელარიის კორიდორებში იყო ჩაფიქრებული.

მთელ ამ დაპირისპირებაში საგულისხმოა ერთი დეტალი – ხელისუფლების არც მომხრეებს და არც მოწინააღმდეგეებს არ უცდიათ ბიუჯეტის პრინციპული განხილვა, არავის გაუანალიზებია გარღვევის მიზეზები და არც არავინ გარჯილა ამ პატური სიტუაციიდან გამოსვლის გზები შეეთავაზებინა ხელისუფლებისათვის. არადა, ძნელია რომელიმე კონკრეტული დამნაშავე დაასახელო როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის დამრღვევი. კანონის შეუსრულებლობაში ლომის წილი უდევს როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი თანხების ამოღებასა და შემოსავლების მობილიზებაზე, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომელიც ვერ ახერხებს მიღებული კანონების ეფექტურ მონიტორინგს და, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით თუ ამა თუ იმ ბიზნესის ლობირებით, იმთავითვე მძიმე მდგომარეობაში აყენებს ბიუჯეტს. ამ უპასუხისმგებლობის აღლუმში, ტრადიციულად, უბრალო მოსახლეობა იჭყლიტება, რომელიც, ხელისუფლებისაგან განსხვავებით, საკუთარ კანზე გრძნობს კანონის შეუსრულებლობის მთელ ”სიამეს”.

პოლიტიკურმა ვაკხანალიამ ბიუჯეტიც და, ზოგადად, ეკონომიკა, კარგა ხანია, საკუთარ მძევლად აქცია. შედეგიც ადეკვატური გვაქვს: ეკონომიკური მაჩვენებლებით საქართველო ნელ-ნელა ბანანის რესპუბლიკების და უკიდურესად ღარიბი აფრიკული სამყაროს გვერდით დაიდებს ბინას.

კორუფციის მასშტაბები ჩვენთან ლამის ქრესტომათიულ მაგალითად იქცეს დანარჩენი სამყაროსათვის.
საქართველო თანდათანობით კარგავს იმ დონორი ორგანიზაციებისა და მეგობარი სახელმწიფოების კეთილგანწყობას, რომელთა როლი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში ძნელია გადაჭარბებით შეაფასო.
კრიმინალიზებული ეკონომიკით, კორუფციული სახელმწიფო აპარატით და მართვის სრული უუნარობით ქვეყანა განვითარების არანაირ იმპულსს არ იძლევა. ქვეყნის ხელისუფლების ორი მთავარი შტო კი ერთმანეთისათვის ნიშნის მოგებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტს ვერაფერს ახერხებს.
XS
SM
MD
LG