Accessibility links

პრეზიდენტმა მასზე განხორციელებულ ტერაქტში ბრალდებულები შეიწყალა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 5 ივლისის გვიან საღამოს გახმაურებული ცნობა პრეზიდენტის მიერ თემურ ხაჩიშვილის, გურამ პაპუკაშვილისა და გიგა გელაშვილის შეწყალების შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საზოგადოებისთვის,

არამედ თავად შეწყალებულებისთვისაც. პირველმა რეაქციამაც არ დააყოვნა: შეწყალებულები ჯერჯერობით პრეზიდენტს მადლობას უხდიან.

შეგახსენებთ: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი, უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის დაცვის ყოფილი უფროსი გურამ პაპუკაშვილი და გასამხედროებული ორგანიზაციის, “მხედრიონის,” ერთ-ერთი ლიდერი გიგა გელაშვილი 1995 წლის სექტემბერში დააპატიმრეს პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით. სასამართლომ პაპუკაშვილს 10, გელაშვილს 13, ხოლო ხაჩიშვილს 15 წელი მიუსაჯა. 29 აგვისტოს ტერაქტის ორგანიზების გარდა, გიგა გელაშვილსა და თემურ ხაჩიშვილს ბრალად დაედოთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას მკვლელობაც. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები თავიანთ მონაწილეობას ამ ტერაქტებში კატეგორიულად უარყოფდნენ ისევე, როგორ ჯაბა იოსელიანი, რომელიც მოგვიანებით, 1995 წლის ნოემბერში, დააპატიმრეს, ასევე, 29 აგვისტოს ტერაქტთან კავშირის გამო.
ჯაბა იოსელიანი პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორი წლის წინათ შეიწყალა. მანამდე მან ასევე შეიწყალა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი, რომელსაც უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნა ედებოდა ბრალად. შეწყალების მეშვეობით, ციხიდან გათავისუფლდნენ სხვა ცნობილი მხედრიონელები – დოდო გუგეშაშვილი, დავით წერეთელი, თამაზ ფანჩულიძე და სხვები.
დღეს ჯაბა იოსელიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ადრეც სურდა გიგა გელაშვილის გათავისუფლება, მაგრამ შესაფერის მომენტს ელოდა. მისივე ვარაუდით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მასზე განხორციელებულ ტერაქტში ბრალდებულთა შეწყალების შესახებ მაინც პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.
პრეზიდენტის შეწყალების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს სახალხო პარტიის თვმჯდომარე მამუკა გიორგაძეც, რომლის აზრითაც, საერთო დაძაბულობის ფონზე, პრეზიდენტის ასეთი ჟესტი მის სასარგებლოდ აღიქმება. აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურიას ოჯახს და თანაპარტიელებს დღესაც ეეჭვებათ, რომ მკვლელობის საქმე ბოლომდე იყოსგამოძიებული და გამოვლენილი იყოს ამ დანაშაულის შემკვეთი.
დღესდღეობით ციხეში დარჩენილია რამდენიმე პატიმარი, ვინც სასჯელს, ასე ვთქვათ, რეზონანსული დანაშაულისთვის იხდის: პეტრე გელბახიანი და ირაკლი დოკვაძე, რომლებიც სასჯელს ჯაბა იოსელიანის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტისთვის იხდიან, და ლოთი ქობალია, რომელსაც, ბევრ სხვასთან ერთად, ბრალად სამშობლოს ღალატიც წაუყენეს. თუმცა, საეჭვოა, ეს პირები პრეზიდენტმა შეიწყალოს, რადგან მათ ქმედებებს სრულიად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG