Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა


"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა,

სადაც მაყურებელი ვარსკვლავად აღმიქვამს," - ბრაზილიური ჯაზის ქალბატონის, ტანია მარიას ეს განცხადება ქართულმა მედიამ თბილისის მეექვსე საერთაშორისო ჯაზფესტივალის დაწყებისთანავე გაავრცელა. ტანია მარიას განცხადება, გარკვეული თვალსაზრისით, ფესტივალის რეკლამად იქცა, თანაც, გული მოაფხანინა ქართულ საზოგადოებას, რომლის ერთ ნაწილს ყოველთვის ხიბლავდა "განსაკუთრებულის", "განუმეორებლის", "ერთადერთის" იმიჯი. მეორე მხრივ, ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ტანია მარიას მოკრძალებულობაში, უბრალოებაში. ეს ქალბატონი, პირველ რიგში, თავად არ ფიქრობს, რომ ვარსკვლავია. გარდა ამისა, კარგი მსახიობია და იმასაც გრძნობს, თუ რა უნდა მისგან პუბლიკას... თუ ამ ხალხს ასე ძალიან მოსწონს განსაკუთრებულობა, დაე ასე იყოს. ტანია მარია - ლიბერალია. მით უფრო, რომ მისი კონცერტი და ჯაზფესტივალის პირველი დღე, 30 ივნისი, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებას დაემთხვა. ვარსკვლავი, რომლის ნათებას თურმე მხოლოდ საქართველოში გრძნობენ, იმ საღამოს კი არ ანათებდა - ბრწყინავდა. იყო არაჩვეულებრივ ხასიათზე და შეეძლო ემღერა ზუსტად ისე, როგორც დარბაზს უნდოდა... კონცერტის დაწყებამდე ტანია მარიამ აღნიშნა: "მართალი რომ გითხრათ, საკონცერტო პროგრამა ჯერ არცა მაქვს ჩამოყალიბებული, არა ვარ მუსიკის ფუნქციონერიო."

რა უნდოდა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას? ეს რომ გაგვეგო, პირველ რიგში, პატარა "პანორამისთვის" უნდა მიგვემართა დარბაზში. თუმცა ჟურნალისტებს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოების "დათვალიერება" ნამდვილად გაუჭირდებოდათ - ფესტივალზე აკრედიტებული პრესისთვის ხომ საკმაოდ უხერხული ადგილები გამოიყო - ორკესტრისთვის განკუთვნილ ორმოში, სადაც მუსიკის სრულფასოვანი აღქმა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო: მთელი კონცერტის განმავლობაში გუგუნებდა ხმის გამაძლიერებელი, რომელიც უშუალოდ ჩვენს ცხვირწინ იდო და მეტისმეტად ჰქონდა მომატებული ბანები. ტანია მარიას ხმა ხშირად იკარგებოდა, რაც, შესაძლებელია, არა იმდენად აპარატურის, რამდენადაც ანსამბლ "ვივა ბრაზილ კვარტეტის" ბრალიც ყოფილიყო. კარგადაა ცნობილი, რომ ბრაზილიელ ქალბატონს არაერთხელ ჰქონია პრობლემა ანსამბლთან დაკავშირებით. თითქმის ყოველ ტურნეში ტანია მარია მუსიკოსებს იცვლიდა (თუმცა, ცხადია, კლავიშებზე თავად უკრავდა). მაგრამ, ჯაზის სპეციალისტების აზრით, "ვივა ბრაზილი" ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლია იმ ანსამბლებს შორის, რომელთანაც ტანია მარიას მოუხდა მუშაობა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ "ვივა ბრაზილის" მუსიკოსებმა კარგად იციან, როგორ "უნდა მისცენ სივრცე" 54 წლის ქალბატონის ხმას. არა ორმოში, არამედ პარტერში მსხდომი ქართველი "ჯაზმანები" ირწმუნებიან, რომ თბილისში გამართულ კონცერტზე "ვივა ბრაზილი" შესანიშნავად უკრავდა და ვოკალის ხმასა და ინსტრუმენტებს შორის ბალანსი მხოლოდ რამდენჯერმე დაირღვა. თუმცა ჩემს აუდიოჩანაწერში, რომელიც ტანია მარიას კონცერტზე გავაკეთე, ვფიქრობ, იგრძნობა, როგორ ჟღერდა მუსიკა ჩვენთვის, ორმოში მოკალათებული ჟურნალისტებისთვის (ხმა: ტანია მარიას კონცერტის ჩანაწერი)

ახლა, რაც შეეხება დარბაზს. ჯერ კიდევ კონცერტის დაწყებამდე ჯაზფესტივალის ორგანიზატორის "ისთერ პრომოუშენის" მესვეურებმა მითხრეს, რომ წინა ფესტივალებისგან განსხვავებით, წლევანდელი ფესტივალის სტუმრების, განსაკუთრებით, ტანია მარიასა და ელ ჯეროს კონცერტებით დაინტერესდნენ ახალგაზრდები, თინეიჯერები. არ ვიცი, საიდან ჰქონდათ მათ ეს ინფორმაცია, მაგრამ, ფაქტია, ჯაზფესტივალის პუბლიკა ძალიან "გაახალგაზრდავდა". თინეიჯერების ცვენა განსაკუთრებით იგრძნობოდა ტანია მარიას კონცერტზე, სადაც "საზაფხულო ტანსაცმელში" გამოწყობილი 10- 12 წლის გოგონები, ტანია მარიას სახელგანთქმული ჰიტის "ბრაზილის" გაგონებისთანავე, "ჩვენს ორმოში" ჩამოცუნცულდნენ და დისკოს რიტმზე ცეკვას შეუდგნენ. რა უნდა ქნას ამ დროს "ლიბერალმა მუსიკოსმა", რომელიც იფიცება, რომ ვარსკვლავად მხოლოდ საქართველოში მიიჩნევენ, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს და მზადაა იმღეროს და იცეკვოს პუბლიკის "დაკრულზე"... უფრო სწორად, აცეკვოს პუბლიკა... ტანია მარიას კი, რომელიც მოგეხსენებათ, მშვენივრად ახერხებს სხვადასხვა სტილის შერწყმას, თავის რეპერტუარში ბევრი სიმღერა აქვს, რომელზედაც ცეკვა შეიძლება... ადამიანებს კი - განსაკუთრებით, საქართველოში - ცეკვა უფრო მეტად ნაცნობ მელოდიებზე უყვართ. ვფიქრობ ამიტომაც იმღერა იმ საღამოს ბრაზილიელმა მომღერალმა უფრო მეტად თავისი ძველი ჰიტები, რომელთა შორის მსმენელი განსაკუთრებით "ბომ, ბომ, ბომ"-ზე "ავარდა". შეიძლება, გულსატკენიცაა, რომ ტანია მარიას კონცერტი თბილისში მაინცდამაინც ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებას დაემთხვა. ასე რომ არ ყოფილიყო, კონცერტის რეპერტუარში სევდიანი სიმღერების ნაკლებობას ვერ ვიგრძნობდით... არადა, ჩემი აზრით, ტანია მარიას ვარსკვლავი "ბრწყინავს" მაშინ, როცა ბრაზილიური სამბა, ბლუზი ფრანგული "შანსონის" განუმეორებელი არომატით მდიდრდება ხოლმე. ასეთი სიმღერების შესრულების დროს ტანია მარია არავის ჰგავს. თავის უბერებელ ხმას იგი ამ დროს, მართლაც რომ, მუსიკალურ ინსტრუმენტად აქცევს და შესანიშნავად გრძნობს დრამატურგიული ჯაზის სპეციფიკას (ჩართვა. სიმღერა ტანია მარიას ალბომიდან)

ბრაზილიელი ვარსკვლავის კონცერტის მაჟორული ინტონაცია ჯაზფესტივალის პირველი ღონისძიების სტრუქტურამაც განაპირობა. ტანია მარიას გამოსვლას ფილარმონიაში წინ უძღოდა ქართული ანსამბლის, "მწვანე ოთახის", დაახლოებით, 45 წუთიანი კონცერტი, რომელიც რუმბასა და დისკოს "საცეკვაოდ" მოსული პუბლიკისთვის, რა თქმა უნდა, მოსაწყენი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ "მწვანე ოთახის" წევრები ამტკიცებენ, რომ უფრო ბრაზილიური მუსიკის თაყვანისმცემლები არიან, პირადად მე იმ საღამოს ვერ დავინახე ქართული როკ-მუსიკის და, ეგრეთ წოდებული, "კომერციული ჯაზის" ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელთა სტილის რაიმე მსგავსება ტანია მარიას მუსიკასთან... გარდა იმისა, რომ "მწვანე ოთახის" სოლისტ აჩიკო გულედანს ბრაზილიის ფეხბურთის ნაკრების მაისური ეცვა... როცა აჩიკო გულედანმა განაცხადა, რომ თავის კომპოზიციას უძღვნის უდიდეს მუსიკოსს, ვიფიქრე, რომ იგი ახლა ტანია მარიას ახსენებდა... მაგრამ "მწვანე ოთახმა" კომპოზიცია სულ სხვა მუსიკოსს მიუძღვნა, ადამიანს, რომელსაც ბრაზილიელ “ლიბერალს” ვერაფრით შევადარებთ – მაილს დევისს. შესაძლოა, ეს მშვენივრად დაკრული კომპოზიცია მაყურებლის “გახურებას” ემსახურებოდა ბრაზილიელი ქალბატონის სცენაზე გამოჩენის წინ. მაგრამ “მწვანე ოთახმა” ფილარმონიაში მობრძანებული ძალზე ჭრელი საზოგადოება, მე მგონი, უფრო “გადაახურა”, ვიდრე “გაახურა” – მეტისმეტად დიდი იყო ტანია მარიას სცენაზე ხილვის სურვილი... რის გამოც ქართველ მუსიკოსებს ტაში კი დაუკრეს, მაგრამ ეს ტაში, ამავე დროს, ფესტივალის საპატიო სტუმრის გამოძახებას უფრო ჰგავდა.

ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ამგვარმა “დაყოფამ”, მით უფრო, რომ “მწვანე ოთახის” სცენიდან გასვლას ანტრაქტი არ მოჰყოლია, მაინცდამაინც არ გაამართლა. ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა ქართველებისა და ამერიკელების ერთობლივი კონცერტი – ბობ მინცერისა და ქართული ბიგ-ბენდის პროექტი, რომელიც, ჯაზის მოყვარულთა აზრით, ამ ფესტივალის კულმინაცია იყო. თუმცა ამ კონცერტს კიდევ ერთი “კულმინაცია” მოჰყვა: ელ ჯეროს სტუმრობა თბილისში – კონცერტები, სულ სხვა მსმენელით და განსხვავებული შესრულებით; კონცერტები, რომელმაც დაამტკიცა, რომ თბილისის ჯაზფესტივალი სამართლიანად აღიარეს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალად; კონცერტები, რომლის შესახებ მე ზუსტად ერთი კვირის შემდეგ “რადიო თავისუფლების” კულტურულ მიმოხილვაში გიამბობთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG