Accessibility links

logo-print

რატომ ტოვებენ ახალგაზრდა კადრები სამხედრო უწყებას?


ორ კვირაზე მეტია, სამართალდამცველი ორგანოები ამაოდ ეძებენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადიდან დაკარგული ტყვიამფრქვევებისა და რადიოსადგურების კვალს. თუმცა, ამ კრიმინალმა, რომლის გახმაურებას საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა დიდად არ აღუფრთოვანებია, გარკვეულად დააჩქარა სამეთაურო თანამდებობებზე დასავლური ორიენტაციის კადრების დაწინაურების პროცესი. გასულ კვირაში, საქართველოს თავადაცვის მინისტრის ბრძანებით, სახმელეთო ჯარების სარდლად პირველი ქართველი რეინჯერი, ამერიკის თავდაცვის კოლეჯის კურსდამთავრებული, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა დაინიშნა, მე-11 მოტომსროლელ ბრიგადას კი კოსოვოს სამშვიდობო ძალების ქართული ოცეულის ყოფილი მეთაური, მაიორი გიორგი ბლიაძე უხელმღვანელებს. თუმცა, ამ დანიშვნების მიუხედავად, მთლიანად სამხედრო ძალების წინაშე მდგარი საკადრო პრობლემები კვლავინდებურად საგანგაშოა.

თუ რამდენიმე გამონაკლისს არ მივიღებთ მხედველობაში, საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელ თანამდებობებზე ჯერ კიდევ საბჭოთა სამხედრო სკოლის წარმომადგენლები იმყოფებიან. საკადრო როტაცია ყველაზე რთულად მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფი დეპარტამენტის სტრუქტურებში, შედარებით უკეთ არის დაყენებული საქმე თავდაცვის სამინისტროში, რომელსაც "მშვიდობისათვის პარტნიორობის" პროგრამებში მონაწილეობამ და საგანმანათლებლო სფეროში დასავლეთის ქვეყნებთან დამყარებულმა ორმხრივმა ურთიერთობებმა შესაძლებლობა მისცა, მნიშვნელოვნად შეევსო საკადრო დეფიციტი. თუმცა, თუ ახლახან გამოცემულ თავდაცვის "თეთრ წიგნს" ვენდობით, სამხედრო უწყებას, თანამედროვე ოფიცერთა კადრების მხრივ, პრობლემები საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად 50-60 ქართველი ოფიცერი ან სამოქალაქო პირი ამთავრებს დასავლეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს. მაგრამ ეს ნაკლებად აისახება სამხედრო ქვედანაყოფების ცხოვრებაზე, რადგან კურსდამთავრებულთა უმრავლესობა ან საშტაბო თანამდებობებზე ინიშნება, ან საერთოდ ანებებს თავს სამხედრო სამსახურს და შეძენილ ცოდნას კომერციულ საქმიანობაში აბანდებს.

როგორც ირკვევა, ბოლო დროს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და პრესტიჟული კომერციული სტრუქტურები განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობის კუთხით მომუშავე ოფიცრებზე ნადირობენ. თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, რომელმაც თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველო და გენერალური შტაბის "მშვიდობისათვის პარტნიორობის" განყოფილება რამდენიმე გამოცდილმა თანამშრომელმა დატოვა. წყაროს მტკიცებით, კადრების დენადობის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის შრომის ანაზღაურებაში არსებული ის დისკრიმინაციული სხვაობაა, რომლის აღმოფხვრა მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენს გადაულახავ პრობლემას.

როგორც ირკვევა, სახელმწიფოს მიერ სამხედრო სისტემაში დადგენილი სახელფასო ნიხრის თანახმად, სამოქალაქო პირის მთლიანი ჯამაგირი მხოლოდ თანამდებობრივი სარგოსაგან შედგება, მაშინ, როცა იმავე საშტატო თანამდებობაზე მყოფი სამხედრო პირი იღებს როგორც სამხედრო წოდების, ასევე კვების კომპენსაციის თანხას, რაც დაახლოებით 60 ლარს უტოლდება. საბოლოო ჯამში, სამოქალაქო პერსონალი, რომლის ხვედრითი წილი სამხედრო უწყების მთლიანი საშტატო რაოდენობის მხოლოდ 15%-ს შეადგენს, სამხედროფორმიან კოლეგებზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებ თანხას იღებს. არადა, როგორც ირკვევა, სამოქალაქო პერსონალი არანაკლებ შრომატევად საქმეს ასრულებს.

მაგალითისთვის უნდა ითქვას, რომ უკვე ნახსენები საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველო თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი საკვანძო რგოლია, ხოლო მისი თანამშრომლების კისერზე გადადის მთელი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის მომზადება და მოლაპარაკებების წარმართვა აქტუალურ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებზე. ამ შემთხვევაში ერთადერთ პრივილეგიას, რითაც სამხედრო დიპლომატების შრომის ანაზღაურება ხდება, სამივლინებო დღიური ჯიბის ფულის ეკონომიით მიღებული თანხა წარმოადგენს. მაგრამ თავდაცვის სამინისტროს წინაშე მდგარი მწვავე ფინანსური პრობლემების გამო, სამივლინებო თანხებს სრულად მხოლოდ თავდაცვის მინისტრის ან გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალურ ვიზიტებში ჩართული თანამშრომლები იღებენ, დანარჩენებს კი მივლინებები ან საერთოდ არ უნაზღაურდებათ, ან, საუკეთესო შემთხვევაში, ისინი საერთო თანხის 30%-ს უნდა დაყაბულდნენ.

მიმდინარე წელს, კადრების დენადობის შესაჩერებლად, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ორი გზა აირჩია – მთელი სამოქალაქო პერსონალისთვის ხელფასების გაზრდა დაახლოებით 50%-ით და ახალი ხელშეკრულებების ფორმის შემოღება იმ სამხედროებისთვის, რომლებიც მომავალში დასავლეთის პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლებში სწავლის სურვილს გამოთქვამენ. კონტრაქტის თანახმად, უცხოეთის სასწავლებლიდან დაბრუნებული სამხედრო პირი ვალდებულია, ოთხი წელი მაინც იმუშაოს იმ თანამდებობაზე, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო შესთავაზებს. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტი დაქირავებული პირის მიზიზით დაირღვევა, მას მოუწევს სახელმწიფოს გადაუხადოს ის თანხა, რაც მის განსწავლაზე დაიხარჯა. ხოლო დეფიციტური სამხედრო პროფესიის მქონე ოფიცერი საშტაბო თანამდებობაზე რომ არ დაბერდეს, მისი წინსვლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საბრძოლო ნაწილში მიღებულ პრაქტიკას. ხოლო ასეთი პრაქტიკის გარეშე უმაღლესი სამხედრო ოფიცრის წოდების მიღება საერთოდ შეუძლებელი ჩანს. თუ, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ დაუშვა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ხელგაშლილობა, კონიუნქტურული მოსაზრებებით ჯილდოებისა და წოდებების დარიგების თვალსაზრისით, საყოველთაოდ არის ცნობილი.

კონტრაქტის ასეთი ფორმა აპრობირებულია ცივილიზებულ ქვეყნებში და იგი მხარეთა მკაცრად განსაზღვრულ ურთიერთვალდებულებებს ეფუძნება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ თუ თავად დაარღვევს ამ კონტრაქტის პირობას, მას ადრინდელზე უფრო ხშირად მოუწევს სირბილი და თავის მართლება სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში, სადაც წარსულ წლებში გაუცემელი ხელფასების გამო თავდაცვის სამინისტროს წინაღმდეგ უკვე არსებობს რამდენიმე საქმე.
XS
SM
MD
LG