Accessibility links

მოგესალმებით და გთავაზობთ ყოველკვირეულ


მოგესალმებით და გთავაზობთ ყოველკვირეულ

“ახალგაზრდულ პროგრამას”, რომლის პირველი ნაწილით აბიტურიენტები უნდა დაინტერესდნენ, განსაკუთრებით, ისინი, რომლებიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებენ. გადაცემის მეორე ნაწილში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა იღბლიან ქალბატონს (ოღონდ, არა აბიტურიენტს), რომელმაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების გამოცნობისთვის 10000 ლარი მოიგო. თავისთავად საინტერესოა ფაქტი, რომ “საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკისა” და ინტერნეტ-კომპანია “სანეტის” მიერ ჩატარებული კონკურსის “ინტერნეტ პროგნოზი – მსოფლიო თასი 2002”- ის გამარჯვებული ფეხბურთის გულშემატკივარი ქალი გახდა. ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი მისაღები გამოცდები –2002 და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ უნივერსიტეტის პრორექტორ ბატონ პარმენ მარგველაშვილთან საუბრით შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ მოემზადა უნივერსიტეტი მისაღები გამოცდებისთვის და რამდენად სამართლიანი გამოცდები ელით აბიტურიენტებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ შევსებას ელის. იქ წელს სახელმწიფო სექტორზე 1627, ფასიანზე კი 2640 სტუდენტი უნდა ჩაირიცხოს. წელს პირველად იქნება მიღება ისეთ სპეციალობებზე, როგორიცაა: “აღმოსავლეთ ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი”, “ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ქიმია”, “ფარმაკოქიმია”, “სასტუმრო და ტურისტული ბიზნესი”, “ეკოლოგია და ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა”, “შოუ-ბიზნესის მენეჯმენტი”. კარგა ხანია დამტკიცებულნი არიან საგნობრივი საგამოცდო კომისიების ხელმძღვანელები. უკვე ჩატარდა ღია კარის დღე აბიტურიენტებისათვის. წელსაც ყველაზე მაღალ კონკურსს სამართალმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებზე ელიან. შეიმჩნევა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე კონკურსის ზრდის ტენდენციაც, მაგრამ, ყველაზე მაღალი კონკურსის პირობებში, ადგილზე 4 პრეტენდენტი შეიძლება მივიღოთ.

დრო, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე 10 კაციანი კონკურსი იყო, წარსულს ჩაბარდა. დღესდღეობით სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის კლების ტენდენცია შეინიშნება. ამის მიზეზი შემდეგია: მისაღებ გამოცდებზე ზედიზედ რამდენჯერმე გასვლის პრაქტიკა ფასიანი უმაღლესი სასწავლებლების მომრავლებით მოიშალა. იმასაც ამბობენ, რომ უნივერსიტეტში მოუმზადებელი აბიტურიენტები, უბრალოდ, აღარ მიდიან. ასეა თუ ისე, მისაღები გამოცდების წინ მაინც მუსირებს სამართლიანი გამოცდების მოთხოვნა. არაერთი აბიტურიენტი გამოთქვამს ეჭვს უნივერსიტეტში ჩასატარებელი გამოცდების მიმართ. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი უნდობლობის საფუძველი არსებობს. ყველას კარგად მოეხსენება, როგორ მუშაობდა უმაღლეს სასწავლებლებში “ჩაწყობის” მექანიზმი საბჭოთა პერიოდში, მით უფრო, ვერ გამოვრიცხავთ “ჩაწყობას” დღევანდელ ზეკორუფციულ გარემოში. უნივერსიტეტის პრორექტორი პარმენ მარგველაშვილი კი ირწმუნება, რომ ფასიანი სექტორის არსებობამ მისაღებ გამოცდებზე კორუფციას საფუძველი გამოაცალა. საზოგადოებაში ტრიალებს ჭორი, თითქოს, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უფასო განყოფილებაზე მოუმზადებლად ჩაბარება 10 ან 15 ათას დოლარად შეიძლება. პარმენ მარგველაშვილს არ ესმის, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ასეთ ჭორს.

[პარმენ მარგველაშვილის ხმა] “არსებობს ფასიანი განყოფილება, სადაც მთელი 5 წლის მანძილზე შეიძლება გადაიხადო 3000 დოლარი და არა 10000 და 15000 დოლარი, სადაც არ არის რთული მოწყობა, ვინც აბარებს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და ფასის გადახდა შეუძლია, ყველა ირიცხება. ასეთ პირობებში, არ მესმის, როგორ სჯერათ, რომ შეიძლება გადაიხადო 10 და 15 ათასი და მოეწყო. რას ნიშნავს ეს, არ მესმის. “

პარმენ მარგველაშვილი მისაღებ გამოცდებზე ხარვეზებს არ გამორიცხავს და მიაჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევაში ამა თუ იმ გამომცდელის სამართლიან შეფასებას შეიძლება ნახევარი ქულა დააკლდეს. სხვა შემთხვევაში გამომცდელი საკუთარ შეფასებას ვერ გაამართლებს და გამოცდებიდან მოიხსნება. ბატონ პარმენის გულწრფელობაში ეჭვს ვერ შევიტანთ; ეს არის, რომ თვითონ მისაღები გამოცდების სისტემა ბადებს ეჭვებს. უნივერსიტეტის პრორექტორიც ეთანხმება აზრს, რომ ადამიანის, ჩვენს შემთხვევაში, აბიტურიენტის ბედის ერთჯერადი გამოცდებით გადაწყვეტა სამართლიანი არაა.

[პარმენ მარგველაშვილის ხმა] “უამრავია მაგალითი, როცა ახალგაზრდა შემდეგ მოეშვება და ჩამორჩენილთა რიცხვს მიეკუთვნება, მაშინ, როცა მისაღებ გამოცდებზე გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ის, ვინც ფასიანზე ჩაირიცხა. სასურველია ფასიანსა და უფასოს შორის იყოს მონაცვლეობის შესაძლებლობა. ვინც არ სწავლობს, ის იხდიდეს და, ვინც ძალიან კარგად სწავლობს, სახელმწიფოს ხარჯზე იღებდეს განათლებას. გეთანხმებით, რომ ეს იქნება უფრო სამართლიანი, მაგრამ ამას სჭირდება საზოგადოებრივი აზრის მომზადება და საკანონმდებლო ბაზა. “

ალბათ, მოვა დრო, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო სექტორზე მისაღები გამოცდების გაიოლება და სწავლების გამკაცრება თავის შედეგებს მოიტანს. მანამდე კი თბილისის უნივერსიტეტის აბიტურიენტებს ტრადიციული გამოცდები ელით. მათი ნაწილი აუცილებლად შეაბიჯებს სივრცეში, სადაც, უამრავი პრობლემების მიუხედავად, მაინც არსებობს პირობები ხარისხიანი ცოდნის მისაღებად.

[პარმენ მარგველაშვილის ხმა] “კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ იურისტები, ფიზიკოსები, ანდა მათემატიკოსები და პროგრამისტები საერთაშორისო შეჯიბრებებში უმაღლეს დონეზე გამოდიან. იურისტების გოგონათა ჯგუფმა მეექვსე ადგილი აიღო 87 უნივერსიტეტის შეჯიბრებაში. მართლაც, საკვირველი შედეგია. სახელმწიფო არ არსებობს, განათლებას დაფინანსება არა აქვს და შედეგი ასეთია. მასმედიას ასეთი რამეები არ აინტერესებს და მე გულგატეხილი ვარ ამის გამო. არ აშენდება სახელმწიფო, თუ დადებითი მაგალითებით არ გავიჟღინთებით.”

ვნახოთ, რამდენად მოგვცემს უნივერსიტეტის წლევანდელი მისაღები გამოცდები დადებითი მაგალითების გაშუქების საშუალებას.


ახლა, დაპირებისამებრ, წარმოგიდგენთ ერთ იღბლიან ქალბატონს, რომელმაც 10 ათასი დოლარი მოიგო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შედეგთა გამოცნობისათვის. ჩვენი ათასობით თანამემამულისაგან განსხვავებით, მას ტოტალიზატორში არ უთამაშია, არამედ მონაწილეობა მიიღო საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკისა და ინტერნეტ-კომპანია “სანეტის” ერთობლივ პროექტში “ინტერნეტ-პროგნოზი – მსოფლიო თასი 2002”. პროექტში ჩაერთო 6 ათასამდე ადამიანი, რომელთაც პროგნოზის 4 ვარიანტი უნდა შეევსოთ. თუ ერთზე მეტი გაიმარჯვებდა, საპრიზო ფონდი ყველაზე თანაბრად გადანაწილდებოდა. მაგრამ გაიმარჯვა ერთადერთმა - 33 წლის თბილისელმა ქალბატონმა ქეთევან მხეიძემ და, ისიც, მხოლოდ ერთ ვარიანტში: მან ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად განჭვრიტა ნახევარფინალისტების, ფინალისტებისა და მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა. ამიტომაც მთელი თანხა და “სანეტის” პრიზი – 2 ათასი უფასო ინტერნეტ-საათი მხოლოდ მას დარჩა. დავით პაიჭაძე ჩვენს სტუდიაში ესაუბრა ქეთევან მხეიძეს.
XS
SM
MD
LG