Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხატვრო აკადემიის იუბილე


თბილისის სამხატვრო აკადემიას 80 წელი შეუსრულდა. საბჭოთა ეპოქაში ამ სასწავლებლის დახურვა ხელისუფლებას არაერთხელ უცდია,

მაგრამ აკადემია გადარჩა. დღეს ქართველ მხატვართა, არქიტექტორთა, ხელოვნებათმცოდნეთა უმაღლესი სასწავლებელი სწორედ ხელისუფლების მიერაა მიტოვებული. აკადემია, ფაქტობრივად, მხოლოდ საკუთარი ძალებით ახერხებს არსებობის შენარჩუნებას. თბილისის სამხატვრო აკადემიის იუბილეს, რომლის საზეიმო აღნიშვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე”.

თბილისში უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლის, სამხატვრო აკადემიის, დაარსების პროექტი პირველად 1921 წლის 25 მაისს საქართველოს მხატვართა რესპუბლიკურ კონფერენციაზე განიხილეს. მაგრამ, ეგრეთ წოდებული, “უმაღლესი სამხატვრო ტექნიკური სახელოსნოს” აკადემიად გარდაქმნა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1922 წლის 15 მაისს, გახდა შესაძლებელი. სამხატვრო აკადემიის პირველ რექტორად ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინაშვილი დაინიშნა. აკადემიის დაარსებასთან ერთად, გაიხსნა ოთხი ფაკულტეტი: ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკისა და არქიტექტურის, სადაც ასწავლიდა ყველა მხატვარი, ვისაც იმხანად ქართული საზოგადოება იცნობდა: გიგო გაბაშვილი, ევგენი ლანსერე, ოსკარ შმერლინგი, მოსე თოიძე, ირაკლი თოიძე და სხვები. მოგვიანებით აკადემიის კურსდამთავრებულები პედაგოგების როლში მოგვევლინნენ. ასე რომ, საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობდა მხატვარი, აკადემიასთან ასე თუ ისე რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული.

შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სამხატვრო აკადემიის ისტორია – მეოცე საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაა. აკადემიის ბედი წარმოაჩენს ეროვნული პლასტიკური ფორმის განვითარებას, თაობათა შორის ბუნებრივ ბრძოლას და თაობათა შერიგებას, კონფლიქტებს და ერთობას. თუმცა საბჭოთა ეპოქაში თბილისის სამხატვრო აკადემიის ბედის “დრამატურგია” მაინც ერთ ძირითად კონფლიქტზე – ცენზურასთან ბრძოლაზე იყო აგებული. აკადემია, შეძლებისდაგვარად, ეწინააღმდეგებოდა სტალინური სოცრეალიზმის მოთხოვნებს - სწორედ აკადემიის ისტორიაში აირეკლა, ეგრეთ წოდებული, “ფორმალიზმთან ბრძოლის” ეპოქა. 50-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირში იმპრესიონიზმიც კი “ბურჟუაზიული ხელოვნების გადმონაშთად” იყო მიჩნეული, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები - “ქართველ სამოციანელებად” წოდებული თაობა უკვე დამატებითი ტონებით აზროვნებდა და ქართულ ფერწერაში ფორმათა მოცულობრივ მოდელირებას ამკვიდრებდა. უფროსი თაობა ამ მხატვრებს თითქმის არ უწევდა წინააღმდეგობას. იყო, რა თქმა უნდა, აკადემიიდან გარიცხვის შემთხვევებიც, მაგრამ, თუნდაც ლენინგრადის სამხატვრო აკადემიის ან სურიკოვის სამხატვრო ინსტიტუტისგან განსხვავებით, “ფორმალისტურ ძიებებს” თბილისში კრიმინალად არავინ აღიქვამდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აკადემიას ახალი პრობლემები გაუჩნდა. ხელისუფლების მხრიდან ჩარევა, იდეოლოგიური ცენზურა, რომელსაც აკადემიის პედაგოგები ხან უმკლავდებოდნენ და ხან ვერა, ახალი ხელისუფლების გულგრილობითა და ეკონომიკური პრობლემებით შეიცვალა. აკადემიის უნიკალური ფონდები უპატრონოდ დარჩენილი ძველი შენობის გაგლეჯილ, გახეთქილ კედლებში აღმოჩნდა. 1999 წელს ჩამოიქცა შენობა, სადაც კერამიკისა და კინოს ფაკულტეტები მუშაობდნენ. ეკონომიკური პრობლემების მიღმა თანდათან წარმოჩნდა თაობების, აქამდე მიჩქმალული, შენიღბული, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც არსებული, დაპირისპირება – ის, რასაც ქართული სამხატვრო ცხოვრება ყოველთვის უარყოფდა, გაურბოდა, ეშინოდა.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს აკადემია მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება,” – აღნიშნულია აკადემიის სტუდენტური ფორუმის განცხადებაში. ახლახან აკადემიის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ჯგუფმა შემოქმედებით საზოგადოებას გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია: “რატომ უნდა იყოს 21-ე საუკუნის ახალგაზრდა განწირული საიმისოდ, რომ ახალი კულტურა “სოცრიალიზმის” საფუძველზე ააშენოს?”

რომელ “სოცრეალიზმს” გულისხმობენ მიმართვის ტექსტის ავტორები, როცა, თავად პედაგოგთა მტკიცებით, აკადემიის სტუდენტები დღეს შემოქმედებით ზეწოლას არ გრძნობენ? ამ კითხვით მივმართეთ ჩვენ სტუდენტური ფორუმის ერთ-ერთ ორგანიზატორს, აკადემიის კურსდამთავრებულ გიორგი კევლიშვილს, რომელმაც გვიპასუხა: [გიორგი კევლიშვილის ხმა] “შემოქმედებით ზეწოლას სტუდენტი შეიძლება ვერ გრძნობს, მაგრამ აკადემიის ადმინისტრაციის მიზანი მხოლოდ ის არ უნდა იყოს, რომ არ განახორციელოს ზეწოლა; მან სწორად უნდა წარმართოს სასწავლო პროცესი. არ არის ზეწოლა, მაგრამ არ არის სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი. დავუშვათ, არსებობს სტანდარტი, რომელიც ითვლება ხარისხის სტანდარტად – აკადემიაში ვინც სწავლობს, უნდა ხატავდეს ასე. ჩვენი აზრით, მთავარი ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს სტუდენტის ინტერესები, ის, რაც მას სხვებისგან განასხვავებს... სინამდვილეში, პირიქით ხდება – ფასდება ის, ვინც სტანდარტს კარგად ასრულებს... საკმაოდ ძნელი ასახსნელია, რა არის ეს სტანდარტი “რეალისტური სკოლა” –ასეა განსაზღვრული, კონკრეტული შინაარსი არ დევს.” [სტილი დაცულია]

ასე რომ, აკადემიის სტუდენტური ფორუმის ორგანიზატორები კატეგორიულად მოითხოვენ “მხატვრული’ საზოგადოებისგან ახალი რეალობის გაცნობიერებასა და აკადემიის სისტემის რეფორმას. ასეთი მოთხოვნა კი ისევ აშიშვლებს ძველ პრობლემას – სამხატვრო აკადემია თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების სიმბოლოდ მოიაზრება... თუ აკადემიას უჭირს, ეს იმას ნიშნავს რომ უჭირს მთელ ქართულ მხატვრობას. გიორგი კევლიშვილის თქმით, [გიორგი კევლიშვილის ხმა] “ქართული მხატვრული სკოლა” – გაუგებარია ეს ტერმინი. არ შეიძლება მხატვრული სკოლის დახასიათება ნაციონალური ნიშნით – ეპოქების სტილების განხილვის გარეშე... ანუ სტილურად და მსოფლხედველობით განსხვავებული ხალხი ინათლება ერთ სკოლად... ეს არის ის სტილი, რომელიც აკადემიაში ფორმალიზმთან ბრძოლის პერიოდში ჩამოყალიბდა, რის გამოც ბევრი აღიარებული მხატვარი გარიცხეს აკადემიიდან.”

სამხატვრო აკადემიის პედაგოგთა უმრავლესობა აქამდე იმით ამაყობდა, რომ აკადემია ყოველთვის ინარჩუნებდა ტრადიციული გამოსახვის მეთოდებს, რომ არსებობდა კრიტერიუმის ტრადიციული ცნება – “კარგად აგებული ნახატი”. მაგრამ, როგორც გამოირკვა, სტუდენტები ამ სტერეოტიპის დაძლევასაც ცდილობენ. როგორც რეფორმის ერთ-ერთმა მომხრემ, მომავალმა დიზაინერმა, ნიკა ჩხეიძემ განაცხადა [ნიკა ჩხაიძის ხმა]: “საფუძველი აქვთ იმისა, რომ თქვან – ეს აუცილებელია ყველა შემოქმედისთვის... ამაშიც, ნაწილობრივ, შეიძლება დავეთანხმოთ. პირველ ან მეორე კურსზე შეიძლება, დასაშვებია, რომ, რაც საერთო პრინციპი აქვს აკადემიას, შეიძლება ისწავლებოდეს, მაგრამ, როცა ახალი ექსპერიმენტი არ არის წახალისებული, როცა იმავე დოგმებიდან ფასდება, აუტანელია... თქვენ წარმოგიდგენიათ პროგრამისტი, რომელიც ორ პროგრამაშიც კი არ მუშაობს? მე, მაგალითად დიზაინერი ვარ... მაგრამ კომპიუტერი მაქვს კვირაში ერთხელ... ე.ი. ფორმალურია.... დაახლოებით, იქნება 12 კომპიუტერი და სწავლობს 1200 სტუდენტი. როგორ უნდა განაწილდეს ეს?” [სტილი დაცულია]

აკადემიის რეფორმის მომხრეები გვახსენებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება მუდმივი ექსპერიმენტების სივრცეა და აკადემია, როგორც ამ სივრცის შემადგენელი ნაწილი, ამ საზოგადოების მცირე დინამიკურ მოდელს უნდა წარმოადგენდეს. არსებითად, ყველაფერი ეს არა მარტო სამხატვრო აკადემიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოების პრობლემაა. გიორგი კევლიშვილის თქმით, გამოსავალი მაინც არსებობს[გიორგი კევლიშვილის ხმა]: “გამოსავალი არის იმ სახსრებისადმი, რაც არსებობს, სწორ მიდგომებში, რაზეც დაფუძნებული უნდა იყოს აკადემია. აკადემია მეტად უნდა იყოს დაკავშირებული საზოგადოებრივ პროცესებთან, კულტურულ პროცესებთან... აკადემიის ფუნქცია არის აღზარდოს ისეთი ხელოვანი, რომელსაც ყველა ინსტრუმენტი ექნება სახელოვნებო სივრცეში თავის დამკვიდრებისათვის... პირველ რიგში, ეს ეხება სასწავლო პროცესს. ჩემი აზრით, აუცილებელია არსებითი ცვლილება, სტრუქტურული ცვლილება... აკადემიას აქვს რესურსი, რომლითაც შეუძლია არა მარტო თავი ირჩინოს, არამედ სხვაც შეინახოს: დიზაინერები, კერამიკოსები, მოდელირება. – ეს ის რესურსია, რომელსაც შეუძლია რეალურად შემოიტანოს ფული, რაც მოხმარდება აკადემიას, ყველანაირი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე.”[სტილი დაცულია]

ეს ის რესურსია, რომელსაც არა მარტო ფული შეუძლია შემოიტანოს და არა მარტო თბილისის უძველესი სასწავლებელი, სამხატვრო აკადემია ააღორძინოს... ეს ის რესურსია, რომელსაც შეუძლია გამოაცოცხლოს მთელი ქართული სამხატვრო ცხოვრება, საერთოდ, ეროვნული კულტურა. ამისათვის კი “აკადემიკოსებმა” - სტუდენტებმაც და პედაგოგებმაც, ალბათ, კარგად უნდა გაიაზრონ, რომ შემოქმედება არა აკადემიურ მარწუხებს, არამედ თავისუფლებას გულისხმობს... თუნდაც სამხატვრო აკადემიის შენობის საზღვრებში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG