Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა საქართველოში არსებული კონფლიქტური სიტუაციების შესახებ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი კოდორისა და პანკისის ხეობების პრობლემატიკა კვლავინდებურად რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში რჩება.

3 ივლისის გაზეთი “კრასნაია ზვეზდა” აქვეყნებს ინტერვიუს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასთან. მისი თქმით, “ამჟამად სიტუაცია კონფლიქტის ზონაში სტაბილურია და, ამასთანავე, მწვავე რჩება”. ეს განპირობებულია იმით,- აცხადებს არძინბა,- რომ დღემდე ვერ მოხერხდა კოდორის ხეობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. ხეობის ზედა ნაწილში კვლავინდებურად რჩებიან საქართველოს შეიარაღებული ფორმირებები, რომლებშიც სულ ათას კაცამდეა გაერთიანებული.

გარდა ამისა, არძინბა ამბობს:

“როგორც მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის განმავლობაში მკაფიოდ გამოვლინდა, ქართული მხარე არ აპირებს მოსკოვის შეთანხმებისა და 2 აპრილის ოქმის პირობების შესრულებას, აცხადებს რა, რომ ეს ფორმირებები კოდორის ხეობაში კანონიერად არიან. ყოველივე ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო თავისი კონტროლის ქვეშ აპირებს ამ რაიონის დატოვებას, რათა პერსპექტივაში სამხედრო პლაცდარმად გამოიყენოს ის აფხაზეთის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად”.

ამდენად, “კრასნაია ზვეზდას” რესპონდენტი მიიჩნევს, რომ “საქართველოს ხელმძღვანელობას არ უთქვამს უარი აფხაზეთთან ურთიერთობის ძალისმიერად გადაწყვეტის იდეაზე”. არძინბას თქმით, “ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების დამუშავება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიმდინარეობს”.

ხელისუფალნი ცდილობენ, - ამბობს იგი, - რომ ეს პრობლემა მუდამ იყოს. “საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც “აფხაზეთის პრობლემის” ექსპლუატაციის ხარჯზე არსებობენ. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება იმაში, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლებას ხელსაყრელი პირობები შეექმნება, ძალასაც გამოიყენებს”, - განუცხადა არძინბამ “კრასნაია ზვეზდას”.

5 ივლისის გაზეთი “ვრემია ნოვოსტეი” წერს, რომ “ივლისის შუა რიცხვებამდე ჩეჩენმა ბოევიკებმა უნდა დატოვონ პანკისის ხეობა და რუსეთში გადავიდნენ.
ახმეტის რაიონის პოლიციის უფროსმა ავთანდილ თურქიაშვილმა გაზეთს განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეეფერება: ჩეჩენთა ჯგუფები, რომლებიც ოცი-ორმოცი კაცისგან შედგება, მთებში კარვებს იღებენ და წასასვლელად ემზადებიან”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ, თურქიაშვილის მონაცემებით, ამჟამად ხეობაში, დაახლოებით, სამასი ბოევიკია.“ვრემია ნოვოსტეის” თქმით,

“ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, საქართველოს უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით, ხეობაში, სულ ცოტა, სამჯერ მეტი ჩეჩენი და არაბი დაქირავებული მეომარი იმყოფებოდა. თბილისში ფიქრობენ, რომ მათი რაოდენობის ესოდენ მკვეთრ შემცირებაზე იმოქმედა 64 მილიონ დოლარად შეფასებული “წვრთნისა და აღჭურვის” ამერიკული სამხედრო პროგრამის დაწყებამ, რაც ოთხი კონტრტერორისტული ბატალიონის მომზადებას ითვალისწინებს და, დაახლოებით, ორი ათას სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს.
პენტაგონი არ მალავს, რომ ამ ბატალიონებს ტერორისტებისგან საქართველოს ტერიტორიის გასაწმენდად ამზადებენ”.

საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, “საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო თვეებში საკმაოდ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ბოევიკებმა თავი კომფორტულად ვეღარ იგრძნონ პანკისის ხეობაში. თუმცა საქართველო არ აპირებს ოპერაციის დაჩქარებას, რადგან ფრთხილობს, რომ ჩეჩნებმა არ მოუტრიალონ იარაღი ქართველებს, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა აფხაზეთში”.

ამასთანავე, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ “საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურები ერთობლივად მუშაობენ პანკისის პრობლემაზე, თუმცა მინისტრის მოადგილემ დეტალების აფიშირებისაგან თავი შიეკავა”, - წერს “ვრემია ნოვოსტეი”.
XS
SM
MD
LG