Accessibility links

logo-print

“ტელე-იმედი” “დიღმის ჰოლივუდში” შეიჭრა


ბადრი პატარკაციშვილის სახელი ახლა უკვე ქართულ კინოსაც დაუკავშირეს. კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” გააფორმა ხელშეკრულება “მედია ჰოლდინგისთვის”

შენობის ერთი პავილიონის იჯარით გადაცემაზე. არ არის გამორიცხული, ახალმა ტელევიზიამ, რომელსაც “ტელე-იმედი” ჰქვია, სულ მალე “დიღმის ჰოლივუდად” წოდებული ტერიტორია მთლიანად დაიკავოს.

ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ქართველმა კინორეჟისორებმა კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის სხდომაზე საჯაროდ განაცხადეს, რომ თბილისის უძველესი კინოთეატრის “აპოლოს” გაყიდვა აუცილებლად დააზარალებს მთელ ქართულ კინოს, რომ შენობის გაყიდვის შემდეგ კინოსტუდიაში შემოსული თანხა მაინც არ მოხმარდება კინოსტუდიის ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას და ამ გარიგებით ისევ კინოსტუდიის ადმინისტრაცია იხეირებს. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ამ სხდომის აუდიოჩანაწერი, რომელიც ცხადყოფს, რომ უმუშევარი კინემატოგრაფისტები კინოსტუდია “ქართული ფილმის” ქონებას ასე ადვილად მაინც არ თმობენ.

[კინემატოგრაფისტების ხმა]: “ბატონო მერაბ, ჩვენ ვიცით, საქართველოში როგორ ცხადდება კონკურსი და ისიც ვიცით, ვინ იყიდის... ეს მატარებელი წავიდა... ნიკოლოზი ჩამოვიდა და ოქროს თუმნიანი ჩააგდო?...”

ნიკოლოზი ნამდვილად ჩამოვიდა, ჩააგდო თუმნიანი და ტელევიზიაც გახსნა. თანაც, ქართველი კინემატოგრაფისტების ვნებებიც მოთოკა – მათი ერთი ნაწილი “ტელე-იმედის” პროექტებში ჩართო, დანარჩენებს კი – კინოსტუდიის ტექნიკურ, საწარმოო და შემოქმედებით პერსონალს – შეპირდა, რომ აუცილებლად დაასაქმებს, თუკი კინოსტუდია თავის ერთ-ერთ პავილიონს “ტელე-იმედს” გადასცემს იჯარით.

“ტექნიკური, საწარმოო და შემოქმედებითი...” – სწორედ ასეთი თანმიმდევრობით წარმოგვიდგინა ქართველ კინემატოგრაფისტთა “დასაქმებული” ჯგუფი სტუდიის ხელმძღვანელმა, კინორეჟისორმა რეზო ჩხეიძემ "დილის გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სადაც იგი აღიარებს, რომ იჯარით გადასცა “ტელე-იმედს” კინოსტუდიის მეოთხე პავილიონი და რომ ეს ხელშეკრულება სტუდიის თანამშრომელთა დასაქმებასაც ითვალისწინებს... ანუ, პირველ რიგში, “ტექნიკური” და შემდეგ “შემოქმედებითი პერსონალის” დასაქმებას.

მართლაც, ლოგიკურია, თუკი კინოსტუდიის ექვსივე პავილიონი დიდი ხანია “სიცარიელეში იმტვერება”, თუკი “ქართულ ფილმს,” ფაქტობრივად, ცარიელი კედლები და კიდევ ქართული კინოს კლასიკოსთა ბიუსტების “არაჩვეულებრივი გამოფენაღა” დარჩა, რატომ არ უნდა შევიდეს სტუდიის პავილიონებში ის, ვინც გრანდიოზული პროექტების განხორციელებას ჰპირდება საზოგადოებას და თავის ტელევიზიას “ტელე-იმედს” არქმევს? თუკი სტუდიის კვალიფიციური ტექნიკური პერსონალი უმუშევარი რჩება, რატომ არ შეიძლება ისინი “ნიკოლოზმა დაასაქმოს”? “შემოქმედი ხალხი” კი, მოგეხსენებათ, ჯიუტია... ტექნიკური პერსონალისგან განსხვავებით, მათი მანიპულაცია არც ისე ადვილია... ამიტომაცაა, ალბათ, რომ სტუდიის დირექტორი მათ მხოლოდ “ბოლოში” ახსენებს. თუმცა ამავე ინტერვიუში რეზო ჩხეიძე ქართული კინოს პერსპექტივებზეც საუბრობს და გვახარებს: “მეოთხე კვარტალში ორი ფილმის გამოსვლას ველოდებითო”. ეს იქნება თურმე გიგა ლორთქიფანიძის ფილმი ალექსანდრე ყაზბეგზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი აფინანსებს... და მისი, ე.ი. რეზო ჩხეიძის, ფილმი, სახელწოდებით “ქრისტეს საფლავზე ანთებული სანთლები”.

“შემოქმედებით პერსონალს” კი ისევ არა აქვს ახალი გარიგებების იმედი. ყოველ შემთხვევაში, კინოსტუდია “ქართული ფილმის” ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების პერსპექტივას კინორეჟისორები ასე აფასებენ: [კინემატოგრაფისტების ხმა]: “ყველა მატარებელი გავიდა. სტუდიიდან ახლა ყორღანი თუ გაკეთდება აწი.”
XS
SM
MD
LG