Accessibility links

logo-print

დესტაბილიზაციის “ანატომია” საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პოლიტიკაში ზაფხული მკვდარ სეზონად მიაჩნიათ, ოღონდ არა საქართველოში, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ზაფხულში, პოლიტიკური თვალსაზრისით,

ყველაზე ცხელი მოვლენები ვითარდება ხოლმე. გასული კვირის ბოლოს ჩვენ უკვე გესაუბრეთ საქართველოში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის რამდენიმე შესაძლო ვერსიაზე. დღეს გასული წლის დესტაბილიზაციის “ანატომიას” შეგახსენებთ.

ზაფხულისა და პოლიტიკური დაძაბულობის ურთიერთკავშირის დასაბუთებისთვის რამდენიმე მაგალითის გახსენება კმარა: ერთ-ერთი პირველი ტერაქტი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ სწორედ ზაფხულის მიწურულს, 29 აგვისტოს, მოხდა. 1998 წლის ზაფხულში სახელისუფლებო კრიზისი მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის ნიკო ლეკიშვილის გადადგომით მეტნაკლებად ამოიწურა – მაშინ ნიკო ლეკიშვილის მაგალითი ყველა მინისტრმა გაიმეორა. შარშან, მაისში, გვარდიის ერთდღიან ამბოხს ცოტა მოგვიანებით, ორი თვის შემდეგ, ტელეჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა მოჰყვა, რაც დიდი საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზად იქცა. მერე იყო კოდორის მოვლენები, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის დასაცავად დაწყებული აქციები, სტუდენტური გამოსვლები და მთავრობის გადადგომა. და თუ მაშინდელი გამოსვლების მთავარ მოთხოვნას გავიხსენებთ, – აქციის მონაწილეები ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ, - ფაქტია, რომ შარშანდელი წლის ყველაზე მასობრივი გამოსვლების შედეგმა, მთავრობის გადადგომამ, დასახულ მიზანს, ახალი არჩევნების დანიშვნას, ვერ მიაღწია.

მცირე გადახვევა – საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის იმპიჩმენტი შესაძლებელია, მაგრამ ეს საკმაოდ ხანგძლივი და შრომატევადი პროცესია. თვად პრეზიდენტი შევარდნაძე, მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე მის გამოსვლას თუ გავიხსენებთ, საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვებას ნამდვილად არ აპირებს: [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “შევარდნაძე წავა მაშინ, როცა მისი საკონსტიტუციო ვადა ამოიწურება. არც ადრე და არც გვიან. წავა მაშინ, როცა უნდა წავიდეს. მაგრამ მე ჯერ ორწელიწად-ნახევარი მაქვს დარჩენილი და ბევრს მოვასწრებ.”

რაც შეეხება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, საქართველოს კონსტიტუცია ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, თუ უახლოეს ხანში ისევ გააქტიურდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თემა, პარლამენტს ჯერ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე მოუწევთ ზრუნვა.
რა შეიძლება იქცეს ვითარების დაძაბვის მორიგ საბაბად? - საეჭვოა, ეს ლევან მამალაძის თემა იყოს. თავის დროზე, როცა აუცილებელი გახდა, პრეზიდენტი შევარდნაძე აუღელვებლად დაემშვიდობა თავის ისეთ უახლოეს თანამებრძოლებს, როგორიც იყვნენ უშიშროების მინისტრი შოთა კვირაია და შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე. შესაბამისად, საეჭვოა, ლევან მამალაძის თანამდებობიდან გათავისუფლება მისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდეს. დაძაბულობის კიდევ ერთ საბაბად, შესაძლოა, თბილისის საკრებულოს ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობა იქცეს. მართალია, 8 ივლისს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თითქოსდა, შეთანხმდა ბიულეტენების გადათვლის წესზე, მაგრამ გადათვლის პროცედურას ორი თვე მაინც დასჭირდება. თანაც, არავინ უწყის, რა მოჰყვება გადათვლას – რამდენად შეძლებენ თბილისის საკრებულოს გამარჯვებული პარტიები შედეგის შენარჩუნებას. მეორე მხრივ, თბილისის საკრებულოს შეზღუდული პოლიტიკური წონის გათვალისწინებით, საეჭვოა, გადათვლის შედეგები დიდად განსხვავებული აღმოჩნდეს პირველი მონაცემიდან.

სამაგიეროდ, პოლიტიკური დაპირისპირების კარგ საბაბად აუცილებლად იქცევა იმ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც საქართველოში მინისტრთა კაბინეტის შემოღებას ითვალისწინებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პროექტის განხილვას პარლამენტი შემოდგომაზე შეუდგება.
XS
SM
MD
LG