Accessibility links

logo-print

ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გაერთიანების პროცესს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტის ჰაჯი აბდულ ყადირის შაბათს მოწყობილმა მკვლელობამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის მცდელობას,

საკუთარ მთავრობას პუშტუნების მხარდაჭერა შეუნარჩუნოს.

თავად ყადირი პუშტუნი იყო. მის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე შეერთებული შტატების ავიაციამ შეცდომით დაბობმა პუშტუნების სოფელი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. დაიღუპა, სულ ცოტა, 48 ადამიანი. ამ ორმა ინიციდენტმა პუშტუნების აღშფოთება გამოიწვია. არადა, ისინი ავღანეთის ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. ხსენებულმა ინციდენტებმა კიდევ უფრო გაუმაგრა ზურგი მოსაზრებას, რომ ჰამიდ კარზაი, თავადაც პუშტუნი, ვაშინგტონთან კავშირებს რიგითი პუშტუნების ხარჯზე ამყარებს.

ყადირი გახლდათ “ჩრდილოეთის ალიანსის” წამყვანი პუშტუნი წევრი, რომელიც მხარს უჭერდა თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლას. ის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი პუშტუნებსა და ეთნიკურ ტაჯიკებს შორის “ჩრდილოეთის ალიანსში”, რომლის წარმომადგენლები აშკარად დომინირებენ ავღანეთის მთავრობასა თუ სამხედრო ძალებში.

ყადირი, რომლის დაკრძალვას კვირას 10 ათასამდე ადამიანი დაესწრო, ასრულებდა საკვანძო როლს კარზაის სტრატეგიაში, კაბინეტში პოსტების შეთავაზებით ქაბულში მიეზიდა ქვეყნის ძლევამოსილი სამხედრო ლიდერები და, ამგვარად, ცენტრალური მთავრობის გავლენა მთელს ქვეყანაზე გაევრცელებინა.

საეჭვოა, ყადირის მკვლელობის შემდეგ რეგიონულმა სამხედრო მეთაურებმა ქაბულში ჩასვლა და საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება მოისურვონ. საფრთხე კი, როგორც მკვლელობამაც დაადასტურა, რეალურია, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში მოქმედებენ საერთაშორისო მშვიდობისდამცველები თურქეთის მეთაურობით.

არც ის არის გამორიცხული, რომ ჯალალაბადში, ნანგაჰარის პროვნიციის დედაქალაქში, სადაც ყადირი გუბერნატორი იყო, მისი ადგილის დასაკავებლად ბრძოლა გააჩაღონ “წვრილფეხა” სამხედრო მეთაურებმა. ამ რეგიონს “ალ ყაიდის” წევრები პაკისტანში გადასასვლელად იყენებენ და თუ იქ ბრძოლა დაიწყო, შეერთებულ შტატებს კიდევ უფრო გაუჭირდება ალყაიდელთა წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელება.

ამასობაში, გასულ კვირაში შეცდომით განხორციელებულმა საჰაერო იერიშმა, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, გააძლიერა კრიტიკა ვაშინგტონის პოლიტიკის მისამართით: როგორც ავღანეთის ოფიციალური პირებისა და ევროპის ქვეყნების, ისე თვით შეერთებული შტატების ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდანაც. კრიტიკოსთა თქმით, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ვერ ჩამოაყალიბა ვერც პოლიტიკური და ვერც ეკონომიკური სტრატეგია. მათი აზრით, საჭიროა ავღანეთის ცენტრალური მთავრობისა და ეკონომიკის განმტკიცება და არა “ალ ყაიდისა” და თალიბანის წევრებზე გაუთავებელი ნადირობა.

გასულ კვირაში ესპანეთის ქალაქ კორდოვაში, დონორი ქვეყნების კონფერენციაზე, განიხილეს ავღანეთის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფონდების უკმარისობის საკითხი. ითქვა, რომ ავღანეთისთვის წლეულს დაპირებული 1,8 მილიარდი დოლარიდან ჰუმანიტარულ დახმარებასა და მცირემასშტაბიან პროექტებზე უკვე მილიარდზე მეტი დაიხარჯა.

კარზაის ეს არ მოსწონს. პარასკევს მან კორდოვაში დარეკა და იქ თავშეყრილთ უთხრა, რომ მისი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის და, განსაკუთრებით, საავტომობილო გზების ქსელის აღდგენა. და ფულიც, მისი თქმით, სწორედ ამაზე უნდა დაიხარჯოს, რადგან ეს სამუშაო ადგილებსაც შექმნის და ქვეყნის რეგიონებსაც დააკავშირებს ერთმანეთთან.
XS
SM
MD
LG