Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდსი საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი შიდსის საკითხებზე ბარსელონაში დაწყებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვეულია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისა და შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის შემთხვევათა რეგისტრაცია, კვლევა და პროფილაქტიკა საქართველოში 6 წლის წინათ დაიწყეს და დღემდე, ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში, ასეთი შემთხვევათა რიცხვი მხოლოდ იზრდება. დღეს გაგაცნობთ საქართველოში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ინფექციისა და შიდსის ეპიდსიტუაციის რადენიმე მონაცემს

საქართველოში დღესდღეობით რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 320 შემთხვევა, აქედან 278 მამაკაცია, 42 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 18-დან 40 წლამდე ასაკისაა. 47 ადამიანი გარდაიცვალა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში მიაჩნიათ, რომ რეგისტრირებული 320 შემთხვევა ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტისა და ვირუსის გავრცელების რეალურ დონეს არ ასახავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ექსპერტების ვარაუდით, საქართველოში ეს რიცხვი 1500-ზე მეტი უნდა იყოს. შიდსის პროფილაქტიკის განყოფილების გამგემ, ქეთევან სტვილიამ ჩემთან საუბრისას თქვა, რომ ეს ვარაუდი ზომიერ გათვლებს ემყარება, რადგან ჩვენისთანა განვითარებად ქვეყნებში რეალური მაჩვენებლები 8-10-ჯერ აღემატება რეგისტრირებულს. [ქეთევან სტვილიას ხმა]: “ჩვენ კი ავიღეთ უფრო ზომიერი კოეფიციენტი. საქართველოში ინფექციის განვითარებას რომ ვაკვირდებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ტემპი უფრო ნელია, თუმცა ეს 1500-ც ამ ქვეყნისთვის უკვე საგანგაშოა”.

როგორ ვრცელდება, რა გზით გადაეცემა შიდსის ვირუსი საქართველოში? რეგისტრირებულ შემთხვევათა 70%-ის მიზეზი ინტრავენური ნარკომანიაა. 24% ჰეტეროსექსუალურ კონტაქტებზე მოდის, 3,5% - ჰომო- და ბისექსუალურ კონტაქტებზე. იშვიათად ავადდებიან სისხლის რეციპიენტები და უფრო იშვიათად ვირუსი ვერტიკალური გზით ანუ დედისგან შვილს გადაეცემა. ინფიცირების შემთხვევათა რეგისტრაცია საქართველოში 1996 წელს დაიწყეს და იმ დროიდან ყოველ წელს ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს. 2002 წელს, დღემდე 40 შემთხვევაა რეგისტრირებული.

საქართველოში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისა და შიდსის შემთხვევათა ზრდას, ქეთევან სტვილიას თქმით, შემდეგი ფაქტორები განაპირობებს [სტვილიას ხმა]: “პირველ რიგში, ნარკომანიის ფართოდ გავრცელება, მიგრაცია და საერთაშორისო კონტაქტები. გარდა ამისა, საქართველო მართლაც სატრანზიტო ქვეყანა გახდა – არა მარტო სხვადასხვა ტვირთის, არამედ ნარკოტიკებისთვისაც. შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონე დაბალია, უსაფრთხო სექსის პრინციპებიც ნაკლებ გავრცელებულია საქართველოში. ეს ყველაფერი, ერთად აღებული, საქართველოს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის”.

ამას ემატება მატერიალური პრობლემები: სადიაგნოსტიკო აღჭურვილობის, ტესტ-სისტემების, სამკურნალო პრეპარატების, ერთჯერადი შპრიცების, სასტერილიზაციო საშუალებებისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების ნაკლებობა.

შიდსი, მართალია, რჩება უკურნებელ ავადმყოფობად, მაგრამ დღეს ის კონტროლირებადი სნეულებაც არის. სათანადო უწყვეტი მკურნალობის შემთხვევაში ინფიცირებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოში ასე მხოლოდ 5 ადამიანს მკურნალობენ. ეს ხუთი პიროვნება რამდენიმე წლის წინ პირველად დაარეგისტრირეს შიდსის ცენტრში, რის შემდეგაც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო შიდსით დაავადებულთა მკურნალობის ხარჯები. დრო გავიდა, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ სახელმწიფო მე-6 წელია, 5 კაცზე მეტს ვერ გაწვდა. ერთი ადამიანის მკურნალობა კი წელიწადში 10 ათასი დოლარი ჯდება.
XS
SM
MD
LG