Accessibility links

საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარი ყალიბდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირება 4 წლის წინ დაიწყო, ერთი კვირის წინ კი სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების მეორადი ვაჭრობა შედგა,

რითაც ქართულ ფასიანი ქაღალდების ბაზარს ერთი სერიოზული ინსტრუმენტი შეემატა. გესაუბრებით თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული პირველი ვაჭრობის შესახებ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ ემიტირებულ სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებათა გამოშვების შემდეგ მუდმივად იდგა ამ ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის ფორმირების საკითხი. თავად ამ ტიპის ინსტრუმენტის გამოყენება ყველაზე ცივილიზებული მეთოდია სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავდ. ამ ინსტრუმენტის ამუშავებას უკვე დიდი ხანია გვირჩევენ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ექსპერტები.

სხვადასხვა ქვეყანაში ამ ტიპის ფასიანი ქაღალდები ფულის დაბანდების ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საშუალებაა. მართალია, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი, შესაძლოა, ოდნავ დაბალი იყოს სხვა ტიპის ქაღალდების სარგებელთან შედარებით, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს ვალდებულება გაცილებით დაბალი რისკის მატარებლადაა მიჩნეული, რადგან ემიტენტად სახელმწიფო გვევლინება. შესაბამისად, ნდობა სახაზინო ვალდებულებების მიმართ უფრო მაღალია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გააჩნია სახელმწიფოს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფო თავისი მოსახლეობის მხრიდან მაინცდამაინც მაღალი ნდობით ვერ დაიკვეხებს, არ ყოფილა შემთხვევა სახაზინო ვალდებულებათა დაფარვა შეფერხებულიყოს. ამ ბაზარზე ოპერირებენ, ძირითადად, კომერციული ბანკები, რომელთაც წლების განმავლობაში შეიმუშავეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მართვის მექანიზმი. სავარაუდოა, რომ მეორადი ბაზრის ძირითადი ოპერატორებიც ბანკები იქნებიან.

საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია ჯერ იმ მასშტაბებს არ აღწევს, რომ მისი მეშვეობით საბიუჯეტო პროცესები იმართებოდეს, თუმცა თანდათანობით ჩვენთანაც უნდა დამკვიდრდეს ფასიანი ქაღალდებით ოპერირების ცივილიზებული წესი. ამ სეგმენტის განვითარებას ხელს უშლიდა მეორადი ბაზრის უქონლობა; უამისოდ კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო სახაზინო ვალდებულებების, როგორც ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტის, დამკვიდრება და ამით მისთვის დამატებითი მომხიბვლელობის მინიჭება. გასულ კვირას თბილისის ბანკთაშორის ბირჟაზე ჩატარებული პირველი აუქციონით კი ეს პრობლემა ნელ-ნელა მოიხსნება.

პირველ აუქციონზე ორი გარიგება შედგა და მასში მონაწილეობა 6 კომერციულმა ბანკმა მიიღო. პირველ გარიგებაზე 29, ხოლო მეორეზე 30 პროცენტი დაფიქსირდა. საერთო გარიგებათა მოცულობამ 91 ათასი ლარი შეადგინა. მეორადი ბაზრის გაჩენით, ეს სეგმენტი შევიდა იმ სტადიაში, როდესაც შესაძლებელია დაფარვის ვადამდე მისი ყიდვა-გაყიდვის განხორციელება. ეს კი ამ სეგმენტს დამატებით მომხიბვლელობას მიანიჭებს და უფრო მოქნილი საბირჟო თამაშის საშუალებას მისცემს.

თავად ვაჭრობის ფორმა ელექტრონულია, იგი ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ პრინციპებს და რეალურ დროში ანგარიშსწორების შესაძლებლობას იძლევა.

ექსპერტთა შეფასებით, პირველ აუქციონზე შემდგარ გარიგებათა მოცულობა, ბუნებრივია, უმნიშვნელოა, მაგრამ საინტერესოა თავად ამგვარი ვაჭრობის დაწყების ფაქტი, რამაც საქართველოში ორგანიზებული მეორადი ბაზრის არსებობას დაუდო სათავე. ამიერიდან ბაზრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, სახაზინო ვალდებულებების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები დაფარვის ვადამდე მოახდინონ, ხოლო საბირჟო სესიაზე სახაზინო ვალდებულებების რეალური ლიკვიდურობა ვაჭრობისას მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით განსაზღვრონ.
XS
SM
MD
LG