Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამი შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ციხეებში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გასულ კვირაში შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა კონფერენცია,

რომელიც მიეძღვნა საკითხს, ხდება თუ არა ამერიკისა და ბრიტანეთის ციხეებში მუსლიმან პატიმართა მიერ სხვა პატიმრების მაჰმადიანებად მოქცევა და, შემდეგ, ტერორისტულ საქმიანობაში მათი ჩათრევა. ჩვენი დღევანდელი პროგრამა “ათასწლეულთა მიჯნაზე” სწორედ ამ საკითხს ეხება.

ბრიტანელი რიჩარდ რიდი შარშან, დეკემბერში, ბოსტონის აეროპორტში დააკავეს, როცა ფეხსაცმელში ასაფეთქებელი მასალა უპოვეს. ვარაუდობენ, რომ ის, ტრანსატლანტიკური ფრენის დროს, თვითმფრინავის აფეთქებას აპირებდა.

ხოსე პადილას თაობაზე შეერთებული შტატების ხელისუფლებას აქვს ეჭვი, რომ ამერიკის ტერიტორიაზე ის თვითნაკეთი, რადიოაქტიური ნივთიერებით დატენილი, ე.წ. “ჭუჭყიანი ბომბის” აფეთქებას გეგმავდა.

ორივე დასახელებული პირი მაჰმადიანია, ისლამი ორივემ პატიმრობაში, სასჯელის მოხდისას მიიღო. იბადება კითხვა: ხომ არ არის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ციხეები ნოყიერი ნიადაგი ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელებისთვის?

რიჩარდ რიდმა ისლამი ინგლისის ციხეში მიიღო. მისი თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი რელიგიურ ექსტრემისტებს დაუკავშირდა, რის შედეგადაც გაჩნდა ატლანტის ოკეანის თავზე თვითმფრინავის აფეთქების იდეა.

ამერიკელი ხოსე პადილა ციხეში ძალადობისთვის მოხვდა, ხოლო იქიდან აბდულა ალ-მუჰაჯირის სახელით გამოვიდა.

ამ ორმა შემთხვევამ როგორც შეერთებულ შტატებში, ისე დიდ ბრიტანეთში, საზოგადოების ყურადღება მიაპყრო ციხეებში ისლამის როლს. დაისვა კითხვა, ხომ არ არის ციხეები ისეთი ადგილი, სადაც ფუნდამენტალისტები ადვილად პოულობენ ისლამის მიღების მსურველებს და, შესაძლოა, პოტენციურ ტერორისტებსაც კი.

გაზეთ “უოლ სტრიტ ჯორნალში” ჩაკ კოლსონმა გამოთქვა აზრი, რომ საქმე სწორედ ასეა. 70-იან წლებში კოლსონმა თვითონ მოიხადა სასჯელი დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებული იყო უოტერგეიტის სკანდალთან (შეგახსენებთ: ამ სკანდალის შედეგად, პრეზიდენტი რიჩარდ ნიკსონი იძულებული გახდა, გადამდგარიყო).

ამჟამად კოლსონი სათავეში უდგას ქრისტიანულ ორგანიზაციას სახელწოდებით “საპატიმროების მღვდელთა გაერთიანება”.
“ისლამი, მისი რადიკალური ვარიანტი, რომელიც გაღიზიანებითა და ბრაზით იკვებება, დომინირებს ჩვენს ციხეებში. “ალ ყაიდის” სავარჯიშოები საგანგებოდ გამოყოფს ამერიკელ პატიმრებს, როგორც ისლამში მოქცევის კანდიდატებს, ვინაიდან, როგორც ინსტრუქციაშია ნათქვამი, ამ ადამიანებს, შესაძლოა, გული ჰქონდეთ გატეხილი თავიანთი ქვეყნის პოლიტიკაზეო”, წერს კოლსონი.

მისივე თქმით, ექსპერტები შიშობენ, რომ ტერორისტების შემდეგ ნაკადს სწორედ ეს იმედგაცრუებული ახალგაზრდები შეადგენენ. აშშ-ის მოქალაქეობა მათ საკუთარი ბოროტი ზრახვების შესანიღბად შეიძლება გამოიყენონო, წერს კოლსონი.

მაგრამ ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს. ექსპერტებმა, რომლებსაც რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტები ესაუბრნენ, თქვეს, რომ შიში გაზვიადებულია და ამგვარი ტერორიზმის ცალკეული შემთხვევების განზოგადება არ შეიძლება.

ისინი აღიარებენ, რომ გზააბნეული და საკუთარი ქვეყნით უკმაყოფილო ახალგაზრდამ, შესაძლოა, უფრო ადვილად მიიღოს ისლამი, ვიდრე სხვა სარწმუნოება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ექსტრემისტად იქცევა. ეს ექსპერტები აღნიშნავენ, აგრეთვე, რომ ციხეებში ისლამი პატიმრებს ხშირად გამოსწორების გზაზე აყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორისტების რეკრუტირებისთვის ციხეები ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი ადგილია.

რობერტ დენინი, ავტორი წიგნისა “შავი პილიგრიმობა ისლამისკენ”, აღნიშნავს, რომ ამერიკელ მუსლიმანთა უმრავლესობამ ისლამი სწორედ ციხეში ყოფნისას მიიღო და მათი უმრავლესობა შავკანიანია.

პოლიციას მოეპოვება როგორც პატიმართა საქმეები, ისე მათი თითების ანაბეჭდები. ამიტომ, დენინს ეჭვი ეპარება, რომ ეს მოქცეული მაჰმადიანები ტერორისტულ საქმიანობაში გამოიყენონ ორგანიზაციებმა, რომლებიც კანდიდატების შერჩევისას მუდამ დიდ სიფრთხილეს იჩენენ.

[რობერტ დენინის ხმა] “არ მგონია, მათ მთელი ქსელი ჩააგდონ საფრთხეში რთული ტერორისტული ოპერაციებისთვის ისეთი ხალხის გამოყენებით, რომლებიც შეერთებული შტატების სისხლის სამართლის ორგანოებს აღრიცხვაზე ჰყავს აყვანილი. ამის მტკიცება აბსურდი იქნებოდა.”

დენინი აღიარებს, რომ შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევები, მაგრამ დასძენს, რომ ყველა მოქცეულის საეჭვო პირად გამოცხადება დაუშვებელია. ამერიკელი ექსპერტი შიშობს, რომ მორიგი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ეს ადამიანები, შესაძლოა, განტევების ვაცებად აქციონ.

ზოგიერთის აზრით, პატიმრობა უსუსურობისა და გულგატეხილობის გრძნობებს აღვივებს და პატიმრის ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება ბოროტი საქმეებისთვის.

ამ საკითხს სხვაგავარად უყურებს ჩიკაგოს კონფერენციის მონაწილე სეიდ საიდი, ჩრდილოეთი ამერიკის ისლამური საზოგადოების გენერალური მდივანი. მისი თქმით, ისლამი, პირიქით, აკეთილშობილებს მოქცეულს. საიდი აღიარებს, რომ შეიძლება იყოს გამონაკლისიც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქცეული არასწორად გაიგებს ისლამს. არსებობს თუ არა გარანტია იმისა, რომ მოქცეული ისლამის სწორ ინტერპრეტაციას მოახდენს? ამაზე საიდი არაფერს ამბობს.

ინგლისისა და უელსის საპყრობლეთა უმრავლესობაში მუსლიმანურ ღვთისმსახურებას იმამები ახორციელებენ. შარშან ამ ციხეებში 4 300 მუსლიმანი იჯდა. პატიმართა შორის ეს არის სიდიდით მესამე და ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგიური ჯგუფი.

უორიკის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ჯიმ ბეკფორდმა ჩაატარა გამოკველვა ბრიტანეთის მუსლიმან პატიმართა შორის. მისი თქმით, ბრიტანეთის ციხეებში, თუ პატიმართა სახელებით ვიმსჯელებთ, მაჰმადიანობა მიღებული აქვს 500-600 პატიმარს.

11 სექტემბრის შემდეგ ზოგიერთ იმამს საყვედური გამოუცხადეს არასათანადო რიტორიკის გამო. ციხეების ღვთისმსახურებს მოსთხოვეს, არ აწარმოონ პატიმრებთან დისკუსიები გამაღიზიანებელ თემებზე.

ამასთან, ბეკფორდი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება, მნახველებისა და იმამების შემოწმებით, თვალყურს ადევნებს, რომ ქვეყნის ციხეებში ფეხი არ მოიკიდოს რადიკალურმა ისლამმა. ბეკფორდის თქმით, მისთვის ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როცა, ახალგაზრდები, რომლებიც დაუახლოვდნენ ციხეში მუსლიმანებს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაუკავშირდნენ რადიკალურ ისლამისტებს, ბრიტანეთსა და მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ბეკფორდი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა.

ბრიტანეთში იმამები, ვიდრე მათ ციხეებში გაგზავნიდნენ, მომზადებას გადიან ფონდ “იყრას” ხელმძღვანელობით. ჩვენს რადიოსთან საუბარში ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელმაც სახელის გამხელა არ მოისურვა, თქვა, რომ ფუნდამენტალისტთა მიერ მომხრეების გადაბირებისთვის, ციხეები ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი ადგილია, ვინაიდან იმამებთან ერთად საკნებში ყოველთვის არიან ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მისივე თქმით, ბრიტანეთში დაბადებული ის სამი მაჰმადიანი ახალგაზრდა, რომელთაც ავღანეთში, თალიბანის რიგებში ბრძოლაში ადანაშაულებენ და რომლებიც ამჟამად გუანტანამოს ბანაკში იმყოფებიან, ფუნდამენტალისტებმა მეჩეთებში გადაიბირეს. პატიმრობაში მათგან არც ერთი არ ყოფილაო, დასძენს “იყრას” წარმომადგენელი.
XS
SM
MD
LG