Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტების მოგვარებისადმი მიძღვნილი “ვილტონ პარკის” (დიდი ბრიტანეთი) კონფერენცია


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ამ დღეებში დიდ ბრიტანეთში გაიმართა კონფლიქტების პრევენციასთან დაკავშირებული ტრადიციული კონფერენცია, რომელიც “ ვილტონ პარკის” კონფერენციის სახელწოდებით არის ცნობილი.

“პირობების შექმნა მშვიდობისათვის” - ასე ერქვა ამ შეხვედრას, რომელშიც, ჩვეულებისამებრ, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოდან იყვნენ განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე და “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის” პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი.
კონფერენციის შესახებ საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრს ვესაუბრე.

კონფერენციის ორგანიზება ითავეს ნიუ-იორკის მშვიდობის საერთაშორისო აკადემიამ და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტმა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, გაეროსა და ეუთოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებების თანამშრომლები და ცნობილი ექსპერტები.
ჩვენი დელეგაციის გამგზავრებას დიდად შეუწყო ხელი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ და, პირადად, ელჩმა დებორა ბარნს-ჯონსმა. საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე აღნიშნავს:
[კაკაბაძის ხმა] “საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი -განსაკუთრებით კი, ბოლო დროს - საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში. ალბათ, დიდ საიდუმლოებას არ გავცემ, თუ ვიტყვი, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეულ ნაბიჯებთან გვექნება საქმე, რაც გულისხმობს დიდი ბრიტანეთის მონაწილეობას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების სფეროში”.

“ვილტონ პარკის” კონფერენციაზე საქართველოს პრობლემატიკას ერთ-ერთ სპეციალურ სამუშაო ჯგუფში განიხილავდნენ. ჯგუფის მუშაობას უძღვებოდა “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ცენტრის” პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. მან საკმაოდ ვრცელი მოხსენებაც წაიკითხა - დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში არსებული კონფლიქტების გარშემო, აგრეთვე, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესახებ.
გარდა ამისა, საქართველოს წარმომადგენლები აქტიურად ერთვებოდნენ პლენარული სხდომების მუშაობაში. როგორც მალხაზ კაკაბაძე ამბობს, “ყოველთვის ვცდილობთ, რომ მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სიმართლე აფხაზეთის პრობლემის შესახებ. ამასთან ერთად, მსოფლიოში უნდა იცოდნენ, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით. [კაკაბაძის ხმა] “ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად, არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებრიობას, რომ, რაც შეიძლება, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რომ როგორმე მოვახერხოთ მონოპოლიური როლების დაძლევა და მშვიდობის დამყარება ამ რეგიონში. პირველ რიგში, ეს გულისხმობს დევნილების დაბრუნებას, საქართველოს იურისდიქციის აღდგენას და ა.შ.”

“ვილტონ პარკის” კონფერენცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, პლენარული სხდომების შემდეგ კამათი იმართებოდა. “აშკარად იგრძნობოდა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სიმპათიები საქართველოს მხარეზეა”, - ამბობს მალხაზ კაკაბაძე.
ნათქვამის თაობაზე ბატონ მალხაზს ვუთხარი, რომ ბოლო დროს, ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, ამერიკისა და რუსეთის თანამშრომლობის გააქტიურების გამო, შეერთებულმა შტატებმა ერთგვარად “გაწირა” საქართველო. ამის მაგალითად კი მოჰყავთ ამერიკელთა რეკომენდაცია რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის მანდატის გაგრძელების თაობაზე. მინისტრისთვის სრულიად მიუღებელია ასეთი მოსაზრება.

[კაკაბაძის ხმა] “ორი დიდი სახელმწიფოს პოზიციების გარკვეული დაახლოება აბსოლუტურად ნორმალური პროცესია და განსაკუთრებული განვითარება ამან მიიღო შარშანდელი 11 სექტემბრის შემდეგ. და მე მინდა დავარწმუნო ყველა, ვინც კი მსგავს განცხადებას გააკეთებს, რომ ამ ორი ქვეყნის დაახლოება მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ იმოქმედებს ჩვენს პრობლემებზე.”

მალხაზ კაკაბაძის თქმით, დიდ ბრიტანეთში გამართულმა კონფერენციამაც თვალნათლივ აჩვენა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა და, კერძოდ, აშშ ყველანაირად ცდილობს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას და, ამდენად, საქართველოს ინტერესების შებღალვაზე ფიქრიც კი ზედმეტია.
XS
SM
MD
LG